წონის კლების 8 შესაძლო მიზეზი
ზედმეტი კილოგრამების მოშორება ბევრი ადამიანისთვის დიეტასთან, ვარჯიშთან და საყვარელ სასუსნავებზე უარის თქმასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგი ჩვენგანი წონას მცდელობის გარეშეც იკლებს. ერთი შეხედვით, ეს შესაშურ მოვლენად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, არაა გამორიცხული, რომ ამის მიზეზი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა იყოს.
ამ სტატიაში სწორედ იმ პოტენციურ მიზეზებზე გესაუბრებით, რომლებიც ზოგჯერ წონის კლებას განაპირობებს.
1. ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი არის მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება ზედმეტადაა გააქტიურებული, რის გამოც ორგანიზმში დიდი რაოდენობით თიროიდული ჰორმონები გამოიყოფა. ეს მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას იწვევს, შედეგად კი მეტი კალორია იწვება, რაც წონაზეც აისახება.
2. დიაბეტი
დიაბეტის დროს სხეულში ჰორმონ ინსულინის მიერ სისხლში არსებული შაქრის ენერგიად გარდაქმნის პროცესი ფერხდება. როცა უჯრედებში ამ ერთგვარი ბიოლოგიური საწვავის მარაგი მცირეა, სხეული ცდილობს, ეს დანაკლისი ცხიმისა და კუნთების ხარჯზე აანაზღაუროს. ხშირად ამას თან ერთვის გამძაფრებული წყურვილი, დაღლილობა, ხშირი შარდვა და შიმშილი.
3. ცელიაკია
ცელიაკია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც მარცვლეულში შემავალი გლუტენი იწვევს. როცა ის ორგანიზმში ხვდება, იმუნური სისტემა, რომელიც ბაქტერიებთან თუ ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება, შეცდომით წვრილ ნაწლავს უტევს. ეს საკვები ნივთიერებების სათანადოდ შეწოვას უშლის ხელს და წონაში ვიკლებთ. ცელიაკიისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, კანის ქავილი, სახსრების ტკივილი და პირის ღრუს გაღიზიანება.
4. სტრესი
სტრესისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ უარყოფით მოვლენას შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავაწყდეთ, რაც ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ზოგი ადამიანი სტრესის გავლენით წონაში იმატებს, მაგრამ ხშირია კლების შემთხვევებიც. როგორც წესი, ჩვეულ ფორმას სტრესის გადავლის შემდგომ მალევე ვუბრუნდებით.
5. წითელი მჭამელა
წითელი მჭამელაც ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ჩვენსავე ორგანოებსა და ქსოვილებს უტევს. წონის კლების მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება ხდება ხოლმე, რის შედეგადაც საკვებისგან საჭირო ნივთიერებებს ვერ ვიღებთ. ამ პრობლემას სახეზე წითელი შეფერილობის ლაქები ახლავს თან.
6. ედისონის დაავადება
ედისონის დაავადება მაშინ ყალიბდება, როცა თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კონკრეტული ჰორმონები საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდება, განსაკუთრებით კი კორტიზოლი. ეს ისეთ პრობლემებს განაპირობებს, როგორიცაა გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ა.შ. ხშირია უმადობა, რასაც წონის კლებისკენ მივყავართ.
7. სიმსივნე
წონის კლების ყველაზე არასასურველი და საშიში მიზეზი სწორედ სიმსივნეა, ვერაგი დაავადება, რომელსაც ყველა ვუფრთხით. სხეულში გავრცელებული ასეთი მავნე უჯრედები მეტ ენერგიას მოიხმარს და საჭმლის მონელების პროცესზეც ახდენს გავლენას, შესაბამისად, აქტიურდება იმუნური სისტემა, რასაც ასევე ენერგია სჭირდება. ამ პროცესში კი კალორიები იმაზე ჭარბად იწვება, ვიდრე ჩვეულებრივ.
8. გულის უკმარისობა
გული ჩვენს სხეულში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს. თუ გული ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილისთვის სისხლისა და ჟანგბადის სათანადოდ მიწოდებას ვეღარ ახერხებს, ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქცია დაირღვა, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც აისახება. ამ დროს ნაკლებ საკვებს იღებენ და კუჭის პრობლემებიც აწუხებთ.
თითოეული ჩამოთვლილი დაავადება სერიოზულია, ამიტომ მათზე მიმანიშნებელი სიმპტომი, როგორიც წონის კლებაა (განსაკუთრებით კი უეცარი), უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. გირჩევთ, მიზეზის დასადგენად ექიმს რაც შეიძლება მალე მიმართოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები