5 რამ, რაც აბლაციის გაკეთებამდე უნდა იცოდეთ
წინაგულთა ფიბრილაცია, იგივე მოციმციმე არითმია არარეგულარული გულისცემის ყველაზე გავრცელებული სახეა, რომელიც, როგორც მისი დასახელებიდან ვიგებთ, წინაგულებში იჩენს თავს. ხშირად მის წინააღმდეგ აბლაციის პროცედურას მიმართავენ, რაც არითმიული კერების გაუვნებლებას გულისხმობს.
ექიმები პაციენტებს ურჩევენ, რომ აბლაციის გაკეთებამდე ბოლო რამდენიმე კვირაში კვებითი რაციონი და ცხოვრების სტილი რადიკალურად არ შეცვალონ. წინამდებარე სტატიაში 5 კონკრეტულ რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც ზემოხსენებულ პროცედურამდე და მის შემდგომ პერიოდშიც უნდა გაითვალისწინოთ.
1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რისკ-ფაქტორებს
თუკი სპეციალისტთან აბლაციის საჭიროების განხილვას დაიწყებთ, საჭიროა, იმ რისკ-ფაქტორებზეც გაამახვილოთ ყურადღება, რომლებსაც მოციმციმე არითმიის გამოწვევა ან გართულება შეუძლია. ერთ-ერთი მათგანი ჭარბი წონაა, თუმცა ეს პრობლემა ნორმალური წონის მქონე ადამიანებშიც იჩენს თავს. ამ ჩამონათვალშია ძილის აპნოე და ალკოჰოლის მოხმარებაც.
შესაბამისად, კარგი იქნება თუ აბლაციამდე გარკვეული პერიოდით ადრე რამდენიმე კილოგრამს დაიკლებთ და ალკოჰოლური სასმელების მიღებასაც შეწყვეტთ ან შეამცირებთ. ძილის აპნოეს დიაგნოზის შემთხვევაში, ზედმიწევნით მიჰყევით მკურნალობის კურსს. სპეციალისტმა შესაძლოა, სათანადო მოწყობილობის გამოყენებაც გირჩიოთ, რომელიც ძილის დროს თქვენს სუნთქვას დაარეგულირებს.
2. მოერიდეთ კონკრეტული სახის მედიკამენტებს
პროცედურამდე ექიმი გირჩევთ, რომ რამდენიმე მედიკამენტის მიღებისგან თავი შეიკავოთ. ასეთია, მაგალითად, ასპირინი. ასევე, ზოგჯერ სისხლის გამათხელებლების მიღებაც არაა რეკომენდებული, თუმცა ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამის განსასაზღვრად, ექიმი დააკვირდება, რა დროში გიდედდებათ სისხლი, რასაც პროთრომბინის დროს (PT) უწოდებენ. შედეგი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებით (INR) იზომება.
თუ სისხლის გამათხელებლებს არ იღებთ, თქვენი PT-ის მაჩვენებელი 0.8-1.1 INR უნდა იყოს, საპირისპირო შემთხვევაში კი 2.0-3.0 INR. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ პაციენტის შედეგი ამ დიაპაზონში ჯდება, აბლაციასთან დაკავშირებული გართულებების ნაკლები რისკია. მაღალი მაჩვენებლის გამო შესაძლოა, პროცედურა გადაიდოს კიდეც.
3. ფრთხილად იყავით კვებისა და ფიზიკური აქტივობის ცვლილებასთან
INR-ის დონეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა ალკოჰოლის მიღების ერთბაშად შეწყვეტა, ვარჯიშის რეჟიმის რადიკალური ცვლილება და მეტი ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია, თუმცა აბლაციამდე სიფრთხილე გვმართებს.
მაგალითად, ზოგიერთ ფოთლოვან ბოსტნეულში K ვიტამინი ჭარბად გვხვდება, რაც სისხლის გამათხელებლების ეფექტიანობას ამცირებს და ორგანიზმის მიერ მათ შეთვისებას უშლის ხელს. იგივე შეიძლება მოხდეს ვარჯიშის მკვეთრი ცვლილებისა და ალკოჰოლზე უარის თქმის შემთხვევაშიც. შესაბამისად, გირჩევთ, რომ სასმლის რაოდენობა ნელ-ნელა შეამციროთ და ფიზიკური აქტივობა მეტწილად ძველებურად განაგრძოთ, სანამ პროცედურას ჩაიტარებთ და მის შემდგომ რეაბილიტაციას ბოლომდე გაივლით.
გეტყვით იმასაც, რომ სისხლის გამათხელებლების ეფექტიანობაზე სხვა მედიკამენტებიც ახდენს გავლენას, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ა.შ. ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს გაესაუბრეთ.
4. შეამცირეთ სისხლდენის რისკი
აბლაციის შემდეგ, ადამიანები, როგორც წესი, სისხლის გამათხელებლებს მინიმუმ 2 თვის განმავლობაში მაინც იღებენ. ამის გამო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რათა სისხლდენა ავიცილოთ თავიდან.
მართალია, რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა თავად პაციენტის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვეულებრივ, დაახლოებით 1 კვირა საკმარისი არის ხოლმე. ამის მიუხედავად, საფრთხის შემცველ მედიკამენტებსა და ფიზიკურ დატვირთვას უმალვე და უფრო დიდხანს უნდა მოერიდოთ.
5. ფიზიკური აქტივობა ეტაპობრივად გაზარდეთ
დამღლელი ვარჯიშისგან თავის შეკავება იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღეები უმოძრაოდ, წოლით რეჟიმში გაატაროთ. სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ, რომ სისხლის შედედების რისკის შესამცირებლად ყოველდღიურად გარკვეული მანძილი ფეხით გაიარონ.
ზოგიერთი ადამიანი ვარჯიშის ჩვეულ რუტინას აბლაციის შემდგომ 1 კვირაში უბრუნდება, მაგრამ კარგი იქნება, თუ 6 კვირა მოიცდით და ადრინდელ ფიზიკურ დატვირთვას ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ აღიდგენთ. ეს ეხება კვების რაციონის განახლებასაც.
შეგახსენებთ, რომ მოციმციმე არითმიას შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყვეს, ამიტომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლის მიმართეთ ექიმს. აბლაციის საჭიროებას ის თავად დაადგენს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები