ყველაფერი, რაც სხეულის აკნეზე უნდა იცოდეთ
აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე გლობალურად ადამიანთა დაახლოებით 9.4 პროცენტს აღენიშნება. ის სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მსუბუქი, ასევე, მწვავე სახით. ამ დროს კანი გაღიზიანებულია და მასზე არსებული თმის ფოლიკულები დახშობილია ან იქ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავს გამონაყართან გამკლავება ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს. მათ შორის არიან ინდივიდები, რომელთაც აკნე სახის მიდამოში აქვთ, მაგრამ ის არც ისე იშვიათია სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, მხრებზე, ზურგსა და გულ-მკერდზე.
წინამდებარე სტატიაში სწორედ სხეულის აკნეზე გესაუბრებით.
რა იწვევს სხეულის აკნეს?
ამ პრობლემას ხშირად ცხოვრების გარკვეულ სტილთან აკავშირებენ, როგორიც არაჯანსაღი კვებაა. მისი სიმწვავე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია:
- ასაკი
- კვებითი ჩვევები
- სტრესის დონე
- ძილის ხარისხი
- წონა
- ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება
- გენეტიკური მიდრეკილება
- მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებულობა
ჩვენს უმრავლესობა აკნე მოზარდობისას უვლინდება, მაგრამ ეს ასაკით უფროს პირებსაც აწუხებთ, რის რისკსაც ცხიმიანი კანი ზრდის. გამონაყარი ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, თუმცა თვითშეფასებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუ მას დერმატოლოგის დახმარებით დროულად არ მიხედავთ, შესაძლოა, მდგომარეობა გაუარესდეს, ამიტომ გირჩევთ, აკნე უყურადღებოდ არ დატოვოთ და სამკურნალოდ სპეციალისტს მიმართოთ.
სხეულის აკნეს ტიპები
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი მექანიკური აკნეა. ის ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც სპორტულ ჩაცმულობასა და აღჭურვილობას იყენებენ, მაგალითად, სპეციალურ ქამრებს, სამხრეებს და ა.შ. ეს ზედმეტი ზეწოლისგან სხეულის განმეორებად ტრავმას განაპირობებს, რასაც ფიზიკური აქტიურობისას მოჭერილი სამოსის გამო ჩახურება და ოფლის კანზე შენარჩუნებაც აუარესებს.
გამონაყარის მდებარეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ადგილია ყველაზე მეტად გაღიზიანებული. მათ, ვისაც ჩაფხუტის ტარება უწევთ, დიდი შანსია, რომ აკნე შუბლის, ნიკაპისა და კისრის არეში ჰქონდეთ. ლაშქრობების მოყვარულებს კი მხრებსა და ზურგზე, რადგან მათ მძიმე ჩანთის ტარება გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.
მეორე ტიპი კოსმეტიკური აკნეა. მისი განმაპირობებელი მიზეზი შესაძლოა, თმისთვის განკუთვნილი პროდუქტები აღმოჩნდეს, რომლებიც კისერზე, გულ-მკერდზე, მხრებზე ან ზურგზე ხვდება და ფორების დაბლოკვას განაპირობებს. ეს თქვენი თმის სიგრძეზეა დამოკიდებული. პოტენციური გამღიზიანებელია ზეთებისა და სილიკონების შემცველი შამპუნები, კონდიციონერები თუ თმის დასაყენებელი საშუალებები.
სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორისაა ჭარბი ოფლიანობა, ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა, მზით დამწვრობა და ა.შ.
როგორ ავიცილოთ თავიდან სხეულის აკნე
სხეულის მსუბუქ აკნესთან გამკლავება და მისი თავიდან აცილება რამდენიმე ნაბიჯით შეგიძლიათ:
- აღარ გამოიყენოთ კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც ფორების დახშობის რისკს ზრდის. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას, კერძოდ, მათში არ უნდა გვხვდებოდეს სილიკონი, ზეთები და ცვილი. ისინი უნდა იყოს არაკომედოგენური და არააკნეგენური.
- ხშირად გარეცხეთ ტანსაცმელი და თეთრეული, რადგან კოსმეტიკური პროდუქტები, კანის მკვდარი უჯრედები თუ ოფლი მსგავს ქსოვილებზე რჩება. ასეთია ქუდები, ბალიშის პირები, ზეწრები და ა.შ.
- მექანიკური აკნესგან თავის დასაცავად სპორტულ სამოსთან კანის ხახუნი სპეციალური საფარველის მეშვეობით შეამცირეთ და თავისუფალი სტილის ჩასაცმელზე შეაჩერეთ არჩევანი. ასევე, ტრენაჟორები და სავარჯიშო ნივთები გამოყენებამდე კარგად გაწმინდეთ.
- მოერიდეთ მზეს, რათა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ზიანი არ მიიღოთ.
- შეინარჩუნეთ კანის სისუფთავე, რასაც ხშირი დაბანითა და არაკომედოგენური ჰიგიენური საშუალებების მეშვეობით შეძლებთ.
თუ თქვენი აკნე ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების შემდეგაც არ ქრება და ნელ-ნელა უარესდება, აუცილებელია, დერმატოლოგს მიმართოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები