ასტეროიდთან შეჯახებას შესაძლოა, მარსზე მეგაცუნამი გამოეწვია
მარსი ყოველთვის ასეთი უსიცოცხლო არ ყოფილა. ძველად იქ წყლის ბუნებრივი რეზერვუარები არსებობდა და, როგორც ჩანს, პლანეტას უმძლავრესი მეგაცუნამიც დაატყდა თავს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ასტეროიდთან შეჯახებამ გამოიწვია.
სპეციალისტებმა, სავარაუდოდ, კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი კრატერის ადგილმდებარეობასაც მიაგნეს და მას Pohl უწოდეს. ის იმ არეალშია განლაგებული, სადაც მასშტაბური დატბორვის კვალი ჯერ კიდევ 1976 წელს Viking 1-ის სახელით ცნობილმა კოსმოსურმა აპარატმა დააფიქსირა. იქაური ზედაპირის სახასიათო წარმონაქმნების მიხედვით, ტალღებს დიდი ზომის კლდოვანი ნამტვრევები უნდა წაელეკა და ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეეცვალა.
ეს ჰიპოთეზა მეცნიერებმა 2016 წლის ნაშრომში წარმოადგინეს. მაშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ მარსზე 2 ცუნამი მოხდა, 3.4 და 3 მილიარდი წლის წინ. უკანასკნელის მიზეზად მათ ასტრონომიულ სხეულთან შეჯახება დაასახელეს, რამაც ლომონოსოვის კრატერი წარმოშვა.
ადრეული ცუნამის განმაპირობებელი ფაქტორი მათთვის გაურკვეველი იყო, რადგან მარსის ჩრდილოეთის დაბლობები, რომელთაც ძველად, დიდი ალბათობით, ოკეანე ფარავდა, კრატერებითაა სავსე.
ახალი კვლევის ავტორებმა ამ ადგილის რუკა დეტალურად გამოიკვლიეს, რამაც ისინი Pohl-ის კრატერამდე მიიყვანა, რომელიც Viking 1-ის დაშვების ადგილიდან 900 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი ზომა 110 კილომეტრია და ადრეული ზღვის დონიდან 120 მეტრით დაბლაა განლაგებული.
ის 3.4 მილიარდი წლით დათარიღდა, რაც უძველესი მეგაცუნამის პერიოდს ემთხვევა. მეცნიერთა ზემოხსენებულ ვარაუდს კომპიუტერული სიმულაციებიც ამყარებს, რომელთა თანახმადაც, ასტეროიდი 9 ან 3 კილომეტრი ზომის იქნებოდა და ზედაპირის სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, 110-კილომეტრიან კრატერს გააჩენდა.
შედეგად წარმოქმნილი მეგაცუნამი 1 500 კილომეტრ მანძილზე გავრცელდებოდა, რაც ნიშნავს, რომ უზარმაზარ რეგიონს დაფარავდა. 3-კილომეტრიანი ასტეროიდის შემთხვევაში კი ტალღების სიმაღლე 250 მეტრი იქნებოდა. მსგავსი ნაკადი ზედაპირს მართლაც წალეკავდა.
ეს სიმულაციები კრატერის მიმდებარე არეალის გეოლოგიურ მახასიათებლებსა და ფორმებსაც შეესაბამება, რაც, ავტორთა აზრით, ამ ტერიტორიის შესასწავლად საკმარის მიზეზს გვაძლევს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები