თირკმლის პრობლემების 7 ნიშანი
თირკმელი ლობიოს მარცვლის ფორმის წყვილი ორგანოა, რომელიც ადამიანის სხეულში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. კერძოდ, ის მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის შედეგად სხვადასხვა კომპონენტით მდიდარ სისხლს ფილტრავს და მას მავნე ნაერთებისგან ათავისუფლებს.
თირკმლის პრობლემები საკმაოდ ხშირია და ისინი მხოლოდ მოშარდვასთან არაა დაკავშირებული (მოყავისფრო ან სისხლიანი განავალი), არამედ სხვა სიმპტომატიკითაც ვლინდება. ამ სტატიაში სწორედ მსგავს საყურადღებო ნიშნებზე გესაუბრებით.
1. დაღლილობა
თირკმლის მიერ სისხლიდან გამოცალკევებული მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან შარდის სახით გამოიყოფა, მაგრამ როდესაც აღნიშნული ორგანოს ფუნქცია დარღვეულია, ეს ვერ ხერხდება. ის სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, რომელთა ნაკლებობაც ტვინისა და კუნთების ჟანგბადით მომარაგებას აფერხებს. ამ ყველაფრის შედეგად, თავს იჩენს დაღლილობა, სისუსტე და კონცენტრაციის გაძნელება.
2. არასრულფასოვანი ძილი
თირკმლის ქრონიკულ დაავადებასა და ძილის აპნოეს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ამ უკანასკნელის დროს სუნთქვა პერიოდულად ჩერდება, პირველი კი ხშირად თირკმლის უკმარისობას ედება საფუძვლად. როცა სუნთქვაში ხელი გვეშლება, ეს ორგანო საკმარის ჟანგბადს ვეღარ იღებს, თირკმლის პრობლემებს კი პირიქით, ძილის აპნოეს გამოწვევა შეუძლია.
3. კანის ქავილი
არაა გამორიცხული, რომ კანის ქავილის პოტენციური მიზეზი ის მომწამლავი ნივთიერებები იყოს, რომლებიც თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო სხეულიდან ვერ გამოიდევნა. ეს ორგანიზმში მინერალებისა და საკვები ელემენტების ბალანსის დარღვევის რისკს ზრდის. შეიძლება, ამას თან ერთოდეს გამონაყარი და კანის სიმშრალეც.
4. სახისა და კიდურების შესივება
როდესაც თირკმლის პრობლემებიდან გამომდინარე სხეული ჭარბი ნატრიუმისგან ვერ თავისუფლდება, სითხის დაგროვების რისკი იზრდება. თუ ეს ხდება, ადამიანს ხელები, ტერფები, ფეხები, მუხლები ან სახე უსივდება. უფრო მეტად ეს მუხლებისა და ტერფების არეშია მოსალოდნელი, იშვიათად ვლინდება თვალების გარშემოც, როცა კონკრეტული ცილები შარდში იჟონება.
5. კუნთების სპაზმი
სხეულის რომელიმე ნაწილში განლაგებული კუნთების სპაზმები შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ თქვენი თირკმლები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. კერძოდ, ამის უკან ხშირად დგას ორგანიზმში კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმისა და ამა თუ იმ ელექტროლიტის დარღვეული ბალანსი, რაც კუნთებსა და ნერვებზე ახდენს გავლენას.
6. ჰაერის უკმარისობა
როდესაც ადამიანს თირკმლის დაავადება აქვს, სხეულში ჰორმონი ერითროპოეტინი სათანადო რაოდენობით ვერ გამომუშავდება. ეს უკანასკნელი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას, რომლის დეფიციტიც ანემიის ჩამოყალიბებასა და სუნთქვის გაძნელებას განაპირობებს. ამ დროს ჰაერის უკმარისობა აღენიშნებათ, ზოგჯერ კი დაწოლისას ხრჩობის შეგრძნება ჩნდება.
7. უმადობა
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს თირკმლის რომელიმე დაავადება აწუხებს, ისეთი პრობლემები ვლინდება, როგორიცაა ღებინება ან გულისრევის შეგრძნება და მუცლის ტკივილი. ამის გამო ადამიანს საჭმლის მიღების სურვილი უქვეითდება და, საბოლოოდ, წონაშიც იკლებს.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის აღმოჩენისას დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თირკმლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები აიცილოთ თავიდან.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები