რომაელების გაყვანილი გზები ეკონომიკურად დღემდე ეფექტიანია — კვლევა
იმპერიის დაცემიდან თითქმის 1600 წლის შემდეგაც, როგორც ჩანს, გზების რომაული სისტემა ეფექტიანობას არ კარგავს
რომაელებმა ნამდვილად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, როცა საქმე გზების გაყვანას ეხებოდა, ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ მათ მიერ ორი ათასი წლის წინ დახაზული მარშრუტები ეფექტურობას დღემდე ინარჩუნებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გზების რომაულ ქსელთან ახლოს ცხვორობთ, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ შედარებით მდიდარ ტერიტორიაზე სახლობთ. ვაჭრობა, მოგება და განვითარება, როგორც ჩანს, რომაელების დახაზულ მარშრუტებზე დღემდე მოქმედებს.
მიუხედავად ამისა, გზების გაყვანის მიზეზი მომგებიანი ქსელების შექმნა არ იყო, რომაელებს ხარისხიანი გზები სამხედრო მობილურობისათვის სჭირდებოდათ. დროთა განმავლობაში ეს გზები მნიშვნელოვან ქალაქებს დაუკავშირდა.
"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამე მოხდა მას შემდეგ, თანამედროვეობას ძალიან ბევრი რამე უნდა შეეცვალა, მაგრამ გასაოცრად, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რომაულმა გზებმა გავლენა იქონია ქალაქების კონცენტრაციაზე და მათ შორის ეკონომიკური აქტივობის განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი გამქრალი და ახალი გზებით დაფარულია", — განაცხადა გოთენბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ოლა ოლსონმა.
რომაელებმა პირველი სამხედრო ლოჯისტიკაზე გათვლილი გზების შენება დაახლოებით ძვ.წ 312 წლისთვის დაიწყეს. იმპერიის ექპანსიის პიკში, ახ.წ II საუკუნეში გაყვანილი გზების საერთო სიგრძე თითქმის 80 000 კმ-ს შეადგენდა.
მკვლევრებმა რომის იმპერიის გზების რუკები თანამედროვე სატელიტურ ფოტოებს დაადეს, რომლებზეც რეგიონები ღამითაა გადაღებული, რათა ეკონომიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეფასდეს. რუკა უფრო დეტალური ანალიზისთვის მომცრო ნაწილებად დაიყო.
მკვლევრების თქმით, რომაულ გზებსა და თანამედროვე ეკონომიკურ აქტივობას შორის შესამჩნევი დამთხვევაა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ინფრასტრუქტურა დღეს აღარ არსებობს.
რომელი უფრო რეალურია, გზები გაიყვანეს, შემდეგ კი ამან ეკონომიკური აქტივობა წაახალისა, თუ ეს გზები გაიყვანეს იქ, სადაც აქტივობა მაღალი იყო. როგორც ჩანს, პირველი მოსაზრება სიმართლესთან უფრო ახლოსაა, ამ რეგიონებში სიმდიდრე და ვაჭრობა გზებთან ერთად მივიდა. დიდი გზების ახლოს სავაჭრო ქალაქების შექმნა იმ ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.
"კვლევას განსაკუთრებით საინტერესოდ აქცევს ფაქტი, რომ ეს გზები გამქრალია, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში კი შესაძლებელი იყო ეკონომიკური სტრუქტურების ცვლილება, თუმცა, რატომღაც, ეს საქალაქო ყალიბი მაინც შენარჩუნდა", — განაცხადა ოლსონმა.
კვლევის აღმოჩენას არ იმეორებს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც ასევე რომაელების კოლონიები იყო. იქ, სადაც IV-VI საუკუნეებში ბორბლებიანი ტრანსპორტი აქლემების ქარავანმა ჩაანაცვლა, რომაული გზების "მაგია" არ მუშაობს, მათ ირგვლივ ქალაქები არ აშენებულა და ბევრი მათგანი უბრალოდ ჩანაცვლდა.
ამ რეგიონებში კავშირი ძველ გზებსა და ახლანდელ ეკონომიკურ აქტივობას შორის არ არსებობს. ამის მიზეზი, მკვლევართა აზრით, გზების ირგვლივ სავაჭრო ქალაქების არარსებობაა, რაც მრავალ ფაქტორს შეიძლება გამოეწვია, როგორც პოლიტიკურს, ისე კლიმატურს.
კვლევა დადებითად იმოქმედებს ინფრასტრუქტურული დაგეგმვის მომავალზე. გადაწყვეტილების სწორად მიღება საავტომობილო ან სარკინიგზო გზის გაყვანისას, ეკონომიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
"მაგალითად, შვედეთში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ახალი სარკინიგზო ხაზების გაყვანაზე. ძველი მარშრუტები მე-19 საუკუნისაა და თავის დროზე შვედეთის ეკონომიკურ აქტივობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. განიხილება ახალი გზები და თუ ისინი სწორად აშენდება, არაერთი საზოგადოება დიდ ეკონომიკურ ზრდას მიიღებს", — ამბობს ოლა ოლსონი.
კვლევა Journal of Comparative Economics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები