კანის პრობლემები, რომლებიც გადამდები არაა
კანის მრავალი პრობლემა არსებობს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. ვიზუალურად თვალშისაცემი ცვლილებების დანახვისას ხშირად გვგონია, რომ მსგავსი გართულებები გადამდებია და შიში გვიპყრობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი დაავადებების უმეტესობა სხვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.
წინამდებარე სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.
1. ფსორიაზი
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსორიაზი 7.5 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს. ეს ავტოიმუნური დაავადება გახლავთ, რომელიც ანთებით პროცესს იწვევს. შედეგად, კანზე ერთგვარი ქერცლი ჩნდება. ყველაზე ხშირად ის იდაყვების, მუხლებისა და სკალპის მიმდებარედ ვლინდება, მაგრამ ნებისმიერ ადგილზე შეიძლება წარმოიქმნას. ფსორიაზის განმაპირობებელი ზუსტი მიზეზი უცნობია, არ არსებობს მისი განკურნების მეთოდიც. სამაგიეროდ, ორალურად მისაღები მედიკამენტები და სხივური თერაპია სიტუაციის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
2. ეგზემა
კანის ქავილი, სიმშრალე, დასივება და შეფერილობის ცვლილება ეგზემის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, ანთების, რომელიც ხან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ხან კი საკმაოდ მწვავედ. მისი 7 ტიპი არსებობს და ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, მათ შორის ახალშობილებშიც. თეთრ კანზე ეგზემა მოწითალოდ გამოიყურება, მუქზე კი მონაცრისფროდ, მოყავისფროდ ან მოიისფროდ. ეგზემასთან საბრძოლველად მედიკამენტები, სხივური თერაპია, ინიექციები და ლოსიონები გამოიყენება.
3. ვიტილიგო
თუ კანზე ღია შეფერილობის ლაქები გაქვთ ან თმის ერთი მონაკვეთი გათეთრებულია, შესაძლოა, ვიტილიგოსთან გქონდეთ საქმე. ის მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა კანის იმ უჯრედებს ესხმის თავს, რომლებიც პიგმენტაციას განაპირობებს. ზოგჯერ ვიტილიგო ერთ ადგილზეა, ზოგჯერ კი დიდდება და ვრცელდება. მის სამკურნალოდ მიმართავენ როგორც სხივურ და მედიკამენტურ თერაპიას, ასევე ლოსიონებს.
4. როზაცეა
როზაცეას მხოლოდ სიწითლე არ ახასიათებს, არამედ მისთვის დამახასიათებელია გამონაყარი, ამობერილობები, გამოკვეთილი კაპილარები, გათხელებული კანი და წყლიანი თვალები. იქიდან გამომდინარე, რომ ის ძირითადად სახეზე ახდენს გავლენას, შესაძლოა, თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ სიმპტომებს ლაზერული თერაპიით, პრეპარატებითა და კრემებით ჩაახშობთ.
5. ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება კანზე გაჩენილი ამობერილობებია, რომელთაც ქავილი ახლავს თან. ისინი ვიზუალურად მწერის ნაკბენს მოგვაგონებს, მაგრამ როდესაც თითს აჭერ, შუაში თეთრდება. ასევე, სწრაფად ჩნდება და ქრება. ზოგჯერ ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელი ალერგია, ინფექცია, ჰორმონალური ცვლილებები ან მძაფრი ემოციებია. მის სამკურნალოდ ანტიჰისტამინი ან ეპინეფრინი გამოიყენება.
6. ზოსტერი
თუ ბავშვობაში ჩუტყვავილა გაქვთ გადატანილი, შესაძლოა, ის დეკადების განმავლობაში "მიძინებული" იყოს და შემდეგ მოულოდნელად ზოსტერის სახით ხელახლა გააქტიურდეს. ყველაფერი კანის ქავილით იწყება, რომელიც გამონაყარში გადაიზრდება. მცირე ზომის წითელი წერტილები ბებერებად იქცევა, რომლებიც 2-4 კვირაში შუშდება. სიმპტომების გასაკონტროლებლად განკუთვნილია ტკივილგამაყუჩებლები, ანტივირუსული პრეპარატები, ქავილის საწინააღმდეგო კრემები და სტეროიდები. ზოსტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სხვას გადაედოს, თუ ჩუტყვავილა მასაც გადატანილი აქვს და თქვენი გამონაყარის გამონადენთან კონტაქტი ექნება.
7. აკნე
თეთრი ფერიმჭამელები, შავი წერტილები, პუსტულები და პაპულები — ეს ყველაფერი აკნეა. როცა კანში არსებული ფორები ბაქტერიის, თმის ღერებისა და კანის მკვდარი უჯრედების გამო იბლოკება, გამონაყარი ჩნდება. მუწუკები წარმოიქმნება სახეზე, გულ-მკერდზე, ყელზე, ზურგზე ან მხრებზე. აკნეს უკან ხშირად ჰორმონები დგას და ის მოზარდობისას აქტიურდება, მაგრამ შემდეგაც ვლინდება. მას ურეცეპტო მედიკამენტებით, უფრო ძლიერი პრეპარატებით ან კრემებით ებრძვიან.
8. ალოპეცია
ალოპეციასთან ყველაზე მეტად თმის ცვენაა დაკავშირებული. ის მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის სხეული თმის ფოლიკულებს უტევს. მისი სამი ტიპი არსებობს. პირველი ნაწილობრივ სიმელოტეს იწვევს, მეორე მთლიან სკალპზე ვრცელდება, მესამე კი სხეულს თმისგან სრულად ათავისუფლებს. ეს უკანასკნელი იშვიათია. რაც შეეხება მკურნალობას, ის ალოპეციის ტიპზეა დამოკიდებული და კრემებს, ინიექციებსა თუ პრეპარატებს აერთიანებს.
9. კანის სიმსივნე
კანის სიმსივნე სხვადასხვა სახით გვხვდება, მათ შორისაა ყველაზე ცნობილი და გავრცელებული დაავადება მელანომა, ასევე ბაზალიომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. ისინი სხვა სიმსივნეების მსგავსად ჩნდება, ანუ უჯრედების ანომალიებთანაა დაკავშირებული. კანის სიმსივნის განკურნება შესაძლებელია, თუ მას ადრეულ სტადიაში ამოიცნობთ.
10. კონტაქტური დერმატიტი
კონტაქტურ დერმატიტს სხვადასხვა გამღიზიანებელი იწვევს, როგორიც საპონი და პოლიმერული სითხეა ან ალერგიები. თეთრ კანზე ის წითელი გამონაყარის სახით ჩნდება, რომელსაც ქავილი ახლავს თან, მუქ კანზე კი უფრო მოყავისფროა. ჩვეულებრივ, ის 2-4 კვირაში ქრება. ქავილის შესამსუბუქებლად სპეციალისტები პაციენტებს ცივ კომპრესებს, პრეპარატებსა და კრემებს ურჩევენ, მათ შორის სტეროიდულს.
გახსოვდეთ, რომ კანის ნებისმიერი ცვლილება საყურადღებოა და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს, რათა მოსალოდნელი გართულებები აიცილოთ თავიდან და პრობლემა დროულად მიაგვაროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები