შექმნეს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც მუსიკას შეხებით მოუსმენთ
მალაგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს აუდიო-ტაქტილური ალგორითმი, რომელიც მელოდიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვიბრაციის სახით გადმოსცემს. პროტოტიპი სმენადაქვეითებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, მუსიკას შეხების საშუალებით მოუსმინონ. მკვლევართა ნაშრომი ჟურნალში LNCS გამოქვეყნდა.
პროტოტიპი, კერძოდ, აუდიო-ტაქტილური ალგორითმისაგან შედგება, რომელიც მონოფონიურ მუსიკას ხელშესახებ სტიმულად გარდაქმნის. მკვლევრების თქმით, ეს "ნერვული სისტემის გატეხას ჰგავს, რომ რეალურ სტიმულზე განსხვავებული საპასუხო რეაქცია მიიღოს".
"ხანგრძლივ პერსპექტივაში ის გვინდა, რომ სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა მუსიკის "მოსმენა" შეძლონ", — მოგვიგებს ნაშრომის მთავარი ავტორი პოლ რემაში.
რემაშმა პროფესორებთან, ანდრეს ტრუხილიოსა და ფერნანდო ვიდალთან, ერთად ალგორითმი შექმნა, რომელიც MIDI (მუსიკალური ინსტრუმენტების ციფრული ინტერფეისი) ფაილებისაგან აღებულ მუსიკალურ სტრუქტურებსა თუ მახასიათებლებს "ვიბროტაქტილურ სტიმულებად" გარდაქმნის.
არსებული მოდელები გარანტიას არ იძლევა, რომ ემოციური რეაქცია მუსიკასა და მის ვიბროტაქტილურ ვერსიაზე ერთნაირი იქნება. ამის გათვალისწინებით, მკვლევრებმა "ტაქტილური ილუზიების" არანჟირება გადაწყვიტეს, რათა მუსიკალური მახასიათებლების სპექტრი გაეფართოებინათ. მათ მოძრაობის, მიმართულებისა და ადგილმდებარეობის ცვლილების სახით ვიბრაციას მეტი დინამიკა შესძინეს.
"რთული პროცესია, ვინაიდან აღქმადი სიხშირეთა დიაპაზონი კანის შემთხვევაში იმაზე მცირეა, ვიდრე სმენით სისტემაში, ამან კი, შესაძლოა, ზოგიერთი მუსიკალური მახასიათებლის დაკარგვა გამოიწვიოს", — გვიხსნიან მკვლევრები.
პირველი ექსპერიმენტებით, რომლებშიც დაახლოებით 15 მოხალისე მონაწილეობდა, დგინდება, რომ "ტაქტილური ილუზიები" დადებით ემოციებს უფრო იწვევს, ვიდრე უარყოფითს. მონაწილეებისათვის იგი ხმოვან მუსიკასთან შედარებით უფრო სასიამოვნო და მასტიმულირებელიც აღმოჩნდა. განსხვავებული იყო ემოციური რეაქციაც იმისგან, რაც ორიგინალ მუსიკაზე ჰქონდათ.
საგულისხმოა, რომ პროტოტიპის სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობაში, თუნდაც სმარტფონებში, გადატანა მარტივი იქნება. შესაბამისად, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მათი გამოგონება პორტატიული ტერმინალის შექმნამდე მიგვიყვანს, რომლის წაღებასაც ადამიანები კონცერტებზეც შეძლებენ. ამჟამად მეცნიერები მეორე მოდელზე მუშაობენ და ექსპერიმენტებს განაგრძობენ.
კომენტარები