ავსტრალიელმა კაცმა, სახელად ჯოზეფ მაკგრეილ-ბეიტაპმა, ახალი რეკორდი დაამყარა. იგი მსოფლიოში ყველაზე ხმამაღალი ადამიანი გახდა.

მანამდე ამ რეკორდს ანალიზა ფლანაგანი ფლობდა. იგი ბელფასტის (დიდი ბრიტანეთი) სკოლის მასწავლებელი იყო. მან სიტყვა "ჩუმად" 121,7 დეციბელზე დაიყვირა. ეს 1994 წელს მოხდა.

ახალი რეკორდი 122,4 დეციბელს შეადგენს. შეიძლება, ეს წინა რეკორდის არცთუ ისე გაუმჯობესებულ ვერსიად მოგეჩვენოთ, თუმცა დეციბელები ლოგარითმულია. თუ ერთი ხმა მეორეზე 20 დეციბელით უფრო მაღალია, ეს სინამდვილეში 100-ჯერ უფრო მაღალს ნიშნავს. შესაბამისად, 60 დეციბელით მეტი 1 000 000-ჯერ უფრო მაღალ ხმას ნიშნავს.

ადამიანები ფლანაგანისა და მაკგრეილ-ბეიტაპის ხმებს შორის განსხვავებას ვერ შეამჩნევდნენ, თუმცა ახალი რეკორდით წინა 17%-ით გაუმჯობესდა. რეკორდსმენების ყვირილი რომ მოისმინოთ, ეს ხმა სიძლიერით დაახლოებით სასწრაფოს მანქანისას მოგაგონებთ.

აღნიშნული მცდელობისას მაკგრეილ-ბეიტაპმა მბგერი იოგები და, სავარაუდოდ, ყურებიც დაიზიანა. როგორც თავად განმარტავს, ასეთი რეკორდისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია. მეტიც, რეკორდის დამყარების მცდელობამდე ხმამაღლა ყვირილისგან თავიც კი უნდა შეიკავოთ.

"ერთი სიტყვისთვის შვიდი მცდელობა დამჭირდა. ეს სიტყვა იყო "ახლა". ხმა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩახლეჩილი მქონდა, ხრინწიანი და საშინელი. ამიტომაც, არა, ამისთვის ვარჯიში შეუძლებელია. მეორე მხრივ, თავად პროცესი სახალისო იყო".

აღსანიშნავია, რომ გინესის რეკორდების წიგნში მაკგრეილ-ბეიტაპი შეიყვანეს, როგორც "ადამიანის ყველაზე ხმამაღალი ყვირილი (მამრობითი სქესი)". ფლანაგანი ისევ რეკორდსმენად დარჩა, თუმცა ქალების კატეგორიაში.

58 წლის რეკორდსმენი კანბერაში ქალაქის მაუწყებლად მუშაობს. ეს მისთვის მართლაც ზედგამოჭრილი პროფესიაა. საინტერესოა, რომ ეს მაკგრეილ-ბეიტაპის პირველი რეკორდი არაა.

2019 წელს მან უმოკლეს დროში (60,03 წამში) 10 ისარი ისროლა. სხვათა შორის, მისმა რეკორდმა დიდხანს ვერ გაძლო. იგი 9 თვის შემდეგ 7 წლის ბიჭმა გააუმჯობესა (48,63 წამში). 2023 წელს ეს რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა. ახალმა დრომ 39,53 წამი შეადგინა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.