ასტრონომებმა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო არსებულ სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მყარი ეგზოპლანეტა გამოავლინეს. მას GJ 3378b ეწოდება და ჩვენგან 25 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც კოსმოსის მასშტაბებში მცირე მანძილად მიიჩნევა.

ის ჟირაფის თანავარსკვლავედშია განლაგებული და 2024 წელს დააფიქსირეს. მეცნიერები მის შესახებ მონაცემებს ხელახლა მიუბრუნდნენ და დაადგინეს, რომ შეიძლება ეს ობიექტი დედამიწას იმაზე მეტად ჰგავდეს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. ჯერჯერობით GJ 3378b-ის მახასიათებლებიდან მხოლოდ მასისა და ორბიტის შესახებ ვიცით. ვინაიდან ჩვენი პერსპექტივიდან ის მნათობის დისკოს წინ არ მოძრაობს, ინფორმაცია ვარსკვლავზე მისი გრავიტაციული გავლენის მეშვეობით მივიღეთ.

საქმე ისაა, რომ ამ ურთიერთქმედებისას ვარსკვლავი მასის საერთო ცენტრის გარშემო "ირხევა და დოპლერის ეფექტს იწვევს. ეს ნიშნავს, რომ მნათობის სინათლე იცვლება, რაც სპექტრის ანალიზით შეგვიძლია დავადგინოთ. სწორედ ასე გამოავლინეს GJ 3378b, რომელიც პირველადი დაკვირვებების მიხედვით დედამიწაზე 5.26-ჯერ მასიური ჩანდა — ე.წ. მინი ნეპტუნის კატეგორიის ეგზოპლანეტა, რომელიც ძირითადად აირისგან შედგება. ამის მიუხედავად დამატებითმა ტელესკოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სინამდვილეში იგი ჩვენს პლანეტაზე 2.3-ჯერ მასიურია. შესაბამისად, უფრო დიდი შანსია, რომ ის კლდოვანი სუპერდედამიწა იყოს.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ GJ 3378b-ის ორბიტალური პერიოდი 21 დღეა და არა 25. ეს მიუთითებს, რომ იგი ვარსკვლავთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ვარაუდობდნენ — სიცოცხლისთვის თავდებად ზონაში. ასე ეწოდება რეგიონს, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობისთვის ხელსაყრელი პირობებია.

პრობლემა ისაა, რომ წითელი ჯუჯებისთვის ძლიერი რადიაციაა დამახასიათებელი, რომელსაც ატმოსფეროს განადგურება შეუძლია. ამის გამო ჩნდება კითხვა, რამდენად აქვს ეგზოპლანეტას მსგავსი აირადი გარსი, რომელიც სასიცოცხლო პირობების შესანარჩუნებლად აუცილებელია. ატმოსფეროებს მნათობის წინ ჩავლისას არეკლილი სინათლის მეშვეობით აანალიზებენ, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენეთ, GJ 3378b-ს ამ პროცესში ვერ ვაკვირდებით.

გამოდის, რომ ზუსტი დასკვნის გამოსატანად იქამდე მოცდა მოგვიწევს, სანამ სათანადო ტელესკოპი არ გვექნება. ასეთია NASA-ს The Habitable Worlds Observatory (HWO), რომლის გაშვებაც 2040-იან წლებში იგეგმება. ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ ამ ეგზოპლანეტაზე უფრო საინტერესო რამ იყოს, ვიდრე ატმოსფეროა (თუმცა მასთან ერთად). კერძოდ, იმედი აქვთ, რომ ბიოლოგიური აქტიურობის კვალსაც მიაგნებენ.

ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.