ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ
ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადებაზე არ სმენია. ეს გახლავთ კოგნიტიური უნარების დაქვეითება, რაც ნელ-ნელა გვატყდება თავს. შესაძლოა, ყველაფერი რაღაცების ვერ გახსენებითა და აზრების სიტყვებად გადმოცემის გართულებით გამოვლინდეს, დროთა განმავლობაში კი გაუარესდეს.
მას სამი ძირითადი ფაზა გაჩნია: სუსტი, საშუალო და მწვავე. წინამდებარე სტატიაში სწორედ მათთვის დამახასიათებელ სიმპტომებს გაგაცნობთ.
ალცჰაიმერის სუსტი ფორმა
ეს ფაზა, როგორც წესი, 2-დან 4 წლამდე გრძელდება. მისი ნიშნებია:
- ენერგიის ნაკლებობა
- სამსახურებრივი და სოციალური აქტივობებისადმი ინტერესის დაქვეითება
- ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება
- მეტყველებისა და სხვისი ნათქვამის გაგების გაძნელება
- კოორდინაციის პრობლემები
- ყოველდღიური საქმიანობისთვის თავის გართმევის გართულება
- გუნება-განწყობის ცვლილებები, მათ შორის ინტერესის დაკარგვა და დეპრესია
- ავტომობილის მართვისას ნაცნობ ადგილებში დაკარგვა
თუ ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აწუხებს, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მას ალცჰაიმერი აქვს, რადგან მსგავსი სიმპტომატიკა ჯანმრთელობის სხვა გართულებებსაც ახასიათებს. ასეთია, მაგალითად:
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება
- ერთმანეთთან შეუთავსებელი პრეპარატების მიღება
- პარკინსონის დაავადება
- სტრესი
- დეპრესია
საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერი
ამ ფაზაში ადამიანის მეხსიერება უკვე საგრძნობლად უარესდება და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ის 2-დან 10 წლამდე გრძელდება. ამ დროს ხშირად ავიწყდებათ წარსულის ამბები, ვერ ცნობენ ოჯახის წევრებს და ა.შ.
ასევე, ვლინდება:
- არეული საუბარი
- მეტყველებისას არასწორი სიტყვების გამოყენება ან მათი ძნელად მოფიქრება
- პრობლემების გადაწყვეტის გაძნელება
- დაბნეულობა დროსა და სივრცეში
- ამინდის შესაბამისად ჩაუცმელობა
- ადვილად გაღიზიანებადობა
- ძილის გართულება
- ხეტიალი
- ბოდვა
მწვავე ალცჰაიმერი
ალცჰაიმერის მესამე ფაზა ყველაზე მძიმე ფორმითაა გამოხატული, რაც 1-დან 3 წლამდე პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. მისი ნიშნებია:
- წარსულისა და აწმყოს ერთმანეთისგან გარჩევის პრობლემები
- თვითგამოხატვის, გახსენებისა და ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები
- ყლაპვის გაძნელება და კუჭ-ნაწლავისა თუ თირკმლების მოქმედების ვერ გაკონტროლება
- წონის კლება, კანის ინფექციები, სპაზმები და სხვა
- ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები
- დამოუკიდებლად გადაადგილების გაძნელება
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ასაკის მატების პარალელურად მეხსიერების ჩავარდნები თითქმის ყველას აქვს და ეს ალცჰაიმერთან არ უნდა გავაიგივოთ. მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ამ დაავადების დროს ადამიანი ჩვეულ აქტივობებს თავს ვეღარ აბამს. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ზემოთ ნახსენები რამდენიმე სიმპტომი ერთდროულად გივლინდებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ მკურნალობის გზით ალცჰაიმერის განვითარების შენელებაა შესაძლებელი.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები