ემოჯები, GIF-ები და ახლა უკვე კლიპები! ამიერიდან, ინტერნეტში ემოციების გამოხატვა ბევრად უფრო მრავალფეროვნად შეგეძლებათ, რადგან ქართულმა სტარტაპმა KIKLIKO-მ Presto Ventures-ისგან $100 000-იანი Pre-seed დაფინანსება მიიღო.

"KIKLIKO ხდება მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპებისა და ვიდეო მიმების მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმა. ჩვენს ბაზებში გაერთიანებულია ათასობით ფილმისა თუ ვიდეოს მოკლე კონტენტი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად, ემოციების გასაზიარებლად ან კონტენტის შესაქმნელად იყენებენ. 1 წლის წინ ჩვენ პირველი mvp შევთავაზეთ ბაზარს ვებსაიტისა და აპლიკაციების სახით, ხოლო იანვარში პირველი ინტეგრაცია გავუშვით iMe Messenger-თან, სადაც როგორც Emoji-ებსა ან GIF-ებს, ისე იყენებს ხალხი ვიდეო კლიპებს. მომავალ წელს კი ბევრად დიდი ინტეგრაციები გველის წინ ასობით მილიონიან მომხმარებლიან სოციალურ ქსელებთან. ამ გზის მანძილზე KIKLIKO-ს გუნდს არაერთხელ მოუწია უარის თქმა ინვესტიციაზე სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ მოხარულები ვართ რომ Presto Ventures, კერძოდ კი Roman Novacek-სა და Vojta Rocek-ს შევხვდით და მათთან დავპარტნიორდით. საერთო ჯამში კიკლიკოში $100,000იანი ინვესტიცია ჩაიდო, ამით კი რაუნდი დაიხურა", — გვიყვება KIKLIKO-ს შემქმნელი, ქართველი ანტრეპრენერი და Forbes 30 under 30-ის ალუმნი, გივი ბერიძე.

ასევე იხილეთ: KIKLIKO — ქართული პლატფორმა ხმოვანი GIF-ებისთვის, რომელსაც მალე მილიონობით ადამიანი გამოიყენებს

მიმოწერისას ემოციების გამოსახატავად ნაწყვეტებს პოპულარული ფილმებიდან და სერიალებიდან მილიონობით ადამიანი იყენებს. KIKLIKO, პოპულარული კლიპებისა და ვიდეო მიმების სოციალურ ქსელებსა და მიმოწერის აპლიკაციებში ჩაშენებული "ბიბლიოთეკა", მომხმარებელს სასურველი კონტენტის მოძებნის, გადმოწერის, შექმნისა და გაზიარების საშუალებას აძლევს. გივი ბერიძის მიერ დაარსებული KIKLIKO კლიენტებს მიმოწერის მონეტიზაციის ახალ და აბსოლუტურად უსაფრთხო გზას სთავაზობს.

გივი ბერიძე, ანტრეპრენერი, KIKLIKO-ს თანადამფუძნებელი

ფოტო: KIKLIKO

Instagram Reel-ებისა და TikTok-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მიმებსა და GIF-ებს თანდათან მოკლე ვიდეოკლიპები ანაცვლებს. GIPHY-ის, Tenor-ისა და Gfycat-ის წარმატების კვალდაკვალ, KIKLIKO ხმოვანი GIF-ების ბაზისა და საძიებო სისტემის შექმნით ამ მზარდ ტრენდს მიჰყვება.

"ემოციების გამოხატვა ხმის დახმარებით უკეთესია. მილიონობით ადამიანი YouTube ვიდეოებიდან კომპიუტერის საშუალებით ჭრის კლიპებს, რათა ისინი იმ ხალხს გაუგზავნოს, რომელსაც ეკონტაქტება. KIKLIKO ჩატში ვიდეო კლიპების გამოყენებას ამარტივებს და ხალხს ეს ძალიან მოსწონს", — განაცხადა KIKLIKO-ს თანადამფუძნებელმა, ანტრეპრენერმა და Forbes 30 under 30-ის ალუმნიმ, გივი ბერიძემ.

ფოტო: KIKLIKO

KIKLIKO-ს პოპულარობა თანდათან იზრდება. ყოველკვირეული 5-7%-იანი ზრდით, სტარტაპს 2023 წლის მე-2 მეოთხედში მილიონი დღიური მომხმარებელი ეყოლება.

"ვამაყობთ, რომ დღემდე ჩვენი ზრდა ორგანული და პროდუქტით გამოწვეული იყო. ამჟამად ვმუშაობთ მოწინავე სოციალურ ქსელებთან და მესინჯერებთან, რათა ახალი ფუნქციების განვითარებასთან ერთად ჩვენი ინტეგრაციის რიცხვიც გავზარდოთ. ამჟამად გეგმაში ორი დიდი ინტეგრაციაა, რაც 900 მილიონზე მეტ მომხმარებელთან წვდომას მოგვანიჭებს. ჩვენი მიზანი 2023 წლის პირველი მესამედში მილიონი დღიური მომხმარებლის ყოლაა, თუმცა პოტენციალი ბევრად დიდია და შეიძლება ამ რიცხვმა 10 მილიონ დღიურ მომხმარებელსაც მიაღწიოს", — განაცხადა KIKLIKO-ს თანადამფუძნებელმა და ტექნოლოგიურმა ხელმძღვანელმა (CTO) ვასკა ჩადუნელმა.

ვასკა ჩადუნელი, KIKLIKO-ს თანადამფუძნებელი და CTO

ფოტო: KIKLIKO

KIKLIKO მესინჯერებს, სოციალურ ქსელებსა და აპლიკაციებს უფასო უვადო API-ს სთავაზობს კლიპებით მიმოწერის ფუნქციონალისთვის, რათა ისინი მომხმარებლისთვის უფრო სახალისო გახადოს და, შესაბამისად, ჩართულობისა და საერთო მოხმარების მაჩვენებელი გაზარდოს. KIKLIKO უკვე ინტეგრირებულია Telegram-ზე დაფუძნებულ აპლიკაცია iMe Messenger-ში. ამჟამად არაერთ ელექტრონული საფულის პროვაიდერთან ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს, რათა მომხმარებლებმა ტრანზაქციებისათვის სასაცილო კლიპების მიბმა შეძლონ.

მესინჯერები დამოუკიდებელი ეკოსისტემებია და მათი მარკეტინგული პოტენციალი ჯერ ისევ დიდწილად გამოუყენებელია. ამავდროულად, კონფიდენციალურობისა და მონაცემთა მრავალი რეგულაციის გამო, გლობალური კომპანიები მომხმარებელთა მოზიდვის კუთხით დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. როგორც მომხმარებელთათვის, ისე საკომუნიკაციო პლატფორმებისათვის უფასო KIKLIKO, საკუთარი პლატფორმის მონეტიზაციას ბრენდის intent-based სარეკლამო ინსტრუმენტად ქცევით გეგმავს.

"მიუხედავად იმისა, რომ მიმოწერის აპლიკაციებს ყოველდღე მილიარდობით ადამიანი იყენებს, მომხმარებელთა ამ მასის მონეტიზაციის მარტივი და პირდაპირი გზა არ არსებობს. KIKLIKO-მ ჩვენი ყურადღება მონეტიზაციის ახალი და უჩვეულო გზით მიიქცია, რომელიც კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას არ არღვევს", — განაცხადა ქართველ ანტრეპრენერთათვის მხარდაჭერის მიზეზებზე საუბრისას ვოიტა როჩეკმა Presto Ventures-დან.

ფოტო: KIKLIKO

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი წერს საძიებო სისტემაში სიტყვებს "მე მშია", მიმოწერის პროცესში საყვარელი მიმის ძებნისას ამას ძალიან ბევრი მათგანი აკეთებს. სწორედ ეს არის მომენტი, როცა მათ შეიძლება იხილონ კრეატიული და სასაცილო კლიპი, რომელიც McDonald's-ის მსგავსი რესტორნების ქსელის რეკლამა იქნება. ჩვენი მიზანია, გლობალურ კომპანიებს მიმოწერის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევის გარეშე მონეტიზაციის საშუალება მივცეთ", — განაცხადა გივი ბერიძემ.

KIKLIKO-ს ვიდეოთეკაში არსებული კონტენტი სრულად DMCA პოლიტიკასთან შესაბამისობაშია. სამომავლოდ, გივი ბერიძის გუნდს საავტორო უფლებების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა სურს, რათა კონტენტის ბრენდინგისა და მისი API-ის მეშვეობით გაყიდვით დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.