ქართველი სპეციალისტის წვლილი მთვარის მისია Artemis 1-ში — ინტერვიუ ლევან ელბაქიძესთან
აშშ-ის, ევროპის, იაპონიისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროგრამა Artemis, რომლის მიზანიც ადამიანთა მთვარეზე დაბრუნებაა, უკვე დაიწყო. 16 ნოემბერს, თბილისის დროით 10:47 საათზე საათზე, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Lunch System წარმატებით გაუშვეს.
ეს ფრენა უეკიპაჟო იყო, თუმცა მომავალში ასტრონავტების მონაწილეობით შესრულებული მისიები გველის, რომელთა შედეგადაც კაცობრიობა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს კიდევ მრავალჯერ დადგამს. მსგავსი რამ კი ბოლო 50 წელია, არ მომხდარა.
ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ამ ისტორიულ მისიაში საკუთარი წვლილი წარმოების ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ელბაქიძემაც შეიტანა, რომელსაც განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის განხრით აქვს მიღებული, ხოლო აშშ-ში საჰაერო ხომალდებზე მუშაობის ლიცენზია მოიპოვა. ის საჰაერო და კოსმოსურ აპარატებზე მომუშავე ცნობილი კომპანიის Boeing თანამშრომელია.
Boeing ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კონტრაქტორი გახლდათ, რომელმაც Space Lunch System-ის ცენტრალური საფეხურის შექმნა ითავა. ლევანი მთელ ამ პროცესში იყო ჩართული და ჯგუფის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
მას თავის კარიერაზე, მიღწევებსა და პროგრამა Artemis-ზე ვესაუბრე.
"ვფიქრობ, ამ ყველაფრით ჩემი დაინტერესება ბავშვობაში დაიწყო, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა განელდა, მაგრამ თავს მუდამ მახსენებდა", — ამბობს ლევანი.
მან NEXT.On.ge-ს პატარაობისას შექმნილი ნახატიც გაუზიარა, რომელზეც კოსმოსში გაშვებული რაკეტაა გამოსახული, მის მახლობლად კი სხვადასხვა პლანეტაა დახატული. მაშინ ლევანს, ალბათ, ვერც წარმოედგინა, რომ მოვიდოდა დრო და მსგავს აპარატზე ის რეალურად იმუშავებდა, რითაც ოცნებას აიხდენდა.
"მე ეს დღე, 1983 წელი, 21 აპრილი, 7 საათი, მთელს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. ეს ალბომი დიდობამდე უნდა შევინახო და როცა დიდი გავიზრდები, გავიხსენებ ამ წელს, ამ დღეს, ამ საათს", — წერს ლევანი თავისი პირველი ნახატის მინაწერში.
ქართველი სპეციალისტი ჯამში 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამა თუ იმ კომპანიისთვის სხვადასხვა სახის საფრენ აპარატებზე მუშაობდა. მათ შორისაა UH/HH-60M ტიპის სამხედრო ვერტმფრენის მოდელები, სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 და ა.შ.
კომპანიების ჩამონათვალი, რომლებთანაც ლევანი თანამშრომლობდა, ასეთია: Amentum, AMCOM, DynCorp, Johnson Service Group, Matthews Aviation, Strom Aviation, PlaneTech Aviation, Pyka Aerosase, Boeing.
"ჩემი საავიაციო კარიერა ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში მდებარე პატარა მაღაზიაში დაიწყო. შემდეგ კი Boeing-ის წევრი გავხდი, რომელიც NASA-ს ქვეკონტრაქტორი იყო და Space Lunch System-ის ცენტრალური საფეხურის ძრავის ნაწილის დამზადება ევალებოდა.
ზოგადად, სააგენტოს ორი ქვეკონტრაქტორი ჰყავდა. პირველს რაკეტის გამაძლიერებლებისა და ძრავების ნაწილები ებარა, ხოლო მეორე კომპანია, Lockheed Martin, კაფსულებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც გამშვებ სისტემას უნდა გამოეყოს", — ამბობს ის.
Space Launch System-ის ცენტრალური საფეხური.
ფოტო: NASA
ლევანი გვიყვება, რომ პროგრამის დასაწყისში, პირველ რიგში, საცდელი აპარატი შეიქმნა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის მხოლოდ ტესტირებისთვის იყო განკუთვნილი, ამას წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა და ფინანსები დასჭირდა, შემდეგ კი მეორე გამშვები აიგო.
"Artemis არის კაცობრიობის მიერ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. ის იმედს გვაძლევს, რომ მთვარეზე ისევ დავეშვებით, შემდეგ კი მარსის ჯერი მოვა. ახლა ეს უეკიპაჟო ფრენა იყო, თუმცა მომავალში იქ ასტრონავტები გაემგზავრებიან", — ამბობს სპეციალისტი.
მისი თქმით, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, ძალიან ამაყობს, რომ Artemis-ში, ამ უმნიშვნელოვანეს პროგრამაში მონაწილეობდა. ის აღნიშნავს, რომ მისი ბავშვობის ოცნება ამით რეალობად იქცა.
"ყოველთვის სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენ, ქართველებმა, ამ დიდ პროგრამაში საკუთარი ნაკვალევი დავტოვეთ და ამით უნდა ვიამაყოთ. მინდა, ჩემი ქვეყნის ყველა წარმომადგენელს ვუთხრა, რომ ოცნებებზე უარი არ თქვან. ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად ახდება, ჩვენ ყველანი ამ დიდი პროექტის მონაწილეები ვართ".
კომენტარები