ბუნებრივია, კონცენტრაციის უნარი მხოლოდ ადამიანებს არ გაგვაჩნია. ეს ფრინველებს, ქვეწარმავლებსა და თევზებსაც კი შეუძლიათ. საინტერესოა, რომ აღნიშნული უნარი უამრავ სახეობაში ასობით მილიონი წელია არსებობს, თუმცა ბოლომდე მაინც არაა ცნობილი, ტვინის რომელი ნაწილია ამაზე პასუხისმგებელი.

პასუხების საპოვნელად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თაგვები გამოიკვლიეს. მათი თქმით, ევოლუციური თვალსაზრისით უძველესი ნეირონები აღმოაჩინეს, რომლებიც შერჩევით სივრცულ ყურადღებაში "მოულოდნელად კრიტიკულ" როლს თამაშობს. შესაძლებელია, რომ მსგავსი ნეირონები ადამიანის ტვინშიც არსებობდეს.

შერჩევითი სივრცული ყურადღება უნარია, რომლითაც ცხოველები გარემოში უმაღლესი პრიორიტეტის მქონე სტიმულს უფრო აქცევენ ყურადღებას, დანარჩენს კი — უგულებელყოფენ. აღნიშნული უნარი ზოგი მენტალური მდგომარეობის მქონე პირებში დარღვეულია, მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევის (ADHD) და შიზოფრენიის შემთხვევაში.

ADHD-ს მქონე ადამიანებს გარემოში არსებული უმნიშვნელო ცვლილებებისასაც კი გადააქვთ ყურადღება სხვა რამეზე. მკვლევრების თქმით, მათი აღმოჩენილი ნეირონების დათრგუნვის შემთხვევაშიც სწორედ იგივე ხდება, თუმცა კვლავ გააქტიურების შემთხვევაში, ყურადღების კონცენტრაციის უნარიც ბრუნდება.

აღნიშნული დამთრგუნველი ნეირონები GABA-ს იყენებს. ეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული ქიმიური შუამავალია, რომელიც შუა ტვინის ზედა ბორცვის მოდულაციაში იღებს მონაწილეობას. ეს ძუძუმწოვრების ტვინის მნიშვნელოვანი უბანია, რომელიც ვიზუალური და სხვა სახის სიგნალების კოორდინაციაშია ჩართული. საბოლოოდ იგი გარემოს სივრცით რუკას ქმნის და უზრუნველყოფს, რომ ინდივიდის ყურადღებაც სწორედ ამ სივრცისკენ იყოს მიპყრობილი.
ეს ნეირონები თავის ტვინის ღეროში მდებარეობს.

მეცნიერებმა თაგვებს ამოცანა "მისცეს": ძუძუმწოვრებს ყურადღება მათ წინ სენსორულ ეკრანზე გამოსახული ფოტოებისკენ უნდა მიეპყროთ. თუ ისინი ეკრანს ცხვირით შეეხებოდნენ და გამოსახულებაზე არსებულ სხვა სიმბოლოებს უგულებელყოფდნენ, ჯილდოს მიიღებდნენ.

დაუზიანებელი ნეირონების მქონე თაგვებმა ამოცანას პირნათლად გაართვეს თავი. მეორე მხრივ, მათ ტვინში ვირუსის შეყვანის შემდეგ (რომელიც ამ ნეირონებს დროებით თრგუნავს), თაგვებმა კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად დაკარგეს: ისინი ვეღარ არჩევდნენ, რომელი ინფორმაცია იყო პრიორიტეტული.

ძირითადად მიიჩნევა, რომ შერჩევითი სივრცული ყურადღება ტვინის უფრო თანამედროვე უბნის მიერაა მართული, რომელიც ადამიანებსა და სხვა პრიმატებში გვხვდება. ახალი ნაშრომის თანახმად, საქმეში შეიძლება უფრო ძველი უბანიც იყოს ჩართული.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო, რათა ამ ნეირონების ადამიანებში არსებობა დადასტურდეს. მიგნება შეიძლება ADHD-სა და მსგავსი დარღვევების უკეთ სამართავად გამოიყენონ.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.