ევროპაში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევა ერთადერთი დედოფლის შემოსვლით დაიწყო
ინვაზიურ სახეობებს მათ "დასახვედრად" მოუმზადებელ ეკოსისტემებში გამრავლების საოცარი უნარი აქვთ, პროცესში კი ირგვლივ ქაოსს თესავენ.
გამონაკლისი არც აზიური კრაზანაა (Vespa Velutina), რომელიც მეთაფლია ფუტკრებზე, ბუზებსა და სხვა მწერებზე ნადირობის პროცესში ჰაბიტატს ყოველწლიურად 80 კილომეტრზე მეტით აფართოვებს.
დაახლოებით 20 წლის წინ, ეს უძლიერესი სახეობა ევროპაში პირველად გამოჩნდა, ხოლო 2016 წელს ინგლისის არხი გადალახა და ბრიტანეთის მიწაზეც დადგა ფეხი.
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ინვაზიური გავრცელების უკან ერთადერთი დედოფალი კრაზანა დგას, რომელიც 2004 წელს ჩინეთიდან საფრანგეთში მოხვდა.
"ჩვენმა კვლევამ დაკავებულ ტერიტორიაზე ეუსოციალური მწერების გავრცელების საოცარი პოტენციალი გამოაჩინა. ეს ხდება მაშინაც კი, როცა გენეტიკური განსხვავება ძალიან მცირეა", — განაცხადა კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკოლოგმა საიმონ ჰარისონმა
ზოოლოგი ეილინ დილენის გუნდმა 2021 წელს ირლანდიაში პირველად დაფიქსირებული აზიური კრაზანის სამი გენი შეისწავლა და შეადარა ისინი კონტინენტური ევროპიდან აღებულ ნიმუშებს. ყველა ეს გენი მიტოქონდრიული იყო და მდედრობითი ხაზით გადაეცემოდა.
"ცალკეულ გენზე ჩატარებული ადრეული შრომები აჩვენებდა, რომ ევროპაში გავრცელებული აზიური კრაზანები ერთსადაიმავე გენეტიკურ ხაზს იზიარებდნენ. ჩვენ ეს იდეა უფრო შორს წავიყვანეთ და დამატებით ორი გენი შევისწავლეთ, რომელიც უფრო გამოსადეგი იქნებოდა ინვაზიური სახეობების ვარიაციების დასადგენად", — განაცხადა დილენმა
კვლვევამ აჩვენა, რომ დუბლინში აღმოჩენილი კრაზანა დედის ხაზით მთელ ევროპაში გავრცელებულს ენათესავება.
გუნდი ასკვნის, რომ მთელს ევროპაში გავრცელებული ყველა აზიური კრაზანა 15-20 წლის წინ შემოსული ერთი დედოფლის შთამომავალია.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც გიგანტური კრაზანა ბუნებრივი სახეობაა, მეთაფლია ფუტკრებს თავდაცვისა და პოპულაციის გაფრთხილების მექანიზმი აქვთ. ისინი ჯგუფდებიან, ქმნიან ბურთს, რომლის შუაშიც აქცევენ კრაზანას და კლავენ. სამწუხაროდ, ევროპულ მეთაფლიებს ეს მექანიზმები არ აქვთ, რაც მეფუტკრეებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მარტივი საკბილოს არსებობის პირობებში, ბუნებრივია აზიური კრაზანა უფრო და უფრო გამრავლდება.
საბედნიეროდ, აზიური კრაზანა, ევროპულისგან განსხვავებით, ადამიანის მიმართ აგრესიით არ გამოირჩევა. ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნიდა, რადგან მისი ნაკბენი ძალიან საშიშია.
მეცნიერების თქმით, ამ საფრთხეს ძალიან აგრესიული ბრძოლა სჭირდება, რადგან კლიმატურ ცვლილებებთან ერთად უფრო და უფრო შეუქცევადი გახდება.
კვლევა ჟურნალ Journal of Hymenoptera-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები