როდის და რატომ მოვიშინაურეთ კატები? — რას ამბობს მეცნიერება
ადამიანებსა და კატებს შორის კავშირი, სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის ცვლილებამ გამოიწვია.
კატების მოშინაურების ისტორია, თითქმის, 10 000 წელს ითვლის. ახალი გენეტიკური კვლევის მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადამიანებსა და კატებს შორის კავშირი, სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის ცვლილებამ გამოიწვია.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდი დააკვირდა ევროპაში, აზიასა და აფრიკაში შემთხვევით გამოყვანილი 1 000-ზე მეტი კატის გენოტიპებს. მკვლევრები კონცენტრირდნენ, თითქმის, 200 გენეტიკურ მარკერზე, რომლებიც ამყარებდა კავშირებს ადგილებსა და ჯიშებს შორის.
"ჩვენ მიერ შესწავლილი დნმ-ის ერთ-ერთი მთავარი მარკერი იყო მიკროსატელიტები, რომლებიც ძალიან სწრაფად განიცდის მუტაციას და გვაძლევს მინიშნებებს ბოლო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში კატების პოპულაციისა და ჯიშის განვითარების შესახებ", — ამბობს კატების გენეტიკოსი ლესლი ლიონსი მისურის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯიდან. "ჩვენ მიერ გამოკვლეული დნმ-ს კიდევ ერთი მთავარი მარკერი იყო ერთი ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი, რომელიც წარმოადგენს ერთეულზე დაფუძნებულ ცვლილებებს მთელს გენომში, რაც გვაძლევს მინიშნებებს მათი უძველესი ისტორიის შესახებ რამდენიმე ათასი წლის წინ."
გუნდმა შეძლო მოშინაურების ადრეული ნიშნების აღმოჩენა ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონში — ახლო აღმოსავლეთის იმ ნაწილებში, რომლებიც მდებარეობს მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის, გასწვრივ. ეს ე.წ. "ცივილიზაციის აკვანი" ადრე იდენტიფიცირებული იყო ადგილად, სადაც პირველად დაიწყო შინაური კატების ისტორია.
ამჟამინდელი ჰოლოცენური გეოლოგიური ეპოქის დაწყებისას, ადამიანები ცვლიდნენ მონადირე-შემგროვებლის ცხოვრების წესს კონკრეტულ ადგილას დამკვიდრებულ მიწათმოქმედებაზე. კატების მიერ მღრღნელებსა და სხვა მავნებლებზე ნადირობა კი ხელს შეუწყობდა ადამიანებს ცხოვრების ახალი სტილის წარმატებით განხორციელებაში და, ამდენად, მათ კატების მოშინაურების სტიმული ექნებოდათ.
ასევე იხილეთ: გგონიათ, რომ თქვენი კატა გაიგნორებთ? — არ ცდებით
ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ახლა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს. ამ გენეტიკურ შედარებებზე დაყრდნობით, ასევე ჩანს, რომ მოშინაურებული კატები ადამიანებთან ერთად მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ერთდროულად სხვადასხვა ადგილებში არ მოუშინაურებიათ.
ათასობით წლის შემდეგ, კატების გენები მთელ მსოფლიოში ახლა აჩვენებს "დისტანციით გამოწვეული იზოლაციის" ნიშნებს, რომლის მიხედვითაც, გენეტიკური მსგავსება პოპულაციებს შორის მცირდება გეოგრაფიული მანძილის გაფართოებასთან ერთად. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში კატების გენეტიკური შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კატებისგან.
მკვლევრებს ასევე სურთ, ხაზი გაუსვან განსხვავებებს ოჯახის კატებსა (Felis catus) და ზოგიერთ სხვა ცხოველს შორის — მაგალითად, ცხენებსა და ძაღლებს შორის — როდესაც საქმე ეხება მოშინაურების შედეგებს და ადამიანებთან ერთად გატარებულ ცხოვრებას.
"შეგვიძლია, კატებს ნახევრად-მოშინაურებულები ვუწოდოთ, რადგან, თუკი მათ ველურ ბუნებაში გავუშვებთ, ისინი, სავარაუდოდ, მაინც ინადირებენ მღრღნელებზე და შეძლებენ გადარჩენასა და დამოუკიდებლად შეჯვარებას მათი ბუნებრივი ქცევის დამსახურებით", — აღნიშნა ლიონსმა. "ძაღლებისა და სხვა მოშინაურებული ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ დიდად არ შეგვიცვლია კატების ქცევა მოშინაურების პროცესში, ამიტომ კატები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული ცხოველები არიან."
ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო ხელს უწყობს გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნას ისეთ მდგომარეობებზე, როგორებიცაა: სიბრმავე და კონკრეტული ტიპების ნანიზმი. კატების გენეტიკური სტრუქტურა იმაზე მეტად ჰგავს ადამიანებისას, ვიდრე სხვა არაპრიმატი ძუძუმწოვრების უმეტესობისა.
თირკმელების პოლიკისტოზური დაავადება კიდევ ერთი მაგალითია იმ მდგომარეობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია გენეტიკური ინფორმაციის საშუალებით. გენეტიკური ტესტირების შედეგად, სპარსულ კატებში დაავადების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მკვლევრები ამჟამად ატარებენ ადამიანებში დაავადების მკურნალობის კვების რაციონზე დაფუძნებულ ცდებს. და თუკი ეს ცდები წარმატებული აღმოჩნდება, ადამიანები შეძლებენ ჯანმრთელობის პრობლემების ჯანსაღი გზებით მოგვარებას.
ამდენად, კვლევა, რომელიც ხსნის კატების მოშინაურების ისტორიასა და მიზეზებს, გენეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ადამიანებში არსებული დაავადებების სამკურნალოდაც შეიძლება გამოგვადგეს.
კომენტარები