KIKLIKO — ქართული პლატფორმა ხმოვანი GIF-ებისთვის, რომელსაც მალე მილიონობით ადამიანი გამოიყენებს
საუკუნეების განმავლობაში, ერთმანეთისგან დიდი მანძილებით დაშორებული ადამიანები ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო გზებს ეძებდნენ. ოდესღაც, ამისთვის ადამიანებს ათასობით კილომეტრის ფიზიკურად გავლა უწევდათ. საუკუნეების გასვლის შემდეგ ეს ყველაფერი აჩქარდა და იქამდე მივედით, რომ მე-20 საუკუნეში ინტერნეტი შევქმენით. ასე მანძილები თითქოს გაქრა. დღეს ინტერენეტს 4.66 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ანუ მთელი პლანეტის 59.5% უკვე ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
რადგან მანძილის პრობლემა გადაიჭრა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ უამრავი ახალი საკომუნიკაციო არხი გაგვიხსნა, ფიქრი იმაზე დავიწყეთ, თუ როგორ გაგვეხადა ინტერნეტი მეტად გამომხატველი. მაგალითად, მანამ სანამ პირველი სოციალური ქსელები და ფეისბუქი გაჩნებოდა, ადმიანები ერთმანეთთან ფორუმების მეშვეობით ურთიერთობდნენ, სადაც არც ემოჯიები იყო და ვერც ფოტოებს ჩაუყრიდით ერთმანეთს. ეს მალევე შეიცვალა. ინტერნეტი უსწრაფესად იხვეწება, დღეს ადამიანები ერთმანეთს ვიდეოზარებით ვეკონტაქტებით და ამ პროცესში უამრავი ფილტრისა თუ ფონის მორგებაც შეგვიძლია. მეტიც, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა იმდენად იხვეწება, რომ სულ მალე ალბათ მეტავერსებში გადავინაცვლებთ, თუმცა აქამდე მაინც დიდი გზაა და სანამ ეს მოხდება, კომუნიკაციის ყველაზე პოპულარულ გზად მიმოწერა რჩება.
თუნდაც ფეისბუქის მესენჯერში ჩვენ უამრავი ხელსაწყო გვაქვს, რომელიც ჩვენი ემოციებისა და აზრების გამოხატვაში გვეხმარება. წერის დროს ჩვენ ემოჯიებს, ხმოვან მესიჯებს, მიმებსა თუ გიფებს ვიყენებთ, მაგრამ დღეს ახალ ქართულ სტარტაპზე მოგიყვებით, რომელიც ამ ჩამონათვალის გამრავალფეროვნებას აპირებს.
Kikliko — პლატფორმა ხმოვანი GIF-ებისთვის
შეიძლება, ამაზე აქამდე არ გიფიქრია, მაგრამ გაიხსენე, რამდენჯერ გაგიგზავნია გიფი მეგობრისთვის და მოგნდომებია, რომ მას ხმაც ჰქონოდა. კიკლიკოს სურს, რომ ხმოვანი გიფები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და მათ ნებისმიერ აპლიკაციაში მიმოწერისას ჩვეულებრივად ვიყენებდეთ.
Kikliko-ს აპლიკაციაც აქვს, მისი განვითარების ამ ეტაპზე, ხმოვანი გიფების გამოყენება ყველაზე მარტივი სწორედ ამ გზითაა. აქედან მათი გაგზავნა ჩათებში პირდაპირ, ვიდეოს სახით შეგიძლიათ, ანუ ადრესატს ლინკზე გადასვლა არ მოუწევს და ხმოვან გიფს პირდაპირ მესნჯერში გახსნის.
კიკლიკოს გამოყენება სამი გზით, Google Chrome-ის ექსთენშენის მეშვეობით და Andorid-ისა და iOS-ის აპლიკაციებით იქნება შესაძლებელი, თუმცა სანამ მის გამოყენებაზე გადავიდოდეთ, სჯობს პლატფორმის პირველი ნაბიჯების შესახებ კიკლიკოს შემქნელს, გივი ბერიძეს ვესაუბროთ.
როგორ გაჩნდა კიკლიკო?
"დიდი ალბათობით, ერთხელ მაინც გექნებათ სოციალურ ქსელში მიმოწერის დროს ან რომელიმე პოსტზე კომენტარის გაკეთებისას რამდენიმეწამიანი ვიდეო გაზიარებული. ეს კი იმისათვის, რომ თქვენი ემოცია უკეთესად გამოგეხატათ. ეს შეიძლება ყოფილიყო მომენტი კინოფილმიდან, პოპულარული ვიდეოდან ან რომელიმე სატელევიზიო შოუდან. ამას კი იმიტომ ვაკეთებდით, რომ რამდენიმეწამიანი ხმოვანი მომენტები ხანდახან უფრო კარგი გზაა ემოციის გამოსახატად, ვიდრე უხმო GIF-ები.
სწორედ ასე დაიბადა იდეა, შეგვექმნა ხმოვანი გიფების პლატფორმა KIKLIKO, რომელიც 1 თვეა გავუშვით და მას უკვე ათასობით მომხმრებელი იყენებს, მომდევნო თვეებში კი ეს რიცხვი მილიონებამდე გაიზრდება. ჩვენ შევქმენით ვებგვერდი, მობილური აპლიკაციები და browser-ის ექსთენშენი. ვებსაიტზე ყველას შეუძლია ჩვენი კონტენტის ნახვა და დაკოპირება ან თავიანთი კონტენტის შექმნა. გარდა ამისა, მომხმარებლის მხარეზეც ვიფიქრეთ და მათ შესაძლებლობა ექნებათ დაალაიქონ ან დააკომენტარონ გიფებზე, ასევე, შესაძლებელი იქნება სასურველი კონტენტის კოლექციების გაკეთება", — მიყვება გივი ბერიძე.
გივი აღინიშნავს, რომ ამ ეტაპზე უფრო კომოფორტული Mobile App-ების გამოყენებაა, რადგან მათი მეშვეობით პირდაპირ ვიდეოს სახითაა შესაძლებელი ხმოვანი გიფის გაგზავნა ისე, რომ მიმღებს არ მოუწიოს ლინკზე გადასვლა მის სანახავად.
Browser Extension საშუალებას იძლევა კომპიუტერით მიმოწერისას საიტზე გადასვლის გარეშე მოიძიოთ სასურველი ხმოვანი გიფი და მეგობრებს ნებისმიერ მესენჯერში ან სოციალურ ქსელში ჩაუგდოთ. თუ ეს ექსთენშენი მათაც უყენიათ, მაშინ გიფის ნახვასა და მოსმენას იქვე შეძლებენ.
ვინ არიან კონკურენტები და რა უპირატესობა აქვს კიკლიკოს მათთან შედარებით
თუ ჩვენ გუგლში შევალთ და ხმოვან გიფებს მოვიძიებთ, ბევრს ვერაფერს მივიღებთ. მსგავსი პლატფორმა, სადაც ხმის მქონე გიფებია და არა გალუპული ხმოვანი ვიდეოები, როგორსაც Coub გვთავაზობს, ნამდვილად არ მოიძებნება.
გივისთან საუბრიდან ვიგებთ, რომ მან და მისმა გუნდმა პროექტზე მუშაობა 2021 წლის ივნისში დაიწყო.
"იყო პრეცედენტი GyfCat-ისგან და კიდევ 1-2 სტარტაპისგან 2015-2017 წლებში, მაგრამ ვერ გახდნენ წარმატებულები ამ კუთხით, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის, ყველაზე მნიშნელოვანი დროის სწორად შერჩევა იყო", — გივი ბერიძე, კიკლიკოს დამფუძნებელი.
ბოლო დროს, GIPHY-მაც დაიწყო თავისი პროდუქტის GIPHY CLIPS-ის პოპულარიზაცია, მაგრამ გივის თქმით, დღესაც კი კიკლიკო მათზე უკეთესი პროდუქტია, უკეთესი კონტენტით.
"ისინი ჩვენზე ბევრად დიდები არიან, მაგრამ მათთვის კლიპსი არის მე-5 მიმართულება, ჩვენთვის კი ეს ერთადერთია, სწორედ ამ უპირატესობითა და მოქნილობით ვებრძვით კონკურენციას და ყოველდღე ახალ-ახალ აპლიკაციებთან გვაქ მოლაპარაკება ინტეგრაციის კუთხით, რითიც, საბოლოო ჯამში, შევძლებთ ამ კონკურენციის გარღვევასა და მსოფლიო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას", — ამბობს გივი ბერიძე.
კიკლიკოს დიდი ამბიციები აქვს. გივის თქმით, ჯერ მარკეტინგზე ფულს თითქმის არ ხარჯავენ, რადგან პროდუქტი ბოლომდე დასრულებული არ არის. საბოლოო მიზანი კი მისი მსოფლიო ბაზარზე გატანა და ვირუსულად გავრცელებაა. ამ ეტაპზე კი პროდუქტზე 5 ადამიანი მუშაობს.
როგორ გამოვიყენოთ კიკლიკო და რა მოხდება მომავალში
"კიკლიკოს გამოყენება შესაძლებელია ვებსაიტით Kikliko.com, ბრაუზერის ექსთენშენით ან Android მობილური აპლიკაციით. დაახლოებით 2 კვირის ვადაში iOS-საც ჩავუშვებთ", — მიყვება გივი ბერიძე.
კიკლიკოში ამბობენ, რომ მათ აპლიკაციას გაშვებიდან 4 საათში უკვე 3000 გამოდწერა ჰქონდა. გადმოწერათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, გივი ამბობს, რომ მათ მოახერხეს და უკვე 2 Messenger აპლიკაციას შეუთანხმდნენ ინტეგრაციაზე, რომლებსაც ჯამში 6 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ გაშვების დღიდან ჩვენც 6 მილიონი მომხმარებელი გვეყოლება, საიდანაც, ცხადია, რაღაც ნაწილი გამოიყენებს კიდეც კიკლიკოს.
Kikliko-ს აპლიკაციები განვითარების ადრეულ სტადიაზეა. როგორც გივიმ გვითხრა, iOS-ისთვის განკუთვნილი პროგრამა, დაახლოებით, 2 კვირაში ჩაეშვება, ანდროიდზე კი პირველი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწავდომია.
"ამ მომენტამდე მოვედით ჩვენი პირადი თანხებითა და გრანტებით, რისთვისაც დიდი მადლობა GITA-სა და TBC Startuper-ს. ამ ეტაპზე უკვე დავიწყეთ ფანდრაიზინგი, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ გუნდი გავზარდოთ, სწრაფად დავიწყოთ აპლიკაციებში ინტეგრაცია და 6-12 თვის ვადაში ჩვენი მომხმრებლების რაოდენობა 30-50 მილიონამდე ავიყვანოთ", — ამბობს გივი ბერიძე.
30-50 მილიონი მომხმარებლის ყოლა — ეს ის დიდი მიზანია, რომელიც კიკლიკოს შემქმნელებს 6-12 თვის ვადაში აქვთ. რა იქნება შემდეგ, დრო და ხმოვანი გიფები გვიჩვენებს.
კომენტარები