ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, კან ტანიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 27 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი კი — მეორე მონტე-კარლო.

  • "ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

დეტალები: კან ტანია არარსებულ "სუვერენიტეტსა" და "თავისუფლებაზე" საუბრობს და ტრადიციულ პრორუსულ გზავნილებს აჟღერებს, მათ შორის — "სამშვიდობო შეთანხმებას".

  • "აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან არანაირ ფულზე არ გაერთიანდება, ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სუვერენიტეტს და არ ვვაჭრობთ თავისუფლებით.
  • მაგრამ თქვენს განცხადებაში არის რამდენიმე საღი წინადადება, კერძოდ, მოსაზრება, რომ აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო.
  • ამისათვის თქვენ კი არ გჭირდებათ 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა, არამედ — მხოლოდ მთავრობის დადგენილების მიღება, რომელიც აღიარებს აფხაზეთის სუვერენიტეტს", — ამბობს ტანია.
  • დე ფაქტო საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი შეწუხებულია, რომ ამჟამად გაეროში გაწევრიანებისა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ აქვთ.
  • "ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა, შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა აფხაზეთს, სხვადასხვა შეფასებით, 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა. თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთს გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ", — წერს ის.