8 ჩვევა, რომელიც თქვენი ზურგისთვის საზიანოა
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგალითად, ის, თუ როგორ მოძრაობთ, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ნერვები და სხვა. მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ტკივილის გამოწვევა და კიდურებში მგრძნობელობის დაქვეითება შეუძლია, ამიტომ ზურგს უნდა გაუფრთხილდეთ.
წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ 8 მავნე ჩვევაზე გესაუბრებით, რომლებიც თქვენი ზურგისთვის საზიანოა.
1. მოხრილად ჯდომა
ყველამ კარგად ვიცით, რომ ზურგში მოხდა სასარგებლო ნამდვილად არაა. ოჯახსა და სკოლაში, ალბათ, თქვენც მიგითითებდნენ, რომ წელში გასწორებულიყავით, რაც სავსებით ლოგიკურია. თუ ჯდომისას ადამიანის სხეულის პოზა ხერხემლის ბუნებრივ მდგომარეობას ეწინააღმდეგება, მისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან ზურგზე ამ დროს ზედმეტი ზეწოლა მოდის.
2. არაჯანსაღად კვება
ტკბილეული და სხვა სახის სასუსნავი, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის კარგი არაა, ასე თუ ისე, მაინც ყველას გვიყვარს და მათზე უარის თქმა გვიძნელდება. ამის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ გზით საჭირო ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით ვეღარ იღებთ და ზოგჯერ შედეგად ანთებით პროცესებსაც ედება საფუძველი. დამატებით, გირჩევთ, წონაც აკონტროლოთ, რადგან ზედმეტი კილოგრამები ხერხემალს ტვირთად აწვება და მას აზიანებს.
3. არასწორ პოზაში ძილი
ზურგზე ან მუცელზე წოლა ბევრი ჩვენგანისთვის კომფორტულია და ამ ჩვევის შეცვლა, რომელიც უკვე მრავალი წელია, გვაქვს, ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, მსგავს პოზებში ძილისას ხერხემლის ბუნებრივი მრუდი ირღვევა, ამიტომ, თუ სხვანაირად ვერ ისვენებთ, გირჩევთ, სწორი ბალიში და მატრასი მაინც შეარჩიოთ. სპეციალისტები გვერდულად წოლას და მუხლებს შორის ბალიშის მოთავსებას გირჩევენ, რითაც წელსა და თეძოებზე ზეწოლას შეამცირებთ.
4. მოწევა
სიგარეტის მოხმარება წელის ტკივილის რისკს დაახლოებით 3-ჯერ ზრდის და ხერხემალში არსებულ დისკებს აზიანებს. ასევე, მოწევის შედეგად ზურგის მიმდებარედ სისხლის მიმოქცევა ფერხდება, ძვლები კი ისე სუსტდება, რომ შესაძლოა, ოსტეოპოროზიც ჩამოყალიბდეს, ანუ ძვლის მასა შემცირდეს და მან სიმტკიცე დაკარგოს. ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა არა მხოლოდ თქვენი ზურგისთვის იქნება სასარგებლო, არამედ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვისაც.
5. დიდხანს ჯდომა
დღესდღეობით ადამიანთა უმეტესობა დროის უდიდეს ნაწილს მჯდომარე პოზიციაში ატარებს, როგორც სამსახურში, ასევე სახლში ყოფნისას, მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას. ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში გადაბმულად ჯდომა და უმოძრაობა ხერხემლისთვის, კისრისა და ზურგის კუნთებისთვის ძალიან ცუდია. შესაბამისად, უნდა ეცადოთ, რომ გარკვეულ პერიოდში ერთხელ წამოდგეთ, გაიაროთ და მხრებში გაიშალოთ.
6. ფიზიკური პასიურობა
დიდხანს ჯდომა იმის ერთ-ერთი ნიშანია, რომ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი არ გაქვთ არჩეული. ამ დროს ზურგის ტკივილის რისკი იზრდება, რადგან ხერხემალს მუცლისა და ზურგის კუნთების დახმარება სჭირდება. თუ არ ვარჯიშობთ, კუნთოვანი ქსოვილი ვერ გაიზრდება და ძალაც არ მოგემატებათ, ამიტომ, საურველია, კვირაში რამდენიმე დღე 30 წუთი მაინც ფიზიკურ აქტიურობას, მაგალითად, ცურვას, სირბილს, სეირნობას ან ველოსიპედით სიარულს დაუთმოთ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ველოსიპედი სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ მასზე ჯდომისას ზედმეტად მოხრა არ დაგჭირდეთ.
7. არასწორად ვარჯიში
თუ ფიზიკურად აქტიური ხართ და ცდილობთ, რეგულარულად ივარჯიშოთ, უკვე კარგია. ამის მიუხედავად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა მოძრაობას სწორად აკეთებთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ზურგის ან კისრის კუნთები ზედმეტად დაძაბოთ და ხერხემალი იმაზე მეტად დატვირთოთ, ვიდრე რეკომენდებულია. ასევე, იცოდეთ, რომ ზედმეტი ვარჯიშიც არაა სასარგებლო, რადგან ზურგის ტკივილის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ზომიერება დაიცავით.
8. მაღალ ქუსლებზე სიარული
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბევრი ადამიანის გარდერობის განუყოფელი ნაწილია და ზოგი ქალი მათ ყოველდღიურადაც კი იცვამს. რა თქმა უნდა, ვიზუალურად ისინი ძალიან ლამაზია და ტერფებსაც მშვენივრად გამოკვეთს, თუმცა ამ დროს წელისა და ზურგის კუნთები ძალიან იძაბება. ასაკის მატებასთან ერთად, პოტენციური ზიანის მიღების შანსი იზრდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ მაღალ ქუსლებს ზოგჯერ დაბალძირიანი ფეხსაცმლითაც ჩაანაცვლებთ.
გახსოვდეთ, რომ ზურგის, კისრისა და წელის ტკივილი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და ექიმს დროულად მიაკითხოთ, რათა ის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები