ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
ცხოვრების პირველი 1001 დღის განმავლობაში ეკრანის გამოყენებამ, შეიძლება შემდეგი თაობისთვის განვითარების პრობლემები გამოიწვიოს
ფოტო: Illustrasjonsfoto NTB/ Scanpix
ჩვილების ეკრანთან კონტაქტზე ჩატარებული გლობალური, რეცენზირებული კვლევების ყველაზე ვრცელი, სისტემური მიმოხილვა აჩვენებს, რომ ორ წლამდე ბავშვებში ციფრული ეკრანის გამოყენება ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე გრძელვადიან გავლენას უკავშირდება და მისგან სარგებელი მცირეა.
ამას გავლენა მთელ თაობასა და მისი მომავალი ცხოვრების ხარისხზე ექნება
ოთხი ბრიტანული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი iADDICT გვირჩევს, რომ ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან რეგულარული კონტაქტი საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. აკადემიკოსების აზრით, უნდა გადაისინჯოს ნებისმიერი სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც ორ წლამდე ბავშვებისთვის დასაშვებად მიიჩნევს ეკრანთან კონტაქტს იმ შემთხვევაში, თუ ეს მშობელთან ან სხვა ზრდასრულთან ერთად ხდება, ან ვარაუდობს, რომ ზოგი ეკრანული ტექნოლოგია "ყველა ასაკის ბავშვისთვის" შესაფერისია.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მიგნებები თანამედროვე ციფრული გარემოს ზეწოლას ასახავს და არა ინდივიდუალური მშობლის არჩევანს. ისინი იმედოვნებენ, ეს მიმოხილვა ბავშვების მომვლელებს რისკების შესაფასებლად უახლეს მტკიცებულებას აჩვენებს.
1001 Critical Days Foundation-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა ლიდსის უნივერსიტეტის, ლიდს ტრინითის უნივერსიტეტის, ასტონის უნივერსიტეტისა და ლაფბოროს უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალური მეცნიერების დარგის აკადემიკოსებმა განახორციელეს. კვლევის ფარგლებში, ბრიტანეთის მასშტაბით 174 მშობელს სთხოვეს, ონლაინ გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფური ინტერვიუების მეშვეობით, მცირეწლოვან ბავშვთა ეკრანთან კონტაქტისა და მასთან დაკავშირებული შეშფოთების შესახებ საკუთარი მოსაზრება გაეზიარებინათ.
ლიდსის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის უფროსმა ლექტორმა და კვლევის თანახელმძღვანელმა, რეიფ კლეიტონმა განაცხადა: "ჩვენ გავარკვიეთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში ეკრანის გამოყენება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც 2026 წელს სათანადოდ არავინ პასუხობს. ამას მთელი თაობისა და მისი მომავალი ცხოვრების ხარისხისთვის შედეგები მოაქვს".
"ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დროის სახელმძღვანელო რეკომენდაციები არსებობს, თუმცა მათ არ იცავენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავად ზრდასრულებს ამ რეკომენდაციებზე წვდომა არ აქვთ. ციფრული რევოლუციის პირობებში, ეკრანთან პრობლემური კონტაქტი ზრდასრულებშიცაა გავრცელებული. არასწორ ორიენტირზე მდგარი ზრდასრულები, როგორც მაგალითის მიმცემი ფიგურები, ბავშვებსა და ჩვილებს ეკრანულ მოწყობილობებთან არაჯანსაღი ჩვევებისა და ურთიერთობის ჩამოყალიბებას უნებლიედ ასწავლიან. ეს კი უნდა შეიცვალოს".
კვლევამ დაადგინა, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები მშობლებს ეკრანთან კონტაქტის შესახებ სათანადო რჩევას არ აძლევენ. მკვლევრების თქმით, ეს ცხადყოფს, რომ ოფიციალური რეკომენდაციები მშობლების რეალურ, ყოველდღიურ გამოწვევებს ვერ პასუხობს, ამიტომაც უფრო მიზნობრივი მხარდაჭერაა საჭირო.
ჩვილებისთვის რისკის შეფასება
ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (2019) და ამერიკის პედიატრიის აკადემიის (2024) არსებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც ცხოვრების პირველი 1001 კრიტიკული დღის განმავლობაში, (ორსულობიდან ორ წლამდე) ბავშვებს ეკრანთან კონტაქტისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გლობალურად უკვე დარღვეულია.
ეკრანთან კონტაქტის შედეგად: მშობლებთან სიახლოვის შესაძლებლობა მცირდება, თანატოლებთან თამაში იზღუდება, ენის განვითარება ფერხდება, გაღიზიანების, ძილის პრობლემების, თვალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებებისა და ბავშვთა სიმსუქნის რისკი იზრდება, ასევე ემოციური რეგულირებისთვის მოწყობილობებზე დამოკიდებულება ვითარდება. თუმცა ეს მიმოხილვა ეკრანთან კონტაქტსა და კონკრეტულ განვითარებით პრობლემებს შორის მიზეზობრივ კავშირს არ ადგენს.
მკვლევრები ითხოვენ, ჩვილების ეკრანთან კონტაქტის რისკის შეფასების სისტემა პოლიტიკის შემქმნელებმა, ჯანდაცვის მუშაკებმა და ადრეული ასაკის სპეციალისტებმა ერთად შექმნან. ეს სისტემა ოჯახებისთვის დროულ და მიზნობრივ მხარდაჭერას შესაძლებელს გახდის: სპეციალისტები ოჯახებს ინტერაქტიულ ალტერნატივებს შესთავაზებენ და ბავშვის განვითარებაში პრობლემის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ჩაერევიან.
რჩევები მშობლებისთვის
ეკრანთან კონტაქტის შემცირებისთვის რომელი სტრატეგია აღმოჩნდება ყველაზე ეფექტიანი, ამის დადგენას დამატებითი კვლევა სჭირდება. იქამდე, მშობლებისა და მომვლელებისთვის, მიმოხილვაში რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოცემული:
- ბუნებაში ბავშვის გაყვანა ეკრანთან კონტაქტს ამცირებს და ფიზიკურ განვითარებასა და თვალის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება;
- კვების დროს ეკრანის არიდება, შესაძლოა, კავშირში იყოს ჯანსაღი კვების ჩვევის გამომუშავებასთან;
- არაციფრულ სათამაშოებზე წვდომა ეკრანთან კონტაქტის შემცირებასა და განვითარებას უწყობს ხელს;
- სხვა ადამიანების ფიზიკურ სიახლოვეში დროის გატარება: შეხვედრა, ურთიერთობა და თამაში, სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.
განგაშის ზარი საზოგადოებისთვის
მიმოხილვამ ისიც აჩვენა, რომ მშობლისა და მომვლელის ეკრანთან გატარებულ დროსა და ჩვილის ეკრანთან კონტაქტს შორის კავშირი არსებობს, თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბრალდების ან კრიტიკის სამიზნე მშობლები არ უნდა გახდნენ. ციფრული ეკრანები ჩვენს ცხოვრებაში ღრმადაა შემოჭრილი: სამსახური, შოპინგი, ჯანდაცვაზე წვდომა, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ეკრანთანაა დაკავშირებული. ამიტომ ეკრანთან ბავშვის პასიური კონტაქტი გარდაუვალია.
"ოჯახები ამ გამოწვევას საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის გარეშე უმკლავდებიან. პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ მხრებზე არ უნდა იყოს", — დეიმ ანდრეა ლიდსომი, 1001 Critical Days Foundation-ის დამფუძნებელი.
მკვლევრების თქმით, ჯანსაღი ადამიანური მომავლისთვის საზოგადოებამ ციფრულ ეკრანებთან (სმარტფონების, პლანშეტების, ტელევიზორებისა და სათამაშო კონსოლების ჩათვლით) ურთიერთობა უნდა შეცვალოს. საზოგადოებრივი ცვლილებისკენ პირველი ნაბიჯები ზრდასრულთა ეკრანთან კონტაქტის ზღვრების გააზრებასა და ბავშვთა ეკრანთან კონტაქტის ნებისმიერი სახელმძღვანელო რეკომენდაციის გადახედვაზეა ორიენტირებული.
დეიმ ანდრეა ლიდსომმა, 1001 Critical Days Foundation-ის დამფუძნებელმა, განაცხადა: "ეს ეპოქალური მიმოხილვა განგაშის ზარია. მტკიცებულებები სულ უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, რომ ეკრანებისგან ჩვილებისთვის სარგებელი მცირეა და ცხოვრების პირველ 1001 დღეში, ადამიანის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. ეს პრობლემა მშობლებს არ შეუქმნიათ და ისინი არ უნდა დავადანაშაულოთ.
ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და მშობლებს არ უნდა მიეწოდებოდეთ კონტენტი, რომელიც ჩვილებისთვის შესაფერისადაა მონიშნული ან რეკლამირებული, როცა მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მიუთითებს. დროა, კონტენტის რეკლამირებას უფრო გულწრფელი მიდგომა ჰქონდეს. ყველა ჩვილი იმსახურებს საუკეთესოს. ციფრულ სამყაროში ორიენტირებაში მშობლებს უნდა დავეხმაროთ".
კომენტარები