ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 10 მითი
საზოგადოებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალი ცრუ მოსაზრებაა გავრცელებული, რომლისაც დღემდე ბევრ ჩვენგანს სჯერა. ისინი თაობიდან თაობას გადაეცემა ისე, რომ მათ მართებულობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ამ სტატიაში მსგავს მითებს გამოვააშკარავებთ.
1. დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ
სულაც არაა საჭირო იმის დათვლა, თუ რამდენი ჭიქა წყალი დალიეთ დღის განმავლობაში. ადამიანი ყოველდღიურად წყლით მდიდარ მრავალ პროდუქტს მოიხმარს, მაგალითად, წვნიანებს, წვენებს, ხილს, ბოსტნეულს, ჩაის, ყავას და ა.შ. 8 ჭიქა წყალი, რომელიც დაახლოებით 2 ლიტრ სითხეს უტოლდება, შესაძლოა, ზოგი ინდივიდისთვის ზედმეტი იყოს, ზოგისთვის კი არასაკმარისი, ანუ ეს უნივერსალური საზომი ვერ იქნება. თუ დეჰიდრატაციას განიცდით, ამას სხეული მარტივად გაგრძნობინებთ, თუნდაც შარდის მუქი შეფერილობით.
2. კვერცხის ჭამა გულისთვის საზიანოა
კვერცხი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი საჭმელია, თანაც მისი მომზადება მარტივია, დიდ დროს არ მოითხოვს და გემრიელიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ ის გულის დაავადების ჩამოყალიბების რისკს ზრდის, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, კვერცხის გული ქოლესტერინს შეიცავს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენოს.
3. ანტიპერსპირანტების გამოყენება ძუძუს კიბოს იწვევს
დღესდღეობით ანტიპერსპირანტებსა თითქმის ყველა ადამიანი აქტიურად იყენებს. ამის მიუხედავად, ალბათ, აღნიშნული ჰიგიენური საშუალების მავნებლობის შესახებ გავრცელებული მითი თქვენც გსმენიათ. ეს ეფუძნება ცრუ ვარაუდს, რომ ანტიპერსპირანტებში არსებული ქიმიური ნივთიერებები იღლიაში, იქიდან კი ძუძუს ქსოვილში შეიწოვება და სიმსივნის რისკს ზრდის. თუმცა, ონკოლოგები მსგავს ურთიერთკავშირს არ ადასტურებენ.
4. სიცივეში ყოფნა გაციებას იწვევს
ისევე, როგორც ყველას, ბავშვობაში, ალბათ, თქვენც ხშირად მიგითითებდნენ, რომ სიცივეში დიდხანს ყოფნა კარგი არაა, რადგან შესაძლოა, გაცივდეთ. სინამდვილეში, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი არ არსებობს, მხოლოდ სიტყვები ჰგავს ერთმანეთს. გაციებასა და გრიპს ვირუსები იწვევს, რომლებთან ბრძოლაშიც იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სიცივეში დროის გატარება დაგეხმარებათ კიდეც.
5. პოლივიტამინები ყოველდღიურად უნდა მიიღოთ
მომდევნო მითი პოლივიტამინურ პრეპარატებსა და მათი ყოველდღიური დოზის მიღების საჭიროებას ეხება, რადგან მიიჩნევა, რომ ჩვენს რაციონში მათი ნაკლებობაა. როგორც მიხვდით, ეს ასე არაა და თუ დეფიციტის გეშინიათ, უბრალოდ მეტი ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და ჯანსაღი ცხიმები მიირთვით.
6. საუზმობა წონის კლებაში გვეხმარება
ამ მითზე პასუხია: გააჩნია ადამიანს. ზოგ შემთხვევაში, დილით ჭამა დღის განმავლობაში ზედმეტი საკვების მოთხოვნილებას ამცირებს, რადგან საუზმით ვართ დანაყრებული. ამის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ ის, ვინც არ საუზმობს, წონაში ვერ დაიკლებს ან შუადღესა და საღამოს საჭმელს ჭარბი რაოდენობით მიიღებს.
7. ცხვირიდან მომწვანო გამონადენი ბაქტერიულ ინფექციაზე მიანიშნებს
ჩვენს ცხვირსახოცზე არსებული გამონადენი ლაბორატორიულ ტესტებს ვერ ჩაანაცვლებს. დიახ, ზოგჯერ ეს ლორწოვანი მასა მომწვანო შეფერილობას სწორედ ორგანიზმში გავრცელებული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციის შედეგად იღებს, მაგრამ შესაძლოა, მასთან კავშირში სულაც არ იყოს, ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკებს ნუ მიიღებთ.
8. შაქარი ბავშვებს უფრო აქტიურ ხდის
ზოგადად, შაქარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანი ნამდვილად არაა, მათ შორის ბავშვებისთვისაც. ხშირად მცირეწლოვნების აქტიურობასა და მოუსვენრობას სწორედ ტკბილეულს მიაწერენ, მაგრამ მსგავსი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეცნიერულად დადასტურებული არაა.
9. შესაძლოა, უნიტაზიდან დაინფიცირდეთ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირფარეშოს გამოყენებისას ბევრი ადამიანი უნიტაზის დასაჯდომს ქაღალდით ფარავს, იმ შიშით, რომ იქიდან რაიმე ინფექცია არ გადაედოს. მსგავს სიფრთხილეში ცუდი არაფერია, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ ბაქტერიები ან ვირუსები თქვენს ორგანიზმში კარის სახელურზე ხელის მოკიდების შედეგად მოხვდეს. შესაბამისად, პირველ რიგში, ხელების სისუფთავეზე უნდა იზრუნოთ.
10. ხელების გატკაცუნება ართრიტს იწვევს
ხელების გატკაცუნება ბევრ ჩვენგანის "მავნე" ჩვევაა. თუ ეს თქვენც გახასიათებთ, გარშემომყოფებისგან ხშირად გაიგონებდით, რომ ამის გამო შესაძლოა, ართრიტი დაგემართოთ. რეალურად, ამ დროს სახსრები ან ძვლები არ ზიანდება, რადგან ხმას მხოლოდ აირის გამოთავისუფლება გამოსცემს.
გირჩევთ, ზემოთ ჩამოთვლილის მსგავს მითებს, რომლებიც ჯანმრთელობას ეხება, ბრმად არ დაუჯეროთ. სჯობს, თუ რაიმე დაგაეჭვებთ, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და ცოდნა სპეციალისტების რჩევებით ან სამედიცინო ფაქტებით გაიმყაროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები