ალიევი ამბობს, რომ ერევანი "ისტორიულად" აზერბაიჯანია
როგორც ჩანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თანამედროვე სომხეთზე პრეტენზიას აცხადებს და ამავდროულად, სომხეთის მხარდაჭერისთვის დასავლელ კრიტიკოსებს უტევს.
"დასავლეთ აზერბაიჯანი [სომხეთი] ჩვენი ისტორიული მიწაა, ამას ადასტურებს მრავალი ისტორიული დოკუმენტი, ისტორიული რუკა და ჩვენი ისტორია", — თქვა ალიევმა შაბათს, თავის 61 წლის იუბილეზე, დასავლეთ აზერბაიჯანელების თემთან ფართო გამოსვლაში.
"დასავლეთ აზერბაიჯანი" ირედენტისტული ცნებაა, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზიის განსამტკიცებლად იყენებს.
"ამ მხრივ, მე-20 საუკუნემ, ჩვენს ხალხს დიდი ტრაგედიები მოუტანა. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებით, 1918 წელს, ახლად დაარსებულმა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკამ პრაქტიკულად აჩუქა სომხეთს ჩვენი ისტორიული ქალაქი — ერევანი. ეს იყო უპატიებელი ნაბიჯი, ეს იყო ღალატი და ეს იყო დანაშაული. ეს ყველამ კარგად ვიცით და ჩვენმა ხალხმაც უნდა იცოდეს. ჩვენ არასდროს არ უნდა დავამახინჯოთ ჩვენი ისტორია", — განაცხადა ალიევმა.
წლების განმავლობაში, ალიევი ხშირად უტევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, საიდანაც ოპოზიციური პარტია მუსავათი იღებს ფესვებს.
ალიევმა ასევე შეუტია სომხეთს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების გამო.
"ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ვინმე მოვა და მათ მაგივრად ჩვენს წინააღმდეგ ომს დაიწყებს და ისინი, როგორც ყოველთვის, რომელიმე მფარველის უკან დაიმალებიან და ჩვენს წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმებს განახორციელებენ", — განაცხადა ალიევმა.
დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით საფრანგეთი და აშშ, სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ აზერბაიჯანს. რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ პირდაპირ დაგმო აზერბაიჯანი 2022 წლის სექტემბრის ომის, ასევე ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო, რომელიც სომხეთის მთიან ყარაბაღთან დასაკავშირებელი ერთადერთი მარშრუტია.
როგორც ჩანს, ალიევი ვარაუდობს, რომ გაეროში აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი ძალისხმევა გარდაუვალი იქნება.
"დღევანდელმა მოვლენებმა ლაჩინის გზაზე მორიგი ანტიაზერბაიჯანული ისტერია გამოიწვია. აი, არამარტო სომხეთმა, შესაძლოა სხვებმაც, მათმა მფარველებმა საზღვარგარეთ, მათ უკან მდგომმა სახელმწიფოებმა, კვლავ დაიწყეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია და ჩვენ, როცა დღეს აქ ვხვდებით, გაეროში ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება", — თქვა მან.
"რამდენიმე დღეა, ზოგიერთ ქვეყანას განსაკუთრებული გულმოდგინებით აქვს გადაწყვეტილი განახორციელოს ბინძური გეგმები ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ, რამდენიმე დღეა იბრძვიან და ჯერ ვერაფერს მიაღწიეს. ისინი თავიანთ ძალისხმევას მომავალ კვირას გამოიყენებენ.
ალიევმა პირდაპირ მიუთითა 2022 წლის სექტემბრის ომზე და აღნიშნა, რომ ომი აზერბაიჯანმა წამოიწყო. "წელს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სამხედრო ოპერაცია მოგვიწია", — განაცხადა მან.
ორდღიანი ომის დროს, აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე პოზიცია დაიკავეს, რომლებიც მათ დღემდე უჭირავთ.
"ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად, ჩვენი ისტორიული ქალაქები ვიზუალური დაკვირვებით ახლა ჩვენს თვალწინაა", — თქვა ალიევმა.
"დღეს ჩვენ ვხედავთ გოიჩეს ტბას [სევანის ტბა] ბინოკლის გარეშე. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია".
"მეორე, სექტემბრის შეტაკებები მომავალში დიდი პრობლემებისგან დაგვაზღვევს. იმიტომ, რომ სომხეთში ჩნდება რევანშისტური ძალები, მთავრობაში თუ ოპოზიციაში".
ალიევმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ "დაბრუნების კონცეფციაზე", რათა აზერბაიჯანელები სომხეთში ჩაიყვანონ. მისი თქმით, პროცესი მშვიდობიანი იქნება.
"დადგება დღე, როდესაც ჩვენი თანამემამულეები დასავლეთ აზერბაიჯანიდან, მათი ნათესავები, შვილები და შვილიშვილები დაბრუნდებიან ჩვენს ისტორიულ მიწაზე, დასავლეთ აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, ეს დღე დადგება და დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთ აზერბაიჯანელები დიდი ენთუზიაზმით დაბრუნდებიან სამშობლოში", — განაცხადა მან.
ალიევმა დასძინა, რომ სომხეთი "გადასახლებულია" "აუტანელი პოლიტიკური სიტუაციის გამო" — რეპრესიები, ვირტუალური დიქტატურა და ეკონომიკური სირთულეები".
საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები აზერბაიჯანს ხშირად მსოფლიოს ყველაზე ავტოკრატიულ ქვეყნებს შორის ასახელებენ. პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებზე თავის ბოლო მოხსენებაში, ამერიკულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა Freedom House-მა აზერბაიჯანი მე-16 ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დაასახელა მსოფლიოში. ეს მაჩვენებელი სომხეთს ჩამორჩება, რომელიც შეფასდა, როგორც "ნაწილობრივ თავისუფალი".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალიევის სიტყვები "კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა არანაირად არ არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით".
"ის არა მხოლოდ ღიად აღიარებს ძალის გამოყენებას სომხეთის რესპუბლიკის თვითმმართველი ტერიტორიის ოკუპაციის გზით, არამედ ახალ ტერიტორიული მოთხოვნებით და სომხეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმუქრება; ღიად უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები