რა ზიანი შეიძლება მიადგეს ორგანიზმს მაღალი წნევისგან
სისხლის მაღალი წნევა, იგივე ჰიპერტენზია, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელთან გამკლავებაც ბევრ ადამიანს უწევს. გარდა იმისა, რომ ამ დროს არასასიამოვნო სიმპტომები ვლინდება, რომელთა გამოც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, საფრთხის წინაშე დგება ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობაც.
წინამდებარე სტატიებში სწორედ იმ შესაძლო გართულებებს გაგაცნობთ, რომლებიც მაღალ წნევას ხშირად ახლავთ თან.
1. არტერიების დაზიანება
არტერიები სისხლძარღვებია, რომლებიც მტკიცე და ელასტიკური უნდა იყოს, რომ სისხლი გულიდან სხვა ორგანოებამდე მიიტანოს, როგორიც, მაგალითად ფილტვები და დანარჩენი ქსოვილებია. მაღალი წნევის შემთხვევაში, არტერიების კედლებზე ზედმეტი ზეწოლა მოდის, რაც მათი დაზიანებისა და იქ ცხიმოვანი ნადების გაჩენის რისკს ზრდის. შედეგად, ისინი ვიწროვდება და სამუშაოს ძველებურად ვეღარ ასრულებს.
2. ანევრიზმა
ანევრიზმა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელსაც, სხვა მიზეზებთან ერთად, არტერიის კონკრეტული მონაკვეთზე მაღალი წნევის გამო გაზრდილი ზეწოლა განაპირობებს. ეს შესაძლოა, ნებისმიერ მსგავს სისხლძარღვში მოხდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია აორტაში, რომელიც ჩვენი სხეულის შუა ნაწილშია განლაგებული.
3. კორონარული და პერიფერიული არტერიების დაავადებები
კორონარული არტერიების დაავადებას გულთან ახლოს მდებარე სისხლძარღვებში ნადების დაგროვება უწყობს ხელს, რაც სისხლის მიმოქცევას აფერხებს. მას გულ-მკერდის არეში ტკივილი და არითმია ახასიათებს. პერიფერიული არტერიების დაავადება კი გულიდან მოშორებით არსებული სისხლძარღვების დაზიანებას გულისხმობს, მაგალითად, ხელებში, ფეხებში, მუცელსა და თავში. როგორც წესი, ამ დროს ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ და დასვენებისას უვლით.
4. გულის პრობლემები
ზოგჯერ მაღალი წნევის გამო არტერიებში ფორმირებული ნადები მათ ბლოკავს და ინფარქტს ედება საფუძვლად, რადგან გულში საჭირო ნივთიერებები და ჟანგბადი ვეღარ შეედინება. არსებობს გულის უკმარისობის საფრთხეც, რასაც წინ არტერიების შევიწროება უძღვის და ამ ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას იწვევს. ასევე, როდესაც სისხლის დინება ფერხდება, გული დიდდება, რადგან მისი კუნთი სქელდება. რაც უფრო დიდდება ის, მით უფრო ძნელად ასრულებს სამუშაოს.
5. ინსულტი
ინსულტის უპირველესი მიზეზი სწორედ სისხლის მაღალი წნევაა. ამ დროს ტვინში დასუსტებული არტერია სკდება ან იშემიური ინსულტი ვითარდება, როცა ბლოკირებული არტერიის გამო ტვინის უჯრედებში სისხლის მიმოქცევას ხელი ეშლება და მისი ერთი ნაწილი სიკვდილს იწყებს. საგანგაშო სიმპტომებს შორისაა სახის დეფორმაცია, სისუსტე კიდურებში და მეტყველების გაძნელება.
6. დემენცია
როგორც უკვე მრავალჯერ ვახსენეთ, ჰიპერტენზიისას არტერიებში ნადები გროვდება და სისხლი ორგანიზმში ისე ვეღარ მიედინება, როგორც ადრე. მათ შორის ტვინშიც, რომლის ფუნქციონირებაც ირღვევა. ეს ცვლილება ვასკულარული დემენციის სახელით ცნობილ გართულებას იწვევს და დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს აზროვნებაზე, მეტყველებაზე, მახსოვრობაზე, მხედველობასა და მოძრაობაზე.
7. თირკმლის უკმარისობა
სისხლის მაღალი წნევა თირკმლის უკმარისობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჰიპერტენზიისას თირკმლების სისხლძარღვები ვიწროვდება და მაგრდება, ამიტომ სხეულიდან ზედმეტი სითხე სათანადოდ ვეღარ გამოიყოფა. ფერხდება ნეფრონების მიერ სისხლის ფილტრაციის პროცესიც, რაც აღნიშნული ორგანოს უკმარისობას განაპირობებს.
8. მხედველობის პრობლემები
ჰიპერტენზიის მქონე ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არა მხოლოდ ტვინში, გულში, თირკმლებსა და სხვა ორგანოებში ნელდება, არამედ ის გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობის ორგანოზეც. კერძოდ, თვალის ბადურაზე, ანუ სინათლის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილის შრეზე და ოპტიკურ ნერვზე, რომელიც ტვინში სიგნალებს აგზავნის. შედეგად, მხედველობის არე ბუნდოვანდება, სრულად იკარგება ან ბადურას ქვემოთ სითხე გროვდება.
9. სქესობრივი პრობლემები
იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი წნევისას სისხლის მიმოქცევა იცვლება, პრობლემებისგან დაზღვეული არც ადამიანთა სასქესო ორგანოებია, რომელთა გამართული ფუნქციონირებაც სწორედ სისხლის მიწოდებაზეა დამოკიდებული. ეს ეხება როგორც კაცებს, ასევე ქალებს. ხშირად ჰიპერტენზია ერექციას, მის შენარჩუნებასა და ზოგად აღგზნებადობას აძნელებს, შესაბამისად სქესობრივი ცხოვრების ხარისხიც იკლებს.
10. ძილის აპნოე
ძილის აპნოე არის მდგომარეობა, როცა ხახის კუნთები ზედმეტად მოშვებულია და სუნთქვის დროებით, პერიოდულ შეწყვეტას იწვევს. საინტერესოა, რომ სისხლის მაღალი წნევა ძილის აპნოეს ედება საფუძვლად, ეს უკანასკნელი კი პირიქით, ჰიპერტენზიას, ანუ ერთგვარი წრე იკვრება, რასაც სხვა გართულებების პროვოცირებაც შეუძლია.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს. შესაბამისად, გირჩევთ, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები