დიმა 16 წლისაა, ქალაქ დნიპროდან. უყვარს საჭმლის მომზადება. თავისუფალ დროს ფრენბურთს ან კალათბურთს თამაშობს, ხატავს და მეცადინეობს.

ოლეგი 16 წლისაა, პისკივკადან, კიევის ოლქიდან. ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზაციის ჩატარებულ შეჯიბრებებში ხშირად იღებდა მონაწილეობას და არაერთი გამარჯვებაც აქვს მოპოვებული. სიამაყით აღნიშნავს, ზოგადად, სპორტული ერი ვართო.

21 წლის დარია დონეცკის რეგიონის ქალაქ სელიდოვიდანაა. 25 თებერვალს ბერდიანსკში უნდა წასულიყო, სადაც მედიკოსად სწავლობდა. ამის ნაცვლად ნივთების ჩალაგება ჯერ საკუთარი ქალაქიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან გასაქცევად მოუწია.

როგორ დაიწყო ომი

24 თებერვალს, დილის ხუთ საათზე, როცა დიმასა და ოლეგს ჯერ კიდევ ეძინათ, დარია დედამ გააღვიძა და უთხრა, რომ ომი დაიწყო. არ დაუჯერა და ძილი გააგრძელა. ერთი საათის შემდეგ გაღვიძებულმა მაშინვე ახალი ამბების კითხვა დაიწყო.

უიმედობის განცდა მქონდა იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება შემეძლო.

დარია

დიმამ დილის 11 საათზე გაიღვიძა და ომის დაწყების შესახებ რამდენიმე წუთში მეგობრებისგან გაიგო.

"თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ როცა ახალი ამბები ვნახე, პანიკა დამეწყო. ჩემს ქალაქში აფეთქებები იყო და დედაჩემი ტელეფონს დიდხანს არ პასუხობდა".

იმ დილით ოლეგმაც მეგობრისგან გაიგო. მისი მშობლები სამსახურში იყვნენ.

"დავურეკე. მითხრეს, რომ სახლში მოვიდოდნენ და მთხოვეს, პროდუქტები მეყიდა. მაღაზიაში რომ შევედი, უკვე უზარმაზარი რიგები იყო, მარაგი თითქმის ამოწურული".

განმარტავს, რომ პირველ დღეებში სიმშვიდე იყო, მხოლოდ უკრაინული სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

"[რუსებმა] სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. ჩვენს ქალაქში 3 ქარხანა იყო და მათგან ერთი – სამხედრო. ასე რომ, ძირითადად მათ ესროლეს ბომბები, მოგვიანებით — უკვე სახლებს", — ამბობს და იხსენებს, რომ დაბომბვისას სარდაფს აფარებდნენ თავს.

სარდაფში მხიარულება იყო. ჩვენ ვხუმრობდით, ვცდილობდით, რომ პოზიტიური განწყობა შეგვენარჩუნა.

ოლეგი

გვიყვება ქალაქ ბოროდიანკაზეც, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი სახლისგან 25 კმ-შია და როცა ქალაქი დაიწვა, ცეცხლისგან ცა ნარინჯისფერი იყო.

უკრაინელი ბავშვის, კრისტინას ნახატი წარწერით — "ჩემთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია"

უკრაინელი ბავშვის, კრისტინას ნახატი წარწერით — "ჩემთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია"

ფოტო: The Guardian

ბრძოლა გადარჩენისთვის

"ჩვენ ჩავალაგეთ ნივთები, ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გავემგზავრეთ კრამატორსკში, იქიდან საევაკუაციო მატარებლით წავედით ლვოვში. არ მინდოდა წასვლა, მთელი ჩემი ცხოვრება იქ გავატარე, მთელი ჩემი წლები", – იხსენებს დარია.

ლვოვში, პროტისტანის სასულიერო სემინარიაში ბინა დაუთმეს. ოჯახის 4 წევრს ერთ ოთახში მოუწიათ ცხოვრება. ამბობს, გადაჭედილი იყო, მაგრამ უსაფრთხოდ ვიყავითო. ერთი თვის შემდეგ პოლონეთში მოუწიათ წასვლა.

"გამიჭირდა განშორება ჩემს უმცროს ძმასთან, რომელიც ლვოვშია. უკრაინის დატოვებას ვერ ახერხებს. 19 წლისაა და სასულიერო სემინარიაში სწავლობს.

ჩემი ორი უფროსი ძმა დონეცკის დასაცავად იბრძვის, ბახმუტის მიმართულებით. მათ ყოველდღიურად ვეკონტაქტები. ჩემმა ერთმა ძმამ, ერიკმა, ომის დროს მოახერხა დაქორწინება. ტიმს კი გოგონა შეეძინა, ავრორა", — გვიყვება ის.

დიმამ სახლი 26 თებერვალს დატოვა. ყველაზე მეტად უკრაინაში დარჩენილი ბებია და ბაბუა ენატრება. მათ ცხოველების ფერმა აქვთ, რომელსაც მოვლა სჭირდება და ქვეყანა ამიტომ არ დატოვეს.

სანამ დიმა პოლონეთის საზღვარს გადაკვეთდა და სამშვიდობოს გააღწევდა, ასეულობით კილომეტრი გაიარა, მანქანაში 2 დღე გაატარა და აფეთქებას გადაურჩა.

"26 თებერვალს, დილის 6 საათზე წამოვედით. ძალიან რთული და საშინელი იყო მგზავრობა, ძალიან ხშირად იცვლიდნენ მარშრუტს. ათეულკილომეტრიანი საცობების გამო მგზავრობის პირველ დღეს, 600 კმ-ზე მეტი გავიარეთ. მხოლოდ 23:30 საათზე ვიპოვეთ სასტუმრო, სადაც შეგვეძლო ღამით გაჩერება. დილის 8 საათზე მოვემზადეთ და გამგზავრებას ვაპირებდით, მაგრამ სირენა ჩაირთო და ხალხმა სახლებისკენ დაიწყო სირბილი. დაბნეულობისგან არ ვიცოდით, რა გვექნა".

დიმა და მისი ოჯახი ადგილობრივმა ქალმა შეიფარა. იქ დამშვიდება მოახერხეს და ცოტა ხანში გზა განაგრძეს.

"10 წუთის შემდეგ მანქანით გავიარეთ პატარა სოფელი და რაკეტამ გადაგვიფრინა. ძლიერი აფეთქება იყო", — იხსენებს დიმა.

იმ ღამით მოლდოვის საზღვართან მცხოვრებ დასთან დარჩა. მეორე დღეს კი უკრაინის დასავლეთით გაემართნენ.

"ღამით მთებს მივადექით. 2 საათი ვიარეთ კომუნიკაციისა და ინტერნეტის გარეშე. იქ 5 კმ სიგრძის საცობში მოვყევით, მანქანაში გავატარეთ 2 დღე და 2 ღამე", – გვიყვება დიმა და ამატებს, რომ მას შემდეგ რაც პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, კრაკოვში ჩავიდნენ.

"ყველაზე რთული ოჯახთან განშორება იყო, უბრალოდ წასვლა არ მინდოდა", – ამბობს ოლეგი და ამ საკითხზე ბევრს არ საუბრობს.

9 წლის ვიტალიკის ნახატი ლვოვიდან, წარწერით — "დიდება უკრაინას".

9 წლის ვიტალიკის ნახატი ლვოვიდან, წარწერით — "დიდება უკრაინას".

ფოტო: The Guardian

ცხოვრება უკრაინიდან შორს

დარია პოლონეთიდან სამ თვეში დაბრუნდა. საბუთები სჭირდებოდა და უკრაინაში უნდა გაეკეთებინა. რამდენიმე დღით მშობლიურ სელიდოვშიც ჩავიდა.

ომის დაწყებიდან ერთ თვეში მის სახლში ყუმბარა შეუგდიათ. საწოლი, სარკე და ფანჯარა დაზიანდა. საკუთარ ბინაში გატარებულ ღამეს ასე იხსენებს:

პანიკური შეტევა დამემართა, ვერ დავიძინე. ქალაქში ბევრი სეპარატისტია და მთელი ღამე მეგონა, რომ სახლში მომაკითხავდნენ, რადგან უკრაინულად ვლაპარაკობდი, ან ღამით რამე მოფრინდებოდა და მე აღარ ვიქნებოდი.

მთელი ღამე ვევედრებოდი ღმერთს, შემეწყვიტა ტირილი. ვფიქრობდი, როგორ იყო ომამდე. სახლში არ მინდოდა, რადგან იქ არავინ იყო. სახლში, სადაც გავატარე ბავშვობა, სადაც ვცხოვრობდი ჩემს ძმებთან და დებთან ერთად, სადაც გავიზარდე.

დარია

გადაწყვიტა, ამჯერად გერმანიაში ეძებნა თავშესაფარი. ახლა იქ გერმანულს სწავლობს. ამბობს, ძნელია, მინდა, ყველაფერი მივატოვო და სახლში წავიდეო.

"საერთოდ არ მინდოდა წასვლა", – იმეორებს დარია, — "მაგრამ ფული აღარ მქონდა და არც საცხოვრებელი. აქ იმისთვის ვარ, რომ ვისწავლო და საარსებო წყარო ვიშოვო".

დიმა პოლონეთში ათი დღე დარჩა. შემდეგ კი გერმანიაში ჩავიდა. ახლა გერმანულ კალათბურთის კლუბ Woiza-ში თამაშობს. სურს, იქ იმუშაოს, მაგრამ ამბობს, რომ სხვაგან ცხოვრება რთულია.

"ვფიქრობ, ომის დამთავრების შემდეგ დავბრუნდები. ჩემი აზრით, ეს ნახევარ ან ერთ წელში მოხდება, თუმცა მინდა, რომ ომი უკვე ხვალ დასრულდეს".

ოლეგი გერმანიაში მეგობრის ოჯახთან ერთად მარტში ჩავიდა. მისი ოჯახის დანარჩენი წევრები უკრაინაში არიან. ამბობს, საზღვრის გადაკვეთისას დაბრკოლება არ შექმნია, ევროპამ ყველაფერი სწრაფად დააორგანიზაო. ნელ-ნელა ეგუება გარემოს. უკვე დაიწყო გერმანულის შესწავლა და მეგობრებიც შეიძინა.

ფოტო: Adobe Stock


გაეროს ბოლო მონაცემებით, ევროპაში გადაადგილებულ უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 8 მილიონს აჭარბებს. ყველაზე მეტი, 1,5 მილიონი ადამიანი პოლონეთში შევიდა.

ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი უკრაინელების რაოდენობა 2.87 მილიონია. რაც შეეხება საქართველოს, აქ 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.


ამავე თემაზე: