მეცნიერებმა მსოფლიოში უძველესი, 2 მილიონი წლის დნმ აღმოაჩინეს — ახალი კვლევა
ახალმა აღმოჩენამ რეკორდი 1 მილიონი წლით მოხსნა.
წმინდა ჯონის კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, გამყინვარების ხანის დროინდელ ნალექში აღმოაჩინეს ეგზოგენური დნმ-ის მიკროსკოპული ფრაგმენტები. თავის სფეროში უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კვლევამ დაადგინა, რომ ფრაგმენტები ერთი მილიონი წლით ძველია, ვიდრე ციმბირული მამონტის ძვალი, რომელიც აქამდე უძველესად ითვლებოდა.
41 გამოყენებადი ნიმუშის შედეგები თიხასა და კვარცში იყო დაფარული. ისინი იმედოვნებენ, რომ, ამ ნიმუშებზე დაყრდნობით, გაარკვევენ დღევანდელი გლობალური დათბობის გრძელვადიან ეკოლოგიურ ზიანს.
"საბოლოოდ გადაიშალა ახალი ფურცელი, რომელიც მოიცავს დამატებით 1-მილიონ წლიან ისტორიას და ჩვენ პირველად შეგვიძლია, პირდაპირ შევისწავლოთ წარსული ეკოსისტემის დნმ", — თქვა პროფესორმა ესკე ვილერსლევმა, კვლევის თანაავტორმა. "დნმ-ს სწრაფად დეგრადაცია შეუძლია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სწორ გარემოებებში, ახლა შეგვიძლია, იმაზე უკან დავბრუნდეთ, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა."
უძველესი დნმ-ის ნიმუშები ღრმად იყო ჩამარხული ნალექში, რომელიც დაგროვდა 20 000-ზე მეტი წლის განმავლობაში. ნალექი ყინულში ან მარად მზრალ ნიადაგში შენარჩუნდა და, რაც მთავარია, ადამიანისგან ხელუხლებელი იყო 2 მილიონი წლის განმავლობაში.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, არასრული ნიმუშები, რომელთა სიგრძე მილიმეტრის მხოლოდ რამდენიმე მემილიონედი იყო, ამოიღეს კობენჰავნის ფორმაციიდან, თითქმის, 100 მეტრის სისქის არქტიკული ოკეანის დანალექი საბადოდან, რომელიც მდებარეობს გრენლანდიის ჩრდილოეთით, ფიორდის შესართავთან. გრენლანდიის კლიმატი იმ პერიოდში მერყეობდა არქტიკულიდან ზომიერამდე და 10-17°C-ით უფრო თბილი იყო, ვიდრე ახლაა. პატარა ყურეში მასალა ნელ-ნელა, მეტრობით გროვდებოდა.
ეს შრომატევადი პროცესი იყო, რადგან მკვლევრებს ჯერ უნდა დაედგინათ, იყო თუ არა დნმ დაფარული თიხასა და კვარცში და, თუ ასეა, შეძლებდნენ თუ არა დნმ-ის ლამიდან წარმატებით გამოყოფას. დნმ-ის გამოცალკევების შემდეგ, მკვლევრებმა მისი თითოეული ფრაგმენტი შეადარეს დნმ-ის უზარმაზარ ბიბლიოთეკებს, რომლებიც შეგროვდა ცოცხალი ცხოველებისგან, მცენარეებისა და მიკრობებისგან. კვლევის სირთულისა და შრომატევადობიდან გამომდინარე, ერთად მუშაობდა 40 მკვლევარი დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, აშშ-დან და გერმანიიდან.
როგორც აღმოჩნდა, ნამარხები დატოვეს ჩრდილოეთის ირმებმა, კურდღლებმა, ლემინგებმა, არყისა და ვერხვის ხეებმა, აგრეთვე, სხვა ცხოველებმა, მცენარეებმა და მიკრობებმა. გადაშენებული მასტოდონტი კი, გამყინვარების ხანის ძუძუმწოვარი, როგორც ჩანს, გრენლანდიაშიც ცხოვრობდა. ადრე მიაჩნდათ, რომ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში წარმოშობილი ეს სპილოს მსგავსი ცხოველები გრენლანდიაში არ იყვნენ გავრცელებულნი.
კაპ კობენჰავნის ეკოსისტემა, რომელსაც, დღესდღეობით, ანალოგი არ აქვს, იმაზე მაღალ ტემპერატურაზე არსებობდა, ვიდრე დღესაა. უფრო ზუსტად, მკვლევრების აზრით, მისი ტემპერატურა უტოლდება სამომავლო სავარაუდო კლიმატურ პირობებს, რომლებსაც გლობალური დათბობა გამოიწვევს.
"ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის ის, თუ რა ხარისხით შეძლებს სახეობები ადაპტირებას გარემო პირობების ცვლილებასთან, რომელიც წარმოიქმნება ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით. მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტ სახეობას შეუძლია ევოლუცია და ცვალებად ტემპერატურაზე მორგება, ვიდრე აქამდე ეგონათ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ, შედეგების მიხედვით, მათ ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. დღევანდელი გლობალური დათბობის ტემპი კი გვაფიქრებინებს, რომ ორგანიზმებსა და სახეობებს არ აქვს ეს დრო, ამიტომ კლიმატის საგანგებო მდგომარეობა რჩება უზარმაზარ საფრთხედ ბიომრავალფეროვნებისა და მსოფლიოსთვის — გადაშენების პრობლემა უკვე მწვავედ დგას ზოგიერთი სახეობისთვის, მათ შორის, მცენარეებისა და ხეებისთვის", — განმარტა ასისტენტმა პროფესორმა მიკელ ვ. პედერსენმა, ნაშრომის პირველმა თანაავტორმა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა გადაშენების პირას მყოფი სახეობების ადაპტაციის უნარების გაზრდაში დაეხმარებათ.
კომენტარები