ყველაფერი, რაც ანორექსიაზე უნდა იცოდეთ
ანორექსია კვებითი აშლილობაა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადამიანის მენტალურ კეთილდღეობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მსგავსი პრობლემის ამოცნობა მარტივია.
ამ დროს პიროვნება სათანადოდ არ იკვებება, გადაჭარბებულად ვარჯიშობს და წონას იმ დონეზე იკლებს, რომ შესაძლოა, მის სიცოცხლესაც კი შეექმნას საფრთხე. წინამდებარე სტატიაში ანორექსიის რისკ-ფაქტორებსა და მისი შეჩერების გზებს გაგაცნობთ.
ანორექსიის რისკ-ფაქტორები
როგორც უკვე ვახსენეთ, გაურკვეველია, კონკრეტულად რა განაპირობებს ამგვარი აშლილობის ჩამოყალიბებას. სამაგიეროდ, კარგად ვიცით, ვინ შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
რისკ-ფაქტორებს შორისაა:
- მდედრობითი სქესი (თუმცა კაცებშიც ვლინდება)
- ბავშვობაში სხეულის მასის მაღალი ინდექსის ქონა
- გენეტიკური მემკვიდრეობა
- ტვინში შიმშილზე პასუხისმგებელი რეგიონის ანომალიური ფუნქციონირება
- სოციალური ზეწოლა (როცა სიგამხდრისკენ გიბიძგებენ)
- გრძნობების გამოხატვის გაძნელება
- წონის გამო დაცინვის გამოცდილება
- სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის გამოცდილება
- პერფექციონიზმი
- სხეულის ფორმით უკმაყოფილება
- სოციუმის ან ოჯახის მხარდაჭერის ნაკლებობა
- დაბალი თვითშეფასება
- დეპრესია, შფოთვა, სტრესი, ბრაზი, მარტოსულობა
- ხშირი დიეტა
- სოციალურობის პრობლემები
- ფსიქიატრიული აშლილობების ისტორია
- ნაადრევად/მცირე წონით დაბადება
როგორ შევაჩეროთ ანორექსია
იქიდან გამომდინარე, რომ ანორექსია შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში გადაიზარდოს, მნიშვნელოვანია, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე სპეციალისტს მიმართოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსგავს პრობლემას თქვენს ოჯახის წევრს, მეგობარს ან ახლობელს შეამჩნევთ.
მათი დახმარება რამდენიმე გზით შეგიძლიათ:
- უთხარით, რომ ზედმეტი სიგამხდრე კარგი სულაც არაა
- მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ პიროვნულ თვისებებს, და არა ვიზუალს
- წაახალისეთ, რომ საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად გესაუბრონ
- აუმაღლეთ თვითშეფასება
- ესაუბრეთ დიეტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე
- აგრძნობინეთ, რომ მათგან იდეალურობას არ ელით და ეს არცაა საჭირო
ასევე, კარგი იქნება, თუ:
- ანორექსიის შესახებ ცოდნას გაიღრმავებთ და მითების ფაქტებისგან გარჩევას ისწავლით
- ანორექსიის სიმპტომების მქონე ადამიანთან ამ პრობლემაზე საუბარს დროულად დაიწყებთ, სანამ მისი მდგომარეობა გაუარესდება
- მათ წაახალისებთ, რომ ექიმთან ან ფსიქიატრთან მივიდნენ
- მაქსიმალურად გამოხატავთ მათდამი სიყვარულსა და თანადგომას
- არ დაიშურებთ კომპლიმენტებს
- ეჭვებს მის სხვა ახლობლებსაც გაუზიარებთ, რათა თანადგომა გააძლიეროთ
- მათთვის მისაბაძი ადამიანი გახდებით ჯანსაღი კვებისა და ზომიერი ვარჯიშის მხრივ, რათა შთააგონოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები