როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანმა ბოლოს ფეხი 50 წლის წინ დადგა. ეს პატივი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ მისია Apollo 17-ში მონაწილე ასტრონავტს, იუჯინ სერნანს ერგო, რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ, როგორც "უკანასკნელ ადამიანს მთვარეზე".
მას შემდეგ რამდენიმე დეკადა გავიდა. ამჟამად მთვარე, მარსთან ერთად, არის ციური სხეული, რომელზეც მხოლოდ რობოტები სახლობენ — კაცობრიობის მიერ გაგზავნილი "ელჩები", რომელთა მეშვეობითაც ამ ობიექტების შესახებ ბევრ სიახლეს ვიგებთ და მათთან კავშირს არ ვწყვეტთ. თუმცა, დრო გადის, მთვარე კი გვიხმობს და მის უპასუხოდ დატოვებას სულაც არ ვაპირებთ.
Artemis — ესაა აშშ-ის, ევროპის, იაპონიისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროგრამა, რომლის მიზანიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა. ამ ისტორიული მისიების ფარგლებში ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ფეხს პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი დადგამს, რაც საერთაშორისო ძალისხმევის შედეგი და კაცობრიობის ერთგვარი განაცხადიც იქნება, რომელიც თანამედროვე ღირებულებებს გვიჩვენებს.
ეს ყველაფერი Artemis 1-ით იწყება, მისიით, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ის დახმარებით კოსმოსურ ხომალდ Orion-ის, სპეციალური სენსორებით აღჭურვილი მანეკენებისა და მცირე ზომის სატელიტების გაშვებას ითვალისწინებს.
ამ სტატიაში სწორედ Artemis 1-ის მნიშვნელობასა და როლზე გესაუბრებით, რომელიც მან ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში უნდა შეასრულოს.
"პატარა" ნაბიჯი დიდი მიზნისკენ
კოსმოსური ხომალდი Orion
კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან შესრულებული ფრენა ისტორიაში ნამდვილად ჩაიწერება, როგორც მთვარეზე ადამიანთა ბაზის დასაარსებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამით ეკიპაჟიან მისიებს დაედება საფუძველი, რომელთა მეშვეობითაც კაცობრიობა ღრმა კოსმოსის კვლევის ახალ ეტაპზე გადავა და საკუთარ შესაძლებლობებს აჩვენებს.
მსგავს მიზანს ზუსტად ისეთი უმძლავრესი რაკეტა შეეფერება, როგორიც Space Launch System გახლავთ. მისი მეშვეობით დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი Orion ასაჩქარებლად მთვარის გრავიტაციას გამოიყენებს და მას 70 000 კილომეტრით გასცდება, ანუ იმაზე შორს წავა, ვიდრე ადამიანს ოდესმე უმოგზაურია. ამ დროს ის დედამიწისგან 500 000 კილომეტრის მოშორებით იქნება.
მისიის ხანგრძლივობა 25 დღე, 16 საათი და 36 წუთია, რაც ნიშნავს, რომ ხომალდი კოსმოსში იმაზე დიდხანს გაჩერდება, ვიდრე ასტრონავტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი აპარატი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთების გარეშე.
გაშვებიდან რამდენიმე დღეში Orion მთვარის ზედაპირს დაახლოებით 100 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება, სანამ შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე გადაინაცვლებს. იქ ის დაახლოებით 6 დღეს დაყოფს, შემდეგ კი უკან დასაბრუნებელი მანევრის შესასრულებლად მთვარეს კიდევ ერთხელ ჩაუვლის. ახალი ტრაექტორიით ის შინისკენ გამოემართება, ატმოსფეროში 11 კმ/წმ სიჩქარით შემოვა და წყნარ ოკეანეში დაეშვება.
20 ტონა წონის მქონე კაფსულა 2 მოდულისგან შემდგება და 6 ასტრონავტზეა გათვლილი. ის დამოუკიდებლად კოსმოსში 20 დღეზე მეტხანს ძლებს, ხოლო სადგურთან მიერთების შემთხვევაში — 6 თვემდე. ასევე, Orion მზის პანელებითა და მიერთების ავტომატური სისტემითაა აღჭურვილი.
აღნიშნული კოსმოსური ხომალდის ეს ფრენა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას დაამტკიცებს, რადგან მომადევნო ეტაპზე მისი დახმარებით მთვარის მიმართულებით უკვე ასტრონავტებს გაგზავნიან.
რაკეტა Space Launch System
მთვარეზე გასამგზავრებლად უმძლავრესი რაკეტაა საჭირო, რომელიც დედამიწის გრავიტაციას დაძლევს და ასტრონავტებსა თუ ტვირთს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად განსაზღვრულ ტრაექტორიაზე განათავსებს. სწორედ ასეთია Space Launch System, რომლისთვისაც ეს პირველი ფრენა იქნება.
ორსაფეხურიანი რაკეტა ცენტრალური ნაწილისგან და 2 გვერდითა ამაჩქარებლისგან შედგება. ის ასაფრენად RS-25 ტიპის 4 ძრავს იყენებს, რომლებიც თხევად საწვავზე მუშაობს და საკმარის სიმძლავრეს წარმოქმნის, რომ რაკეტა ორბიტაზე თავისუფლად აიჭრას. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს პლანეტის მიზიდულობის ძალა აპარატს დაბლა უბიძგებს და ხელს უშლის, ამიტომ მასთან შეწინააღმდეგება მარტივი არაა.
მუშაობის პრინციპი ასეთია: ცენტრალურ ნაწილსა და გვერდითა ამაჩქარებლებში საწვავის გამოლევის შემდგომ რაკეტა მათგან თავისუფლდება, რაც წინსვლას აიოლებს. ბუსტერებს ის გაშვებიდან 2 წუთში აგდებს, მთავარ საფეხურს კი — 8 წუთში.
მათი წონის ჩამოშორების მერე დარჩენილი საფეხური, რომელზეც Orion-ია მიმაგრებული, მაღლა მიიწევს და დედამიწის დაბალ ორბიტაზე იწყებს მოძრაობას. ამ მომენტიდან რაკეტა მომდევნო მანევრისთვის ემზადება და დედამიწის გარშემო სრულად შემოვლის გარეშე ხომალდს უფრო შორს გადააადგილებს.
ამჟამად Space Launch System-ს მთვარისკენ 27 ტონაზე მეტი ტვირთის გაგზავნა შეუძლია, გარკვეული კონფიგურაციით კი ეს ზღვარი სულ მცირე 46 ტონამდე გაიზრდება. კაფსულის გამოყოფის შემდგომ რაკეტის მეორე საფეხური იმავე გზას დაადგება და მთვარის ორბიტაზე მცირე ზომის ხელოვნურ თანამგზავრებს განალაგებს, ბოლოს კი მას მზე შთანთქავს.
სამომავლო გეგმები — დიდი დაბრუნება მთვარეზე
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ რაკეტაცა და კაფსულაც ადამიანებს სათანადო სამსახურს გაუწევს, მთვარისკენ უკვე ასტრონავტებს გაგზავნიან. ეს იქნება ისტორიული პროგრამის პირველი ეკიპაჟიანი მისია Artemis 2, რომელიც 2024 წლისთვისაა ჩანიშნული.
ამ მისიის ფარგლებში ადამიანები მთვარეზე ფეხს არ დადგამენ, არამედ ისინი ციური სხეულის გარშემო იმოძრავებენ. ეკიპაჟში 4 ასტრონავტისგან იქნება შედგენილი, ხოლო ხომალდის ტრაექტორია ოდნავ შეიცვლება. ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, აპარატში ჟანგბადის მარაგი და სხვა დეტალები დაემატება. ეკიპაჟი მთვარეს 9 000 კილომეტრით გასცდება, მასთან მომდევნო ჩავლის შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდება.
კულმინაციური მომენტი მისია Artemis 3-ის განმავლობაში გველის, რომელიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაშვებას ითვალისწინებს, რაც 1972 წლიდან დღემდე, პირველი ასეთი მცდელობა იქნება. რაკეტის ფრენა 2025 წელსაა ჩანიშნული.
ასტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვებიან. ერთ-ერთი მათგანი ქალი უნდა იყოს, რომელიც 1 კოლეგასთან ერთად მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 6 დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში ისინი დედამიწის თანამგზავრის გრუნტზე გაივლიან და მეცნიერულ დაკვირვებებს განახორციელებენ. დანარჩენი 2 ასტრონავტი Orion-ში დარჩება. ეკიპაჟის ჩასვლამდე იქ საჭირო ტექნიკა გაიგზავნება, როგორიც მთვარემავალია, რომელიც მათ უკვე ადგილზე დახვდებათ.
პარალელურად, მთვარის ორბიტაზე სპეციალური კოსმოსური სადგური, სახელად Lunar Gateway გაეშვება, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე საკომუნიკაციო ჰაბის, სამეცნიერო ლაბორატორიისა და ასტრონავტთა საცხოვრებელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს. მისია Artemis 4-ისა და Artemis 5-ის ფარგლებში, 2027-28 წლებში, სადგურს ახალ მოდულებს მიუერთებენ.
ამ ყველაფრით კაცობრიობის მიერ კოსმოსის კვლევის ახალი ერა დაიწყება. მთვარის ათვისება დაგვეხმარება, უფრო შორეული მოგზაურობებისთვის მოვემზადოთ, რადგან შემდეგი გაჩერება მარსია. ადრე თუ გვიან, კაცობრიობა მრავალპლანეტური ცივილიზაცია გახდება და მარსი იქნება პირველი პლანეტა დედამიწის გარდა, რომელზეც ადამიანი ფეხს დადგამს.
კომენტარები