პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
ფოტო: NASA/NOAO/AURA/NS
ჯუჯა პლანეტა პლუტონსა და სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებმა უჩვეულო რამ გამოავლინა. ასტრონომებმა ამ ობიექტების სინათლის სპექტრში უცნაური ტალღა დააფიქსირეს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება საქმე უცნობ მოლეკულასთან გვქონდეს.
ყოველი ელემენტი თუ მოლეკულა ელექტრომაგნიტური რადიაციის სპეციფიკურ ტალღურ სიგრძეს შთანთქავს. შესაბამისად, არეკლილ სინათლეში მეცნიერები სწორედ ასეთ "შთანთქმულ ხაზებს" ეძებენ, რათა კონკრეტული ქიმიური ნაერთების იდენტიფიცირება შეძლონ. მაგალითად, მოლეკულური ჟანგბადის სპექტრული კვალი 230 ნანომეტრი სიგრძის ტალღასთან ასოცირდება. შესაბამისად, პირობითად, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში მსგავსი სპექტრული ნიშნის აღმოჩენით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ ჟანგბადია.
ვების ტელესკოპი ასეთი კვალის დაფიქსირებაში საკმაოდ ძლიერია. პლუტონსა და ტიტანზე მისი დაკვირვებების ანალიზისას სპეციალისტები მოკლე ტალღებზე კონცენტრირდნენ, რომლებსაც ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. შედეგად, მიაკვლიეს დაახლოებით 5.11 მიკრომეტრი სიგრძის ხაზებს, რომლებიც სხვა ციური სხეულების მონაცემებში ვერ ნახეს.
ეს მიგნება მოულოდნელია, რადგან ტიტანი და პლუტონი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ობიექტებია. პირველი მათგანი სატურნის უდიდესი თანამგზავრია და დედამიწის გარდა, მზის სისტემაში ერთადერთი ციური სხეულია, რომლის ზედაპირზეც თხევადი მდინარეები და ტბებია. მეორე მხრივ, პლუტონი ყინულოვანი ობიექტია, რომელიც ტიტანს ზომით ნახევარჯერ ჩამოუვარდება და მზისგან თითქმის ოთხჯერ უფრო შორსაა. ერთი მსგავსება მეთანითა და აზოტით მდიდარი ატმოსფეროა, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს უცნობი მოლეკულა ზედაპირზეა.
პლუტონის "შთანთქმული ხაზი" დაახლოებით სამჯერ უფრო სქელია, ვიდრე ტიტანის. ეს ნიშნავს, რომ ამ ჯუჯა პლანეტაზე ეს მოლეკულა უფრო გავრცელებული უნდა იყოს. სატურნის თანამგზავრის სპექტრი მიუთითებს, რომ იქ უცნობი მოლეკულა არათანაბრადაა განაწილებული. კერძოდ, იმ ნახევარსფეროში უფრო უხვადაა, რომელიც სატურნის გარშემო მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდაა (კიდეზე).
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კვალი შეიძლება ნაერთ ბენზოლს ეკუთვნოდეს, რომელიც უცნობ მოლეკულასთანაა შერეული. არაა გამორიცხული, საქმე აცეტილენთან ან კეტენის ყინულთან გვქონდეს. ზუსტი დასკვნის გამოსატანად დამატებითი მონაცემებია საჭირო.
ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეცენზირება არ გაუვლია.

კომენტარები