ჩინეთის უხანის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა შექმნა ქურთუკი, რომელსაც უსაფრთხოების ყველაზე განვითარებული, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერებიც კი ვერ აფიქსირებენ. InvisDefense-მა, როგორც ამ "უჩინმაჩინის მოსასხამს შემქმნელებმა უწოდეს, უკვე საკმაო წარმატებას მიაღწია და Huawei-ის მიერ ჩატარებულ კონკურსზე "Huawei Cup", პირველი ადგილი დაიკავა.

შეუიარაღებელი თვალისთვის, მოსასხამი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი კამუფლაჟისპრინტიანი სამოსი, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მქონე უსაფრთხოების კამერები ვერ აღიქვამენ ადამიანს, რომელიც მას იყენებს.

დღისით, ქურთუკის სპეციალური ალგორითმის საშუალებით შექმნილი პრინტი კამერებისათვის შეუმჩნეველია. ღამით, როცა უსაფრთხოების კამერები, ჩვეულებრივ, ადამიანებს ინფრაწითელი თერმული გამოსახულებით აფიქსირებენ, მოსასხამში ჩაშენებული მოწყობილობები განსხვავებულ ტემპერატურებს ასხივებენ. შესაბამისად, ქმნიან უჩვეულო სითბურ სიგნალს, რასაც სათვალთვალო მოწყობილობა ვერ აღიქვამს.

კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტის, InvisDefense-ის მთავარი ალგორითმის შემქმნელის, ვეი ხუეის თქმით, ეს "მოწყობილობა" საშუალებას მისცემს ადამიანებს, თავი დააღწიონ AI-ის საშუალებით კონტროლსა და თვალთვალს.

ქურთუკის კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ კამერებზე გამოცდამ აჩვენა, რომ ის კამერების მიერ ადამიანის შემჩნევის ალბათობას 57%-ით ამცირებს. მკვლევრების თქმით, ყველაზე რთული კამერისა და ადამიანის თვალების მოტყუებას შორის ბალანსის დაჭერა იყო, რადგან InvisDefense-ს უჩვეულო და თვალშისაცემი დიზაინი არ უნდა ჰქონდეს.

ჩინეთში სახელმწიფო თვალთვალის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სისტემა მოქმედებს. 2019 წელს მსოფლიოს იმ 10 ქალაქში, რომლებიც სათვალთვალო ტექნოლოგიებით ყველაზე მეტად კონტროლდება, 8 ჩინური იყო. დღეს აზიურ ქვეყანაში სახის ამომცნობ AI ტექნოლოგიებს იყენებენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო აქტორები და კონტროლდება ყველაფერი, დაწყებული სინძიანგში მცხოვრები "საეჭვო" მუსლიმებით, დამთავრებული ბავშვებით, რომლებიც გვიან ღამით კომპიუტერული თამაშებით ერთობიან.

ასევე იხილეთ: "დიდი ძმა" - როგორ იყენებს ჩინეთი სახის ამომცნობ კამერებს კონტროლის დასამყარებლად

ბუნებრივია, მსგავსი მეთოდები უკმაყოფილებას იწვევს — 2020 წელს სამართლის პროფესორმა სასამართლოში ხანგჭოუს ზოოპარკის წინააღმდეგ საქმე მოიგო. ზოოპარკი სტუმრების ბიომეტრიულ მონაცემებს მათი ნებართვის გარეშე აგროვებდა. ეს ჩინეთში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლის პირველი შემთხვევა იყო.

იგივე საკითხი აწუხებდა ოთხ სტუდენტს, რომლებმაც InvisDefense შექმნეს. მათი თქმით, ტექნოლოგია აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იქნება და მისი ფასი 500 იუანს (71 დოლარი) არ გადააჭარბებს.

"უსაფრთხოების კამერები, რომლებიც AI-ს იყენებენ, ყველგან არიან. ისინი ჩვენს ცხოვრებაში იჭრებიან. ჩვენი პირადი სივრცე ტექნოლოგიისათვის ხილულია. ეს პროდუქტი სწორედ თვალთვალის გასანეიტრალებლად და ადამიანების პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დასაცავად შევქმენით", — განაცხადა ვეიმ

ახალგაზრდები ტექნოლოგიის უფრო გაძლიერებასა და მის განვრცობაზე მუშაობას გააგრძელებენ. ვეის თქმით, მომავალი კვლევები დაეთმობა იმის გარკვევას, თუ როგორ უნდა დავიცვათ სხვა ობიექტები, მაგალითად, ავტომობილები თვალთვალისგან. ასევე, მუშაობა გაგრძელდება სხვა ტიპის კამერების ხარვეზების გამოსავლენად და მათ გამოსაყენებლადაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.