6 ფაქტი ცელულიტის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ
ცელულიტი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეექმნას. ასეთი უსწორმასწორობა მაშინ ჩნდება, როცა კანისა და ცხიმის ერთმანეთთან დამაკავშირებელი კოლაგენის ბოჭკოები იწელება, რაც ცხიმოვანი უჯრედების გაფართოებას იწვევს.
წინამდებარე სტატიაში ცელულიტის შესახებ რამდენიმე ფაქტს გაგიზიარებთ, რომელიც უნდა იცოდეთ და მის საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებებზეც გესაუბრებით.
1. ცელულიტი ცხიმი არაა
აუცილებელია, იცოდეთ, რომ ცელულიტი პირდაპირი მნიშვნელობით ცხიმი არაა. როგორც შესავალში ვახსენეთ, კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჩაღრმავებები და ამოზნექილობები მხოლოდ იმის შედეგია, რომ ცხიმოვანი ქსოვილი კანში არსებულ მცირე ზომის "ჯიბეებშია" გადანაწილებული. ამის გამო უსწორმასწორობა იჩენს თავს, რომელიც ხშირად ბარძაყებისა და დუნდულების არეში შეინიშნება.
2. ცელულიტი ქალებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე კაცებში
იმის მიუხედავად, რომ ცელულიტი ორივე სქესის წარმომადგენლებს შეიძლება განუვითარდეთ, ის ქალებში ბევრად გავრცელებულია, ვიდრე კაცებში. ეს იმიტომ, რომ მათ სხეულში კოლაგენის ბოჭკოები პარალელურ რიგებადაა განლაგებული, როგორც ერთგვარი სვეტები. მსგავსი სტრუქტურა ცხიმის დანაწევრებას განაპირობებს, რაც მარტივი შესამჩნევია. კაცებში X ფორმის სტრუქტურა გვხვდება, ამიტომ მათ სხეულში ცხიმი უმნიშვნელოდ ფრაგმენტირდება.
3. ცელულიტი მოშორებადია
თუ ცელულიტი თქვენს თვითშეფასებასა და განწყობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, რადგან მისგან გათავისუფლება შესაძლებელია. სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ არაერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებაა ნებადართული, როგორიც, მაგალითად, ცელულაზია, ანუ ლაზერული, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა. მსგავსი მეთოდები, როგორც წესი, ძვირადღირებულია, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანია.
4. ცელულიტს ვარჯიშითაც შეამცირებთ
ვარჯიში ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლის მომტანია. ეს ცელულიტსაც ეხება, რადგან სწორი ვარჯიშით შესაძლებელია, სხეულის სხვადასხვა არეში ცხიმი თანაბრად გადაანაწილოთ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
5. წონის დაკლება ცელულიტის მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ
ცხადია, რომ სხეულში მეტი ცხიმის არსებობა ცელულიტს უფრო შესამჩნევს ხდის, თუმცა რამდენიმე კილოგრამის დაკლება მის მოშორებაში, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ცელულიტი ზედმეტ წონასთან კავშირში არაა, რადგან ქსოვილების სტრუქტურული ცვლილების შედეგია, ზოგჯერ კი სიტუაციას ჰორმონალური დისბალანსი და ანთებითი პროცესებიც ამწვავებს.
6. ულტრაიისფერი სხივები ცელულიტს აუარესებს
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ცელულიტით გამოწვეულ კანის უსწორმასწორობას უფრო მეტად გამოკვეთს, რადგან ის კოლაგენს აზიანებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ მზის მავნე სხივებისგან დამცავი კრემები რეგულარულად გამოიყენოთ.
თუ ცელულიტი გაწუხებთ, გირჩევთ, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. სპეციალისტი ამ პრობლემის მაპროვოცირებელ ფაქტორებს გამოიკვლევს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ, რომელიც მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები