რას ვაპირებთ კოსმოსში 2023 წლისთვის? — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
კერძო კოსმოსური მოგზაურობები და მთვარისა და მზის სისტემის უფრო დეტალური შესწავლა — 2023 წელი იმედგაცრუებულს არ დაგვტოვებს!
2023 წელს ისევ მთვარეზე ვბრუნდებით. მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი ფრენა ეკიპაჟის გარეშე, რაც გამოწვეულია აშშ-ს განახლებული ძალისხმევით, რათა ადამიანები მთვარის ზედაპირზე დაბრუნდნენ ამ ათწლეულის ბოლოს. როგორც კერძო კოსმოსური კომპანიები, ასევე ეროვნული სააგენტოები აპირებს 386 243 კმ-ის გავლას ჩვენს ციურ მეზობლამდე, სადაც შეამოწმებენ დაშვების შესაძლებლობებს, მოძებნიან გამოყენებად წყლის ყინულს და სხვა.
"წინა წლები სრულიად მარსის შესახებ იყო, ახლა კი ჩვენ მთვარეზე ვბრუნდებით", — ამბობს ჯილ სტიუარტი, კოსმოსური პოლიტიკის ექსპერტი გაერთიანებული სამეფოს ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ასევე დავინახავთ მნიშვნელოვან წინსვლას კერძო კოსმოსურ ფრენებში, მათ შორის, პირველ კომერციულ კოსმოსურ გასეირნებას, მისიებს მზის სისტემის სხვა მიმართულებებისკენ და ახალი რაკეტების გაშვებას.
მაშ, რას გვიმზადებს 2023 წელი კოსმოსის მოყვარულებს?
მთვარეზე დაშვება
2023 წლის დასაწყისში მთვარის დასაჯდომი მოდული უკვე გზაში იქნება. დეკემბერში SpaceX Falcon 9-ის რაკეტაზე გაშვებული კერძო კოსმოსური ხომალდი Hakuto-R-ი, რომელიც შემუშავებულია იაპონური ფირმა ispace-ის მიერ, ოთხთვიან მოგზაურობაშია მთვარემდე მისასვლელად, სადაც ის, სხვა მიზნებთან ერთად, განათავსებს იაპონიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოების მიერ შექმნილ როვერებს. წარმატების შემთხვევაში, Hakuto-R-ი შეიძლება გახდეს პირველი კერძო მისია, რომელიც დაეშვება მთვარეზე მარტში.
ვამბობთ "შეიძლება", რადგან ორი კერძო დასაჯდომი მოდული აშშ-დან — ერთი ფირმა Astrobotic-დან და მეორე Intuitive Machines-დან, სახელწოდებით Peregrine-ი და Nova-C — გეგმის მიხედვით, მთვარეზე ასევე მარტში უნდა დაეშვას. ორივე მისია მხარდაჭერილია NASA-ს მიერ და მოიცავს უამრავ ხელსაწყოს მთვარის გარემოს შესასწავლად. ეს არის სააგენტოს Commercial Lunar Payloads Services-ის პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე კომერციული ინტერესის გაღვივებას, ვიდრე Artemis-ის პროგრამის ფარგლებში ათწლეულის ბოლოსთვის დაგეგმილი ეკიპაჟიანი მისიები მთვარეზე დაეშვება.
პროგრამის პირველი ნაწილის, არტემის 1-ის, ფარგლებში, უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდი Orion-ი ნასას ახალი, გიგანტური Space Launch System-ის რაკეტით 2022 წლის ნოემბერში გაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ არტემისის შემდეგი მისია — ეკიპაჟის ფრენა მთვარის ირგვლივ — არ არის დაგეგმილი 2024 წლამდე, ეს მომდევნო 12 თვე მნიშვნელოვან საფუძველს ჩაუყრის მთვარის ზედაპირის შესწავლასა და წყლის ყინულის მოძიებას, რომელიც, სხვა მიზნებთან ერთად, შეიძლება იყოს პოტენციური სამიზნე მომავალი მისიებისთვის.
"მთვარე გაცილებით მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე აქამდე", — ამბობს ჯონ კოვარტი, ნასას ადამიანის კოსმოსური ფრენების ყოფილი მენეჯერი, რომელიც ამჟამად აშშ-ს Aerospace Corporation-ში მუშაობს.
Intuitive Machines-ი მეორედ დაეშვება მთვარეზე 2023 წელს. ასევე, Chandrayaan-3-ითა და SLIM-ით (Smart Lander for Investigating Moon), დაგეგმილია დაშვებები ინდოეთისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოებიდან. ინდოეთი იმედოვნებს, რომ დასაჯდომ მოდულს 2023 წლის აგვისტოში გაუშვებს. ეს — 2019 წელს პირველი ავარიული დაშვების შემდეგ — ქვეყნის მეორე მცდელობა იქნება. რაც შეეხება SLIM-ის გაშვებას, თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი. გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთიც გეგმავს მთვარეზე თავისი Luna-25 დასაჯდომი მოდულის გაშვებას, თუმცა მისიის სტატუსი გაურკვეველია.
კერძო კოსმოსური მოგზაურობა
2020 წლის მაისიდან, SpaceX-ი იყენებს თავის კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ს კოსმოსში ასტრონავტების გადასაყვანად. ზოგი გადაჰყავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ნასასთან ხელშეკრულებით, ხოლო სხვები — კერძო მისიებზე. მაგრამ SpaceX-ის Polaris Dawn-ის მისია, რომელიც ამჟამად 2023 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი, იქნება დიდი ახალი ნაბიჯი.
ოთხი კომერციული ასტრონავტი, მათ შორის, მილიარდერი ჯარედ ისააკმანი, რომელიც ფრენაში თანხას იხდის და ასევე დააფინანსა SpaceX-ის პირველი სრულიად კერძო კოსმოსური ფრენა 2021 წელს, მიზნად ისახავს, მიაღწიოს 1 200 კმ-ის ორბიტას, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანური კოსმოსური ხომალდისა, Apollo-ს მისიების შემდეგ. პირველი კომერციული კოსმოსური ფრენისთვის, ეკიპაჟი ჩაიცვამს კოსმოსურ კოსტიუმებს და გაემგზავრება ხომალდის გარეთ.
მისია, შესაძლოა, დაეხმაროს ნასას, რომ გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მომავალი Crew Dragon-ის მისიის გამოყენება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გადასატვირთად. ესაა შესაძლებლობა, რომელსაც სააგენტო SpaceX-თან ერთად იძიებს.
Crew Dragon-ის გამოყენებით, დაგეგმილია ნასას ორი ფრენა და კიდევ ორი კერძო მისიის — Axiom-2 და Axiom-3 — ISS-ზე გამგზავრება 2023 წელს. ამერიკული ფირმა Boeing-ის მოწყობილობა, ასევე ეკიპაჟით, მრავალჯერადი შეფერხებების შემდეგ, პირველად 2023 წლის აპრილში გაეშვება.
ამავდროულად, ველოდებით ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი თუ მოიპოვებს ადამიანების ხელახლა გაშვების უფლებას. კომპანია გაჩერებულია 2022 წლის სექტემბერში უეკიპაჟო გაშვების მარცხის შემდეგ. კერძო კოსმოსური ფრენების კიდევ ერთი პიონერი, Virgin Galactic-ი, შედარებით ჩუმადაა მას შემდეგ, რაც თავისი დამფუძნებელი სერ რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში გაუშვა 2021 წლის ივლისში.
კომერციული კოსმოსური ფრენების ყველა ეს განვითარება, შესაძლოა, დაიჩრდილოს SpaceX-ის მასიური და მრავალჯერადი გამოყენების Starship-ის რაკეტის ორბიტალური ფრენის პირველი მცდელობით. იგი ამ თვის დასაწყისში გადიოდა გამოცდებს და უნდა გაეშვას 2023 წელს ან 2022 წლის ბოლოს.
წარმატების შემთხვევაში, რაკეტამ — რომელიც გადააჭარბებს ნასას Space Launch System-ს, როგორც უდიდეს რაკეტას, რომელიც ორბიტაზე გავიდა — შეიძლება გარდაქმნას კოსმოსის კვლევა.
"მეტი მასის გაშვების საშუალება ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის", — აღნიშნა უმა ბრიუგმანმა, Aerospace Corporation-ის კოსმოსური სტრატეგიების ექსპერტმა.
ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანების მისიებს მარსზე ან მის ფარგლებს მიღმა. თუმცა, აქამდე ჯერ შორი გზაა გზაა გასავლელი.
"ეს [Starship-ისთვის] ნამდვილად მნიშვნელოვანი წელია. მათ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი", — თქვა კოვარტმა.
მისი ერთ-ერთი უახლოესი მიზანი მთვარისთვის მომზადება იქნება — ნასამ რაკეტის ზედა ნაწილი საწყის დასაჯდომ მოდულად აირჩია.
მზის სისტემაში
მომავალი წლისთვის მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მთვარეები ასევე დღის წესრიგშია. 2023 წლის აპრილში გაეშვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი მისია, სახელად JUICE-ი (Jupiter Icy Moons Explorer), იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების გამოსაკვლევად. კოსმოსური ხომალდი იუპიტერის ორბიტაზე 2031 წელს დაეშვება და გამოიკვლევს პლანეტის მთვარეებს, კერძოდ, განიმედეს, კალისტოსა და ევროპას. ეს მთვარეები ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ, სავარაუდოდ, შეიცავს ოკეანეებს, რომლებშიც, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს.
"ეს არის პირველი მისია, რომელიც ფუნდამენტურად არის ორიენტირებული ყინულოვან მთვარეებზე", — ამბობს მარკ მაკკოჰრენი, ESA-ს მეცნიერებისა და კვლევის უფროსი მრჩეველი. "ახლა ვიცით, რომ ამ ყინულოვან მთვარეებს აქვს წყლის ძალიან ღრმა ოკეანეები და მათ შეიძლება ჰქონდეს პირობები სიცოცხლის განვითარებისთვის."
JUICE-ი ასახავს ამ ოკეანეებს სარადარო ინსტრუმენტებით, მაგრამ მაკკოჰრენის თქმით, მას ასევე შეეძლება, მოძებნოს შესაძლო ბიოხელწერები ევროპას ყინულოვან ზედაპირზე.
მოგვიანებით, 2023 წელს, იგეგმება ESA-ს კიდევ ერთი მთავარი მისიის გაშვება. იგი აპირებს, გაუშვას Euclid-ის ტელესკოპი, რომელიც რუსული რაკეტიდან SpaceX Falcon 9-ის რაკეტაზე გადავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ტელესკოპი გამოიკვლევს "ბნელ სამყაროს", დააკვირდება მილიარდობით გალაქტიკას ცის მესამედზე, რათა უკეთ შეისწავლოს კოსმოსში ბნელი მატერია და ბნელი ენერგია.
ოქტომბერში ნასა გაუშვებს თავის მნიშვნელოვან Psyche-ს მისიას 16 Psyche-სკენ, მეტალით მდიდარი უჩვეულო ასტეროიდისკენ, რომელიც ახლოდან არასდროს უნახავთ.
2023 წლისთვის მრავალ სხვა მიღწევას უნდა ველოდოთ. ნასას OSIRIS-REx-ის მისია დედამიწაზე სექტემბერში უნდა დაბრუნდეს ასტეროიდი Bennu-ს ნატეხებით, რომლებმაც შეიძლება ახალი ხედვა მოგვცეს მზის სისტემის სტრუქტურისა და ფორმირების შესახებ. Amazon-ი კი მიზნად ისახავს, გააგზავნოს პირველი თანამგზავრები Project Kuiper-ისთვის 2023 წლის დასაწყისში. ეს იქნება 3 000 თანამგზავრისგან შემდგარი საკომუნიკაციო ქსელის ჩართვა, რომელიც, როგორც იმედოვნებენ, კონკურენცია გაუწევს SpaceX-ის Starlink-ის კონსტელაციას. ამავდროულად, დაგეგმილია გაშვება რამდენიმე ახალი რაკეტისა, მათ შორის, United Launch Alliance-ის Vulcan Centaur-ისა (ის მთვარეზე გადაიტანს Astrobotic-ისა და ამაზონის ზოგიერთ თანამგზავრს) და, შესაძლოა, Blue Origin-ის დიდი რაკეტა New Glenn-ის. ორივე არის მძიმე რაკეტა, რომლებსაც შეუძლია კოსმოსში მრავალი თანამგზავრის გადატანა.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ აქტივობების რიცხვი მცირე ნამდვილად არ არის და, თანაც, უზომოდ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორც ჩანს, 2023 წელს დიდი აღტაცებით უნდა შევხვდეთ.
კომენტარები