კბილების ტკივილის 10 შესაძლო მიზეზი
კბილების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. იმის გარდა, რომ გვსურს, ტკივილი რაც შეიძლება სწრაფად ჩავახშოთ, ვიცით, რომ უახლოეს მომავალში სტომატოლოგთან ვიზიტი არ აგვცდება, ეს კი, როგორც წესი, არავის უხარია.
კბილების ტკივილზე ყველას კარიესი და დაპლომბვის საჭიროება გვახსენდება, მაგრამ ეს ასე სულაც არაა. მის მიღმა მრავალი მიზეზი შეიძლება იმალებოდეს და ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ ფაქტორს გაგაცნობთ.
1. მგრძნობიარე კბილები
თუ კბილები მაშინ გტკივდებათ, როცა ცივ სასმელს ან საკვებს შეექცევით, როგორიც, მაგალითად, ნაყინია, დიდი შანსია, რომ უბრალოდ ზედმეტად მგრძნობიარე კბილები გაქვთ. ამას მინანქრის დათხელება განაპირობებს, რასაც ორგანიზმში მოხვედრილ მჟავებთან ურთიერთქმედება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან კბილების ხშირი კრაჭუნი იწვევს. ცხელის მიმართ მგრძნობელობა კბილის ნერვთანაა დაკავშირებული და მის სიკვდილს მოასწავებს.
2. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია
კბილების ტკივილის ნაკლებად ცნობილი მიზეზი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციაა (TMD). მას დამატებით ყბების მოძრაობის გაძნელება და ამ დროს ხმების გამოცემა ახასიათებს. მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ხშირად ყბის ტრავმა, კბილების ერთმანეთზე ძლიერი ზეწოლა ან ართრიტია.
3. კბილების გათეთრება
დღესდღეობით კბილების გათეთრების პროცედურას ბევრი ადამიანი მიმართავს და თავს მომხიბვლელი ღიმილითაც იწონებს, მაგრამ ზოგჯერ ამის გამო კბილების მგრძნობელობა იმატებს. შედეგად, თავს იჩენს დროებითი დისკომფორტი, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში ქრება.
4. ძლიერად გახეხვა
კბილების სისუფთავესა და სიჯანსაღეზე ზრუნვა აუცილებელია, რაშიც ჯაგრისით მათი რეგულარულად გახეხვა გვეხმარება, მაგრამ უნდა ეცადოთ, ძლიერად არ დააწვეთ. ამას ღრძილების ქსოვილისა და კბილების დაზიანება, შედეგად კი ტკივილის გამოწვევა შეუძლია.
5. ღრძილების ინფექცია
ღრძილების ინფექცია საკმაოდ გავრცელებულია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 წლის ან უფრო მეტი ასაკის ზრდასრულ ადამიანთა პოპულაციაში დაახლოებით ნახევარს პერიოდონტალური დაავადება აქვს. ამის მიუხედავად, ხშირია სხვა სახის ინფექციებიც, რომლებსაც პირის ღრუში მავნე ბაქტერიების შეჭრა იწვევს და ტკივილი ახასიათებს.
6. კბილის ტრავმა
კბილის ტრავმა იშვიათი არაა, მაგრამ შესაძლოა, არც იცოდეთ, რომ ეს პრობლემა გაქვთ. ხშირად ის წლების წინ მიღებულ დაზიანებას უკავშირდება, რომლის შედეგსაც ახლა იმკით. ასეთია, მაგალითად, დაცემისას კბილების დარტყმა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ყბაზე ან პირზე ზეწოლა, ან ისეთი საკვების დაღეჭვა, რომელიც ზედმეტად მაგარია.
7. სინუსური ინფექცია
სინუსური ინფექცია, როგორც წესი, სეზონური ვირუსების პერიოდში იჩენს ხოლმე თავს, განსაკუთრებით კი გრიპთან და გაციებასთანაა დაკავშირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი კბილის ფესვი სწორედ სინუსებთან ახლოსაა განლაგებული, ინფექცია მათზეც ახდენს გავლენას და ტკივილს განაპირობებს.
8. ძილში კბილების კრაჭუნი
ძილის დროს კბილების კრაჭუნი მხოლოდ გვერდით მწოლი ადამიანისთვის შემაწუხებელი როდია. ეს უცნაური ჩვევა, რომლის შესახებაც ბევრმა ჩვენგანმა არც კი ვიცით, რომ გვაქვს, კბილებს საგრძნობლად აზიანებს. კერძოდ, ამ დროს მათი დაშლისა და "გაცვეთის" რისკი იზრდება, რასაც, რა თქმა უნდა, თან სდევს ტკივილიც.
9. დაპლომბილი/გაბურღული კბილები
როდესაც დაზიანებულ კბილს ვიპლომბავთ ან პირველ ჯერზე ვიბურღავთ, ერთ პრობლემას ვაგვარებთ, მაგრამ ზოგჯერ ტკივილი ამით სულაც არ სრულდება. შესაძლოა, თქვენც შეგინიშნავთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტისა და ამ პროცედურების ჩატარების შემდგომ საჭმლის ღეჭვისას ან ცივი საკვებისა თუ სასმლის მიღებისას დისკომფორტს გრძნობთ. საბედნიეროდ, ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან დროებითი სახე აქვს.
10. გაბზარული კბილი
კბილის გაბზარვა ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის ზედმეტად მყარი საკვების დაღეჭვამ, პირის/ყბის მიმდებარედ ტრავმის მიღებამ ან, ისევ და ისევ, კბილების კრაჭუნმა. შედეგად საჭმლის ჩაკბეჩისას, ღეჭვისას ან ცხელი/ცივი სასმლის დალევისას ტკივილი იჩენს თავს.
ჩამოთვლილთან ნებისმიერი პრობლემა სპეციალისტთან ვიზიტს საჭიროებს. ის თქვენს პირის ღრუს დეტალურად გამოიკვლევს და ტკივილის ზუსტ მიზეზს დაადგენს, რათა სათანადოდ გიმკურნალოთ ან სხვა პროფილის ექიმთან გადაგამისამართოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები