თუკი უცხოპლანეტელები დედამიწას დააკვირდებოდნენ, უამრავი ადამიანური ტექნოლოგია — დაწყებული ანძებითა და დამთავრებული მანათობელი ნათურებით — სიცოცხლის არსებობის შუქურად გადაიქცეოდა. შეგვიძლია თუ არა ეს სხვა, შესაძლო დასახლებულ პლანეტებზეც განვაზოგადოთ?

ასტრონომებმა, რომლებიც მუშაობენ არამიწიერი ინტელექტის (SETI) ძიებაზე, კვლევაში დაახასიათეს და აღმოაჩინეს ტექნოლოგიის ნიშნები (ე.წ. ტექნოხელწერები), რომლებიც წარმოიქმნება დედამიწის მიღმა. სწორედ მათი დახმარებით გრძელდება ნაბიჯების გადადგმა უცხოპლანეტური ცივილიზაციის აღმოსაჩენად, იმისათვის, რომ გვქონდეს პასუხი კითხვაზე — მარტონი ვართ თუ არა ამ სამყაროში?

რადიოსა და ლაზერების გამოყენებით ნათქვამი გამარჯობა

არამიწიერი ინტელექტის თანამედროვე მეცნიერული ძიება დაიწყო 1959 წელს, როდესაც ასტრონომებმა, ჯუზეპე კოკონიმ და ფილიპ მორისონმა, აჩვენეს, რომ დედამიწიდან რადიოგადაცემის აღმოჩენა შესაძლებელი იყო რადიოტელესკოპებით ვარსკვლავთშორის მანძილზე. იმავე წელს ფრენკ დრეიკმა წამოიწყო პირველი SETI ძიება, პროექტი ოზმა, დიდი რადიოტელესკოპით ორი ახლომდებარე მზის მსგავსი ვარსკვლავისკენ, რათა დაენახა, შეეძლო თუ არა მათგან მომდინარე რადიოსიგნალების აღმოჩენა. 1960 წელს ლაზერის გამოგონების შემდეგ, ასტრონომებმა აჩვენეს, რომ ხილული შუქის აღმოჩენა შესაძლებელია შორეული პლანეტებიდანაც.

ფოტო: G. Hüdepohl/ESO, CC BY

ეს იყო პირველი, ფუნდამენტური მცდელობები სხვა ცივილიზაციის რადიო ან ლაზერული სიგნალების აღმოსაჩენად. ყველა ეძებდა ფოკუსირებულ, მძლავრ სიგნალებს, რომლებიც განზრახ იქნებოდა გაგზავნილი მზის სისტემაში, რათა აღმოეჩინათ. 1960-იანი წლების ტექნოლოგიური შეზღუდვების გათვალისწინებით, ასტრონომები სერიოზულად არ ფიქრობდნენ სამაუწყებლო სიგნალების ძიებაზე, როგორიცაა დედამიწაზე არსებული სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა, რომელიც გაჟონავდა კოსმოსში. მაგრამ რადიოსიგნალის სხივი, რომელსაც მთელი მისი ძალა დედამიწისკენ აქვს მიმართული, შეიძლება აღმოჩენილი იყოს ბევრად უფრო შორიდან — უბრალოდ წარმოიდგინეთ განსხვავება ლაზერსა და სუსტ ნათურას შორის.

განზრახ გაგზავნილი რადიო და ლაზერული სიგნალების ძიება დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული SETI სტრატეგიაა. თუმცა, ეს მიდგომა ვარაუდობს, რომ არამიწიერ ცივილიზაციებს სურთ კომუნიკაცია სხვა ტექნოლოგიურად განვითარებულ სიცოცხლესთან. ადამიანები ძალიან იშვიათად აგზავნიან მიზანმიმართულ სიგნალებს კოსმოსში და ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ინტელექტუალურმა სახეობებმა შეიძლება სპეციალურად შეიკავონ თავი თავიანთი მდებარეობის გამჟღავნებისგან. ძიებას სიგნალებისა, რომლებსაც არავინ გზავნის, ეწოდება SETI პარადოქსი.

ფოტო: SPDO/TDP/DRAO/Swinburne Astronomy Productions/Wikimedia Commons, CC BY

გაჟონილი რადიოტალღები

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არ გადასცემენ ბევრ მიზანმიმართულ სიგნალს კოსმოსში, ბევრი ტექნოლოგია, რომლებსაც დღეს ადამიანები იყენებენ, წარმოქმნის უამრავ რადიოგადაცემას, რომელიც კოსმოსში ჟონავს. ამ სიგნალებიდან ზოგიერთი შესამჩნევი იქნებოდა, თუკი ახლომდებარე ვარსკვლავიდან წამოვიდოდა.

სატელევიზიო ანძების მსოფლიო ქსელი მრავალი მიმართულებით მუდმივად ასხივებს სიგნალებს, რომლებიც ჟონავს კოსმოსში და შეიძლება დაგროვდეს შესამჩნევ, თუმცა შედარებით სუსტ რადიოსიგნალად. მიმდინარეობს კვლევა იმის თაობაზე, იქნება თუ არა ამჟამინდელი ემისიები ანძებიდან რადიოსიხშირეზე დადგენადი, დღევანდელი ტელესკოპების გამოყენებით. მაგრამ მომავალი Square Kilometer Array რადიოტელესკოპი შეძლებს კიდევ უფრო სუსტი რადიოსიგნალების აღმოჩენას 50-ჯერ მეტი მგრძნობელობით, ვიდრე არსებული რადიოტელესკოპის ანტენები.

თუმცა, ადამიანის მიერ შექმნილი ყველა სიგნალი არ არის ასეთივე არაკონცენტრირებული. ასტრონომები და კოსმოსური სააგენტოები იყენებენ რადიოტალღების სხივებს მზის სისტემის თანამგზავრებსა და კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ასევე იყენებს რადიოტალღებს რადარისთვის ასტეროიდების შესასწავლად. ორივე შემთხვევაში, რადიოსიგნალები უფრო ფოკუსირებულია და კოსმოსშია მიმართული. ნებისმიერი არამიწიერი ცივილიზაცია, რომელიც ამ სხივების ახლომახლო აღმოჩნდებოდა, სავარაუდოდ, ამ ცალსახად ხელოვნური სიგნალების აღმოჩენას შეძლებდა.

ფოტო: Kevin Gill/Flickr, CC BY

მეგასტრუქტურების ძიება

უცხოპლანური კოსმოსური ხომალდების გარდა, რადიოტალღები ყველაზე გავრცელებული ტექნოხელწერებია, რომლებიც წარმოდგენილია სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებსა და წიგნებში. მაგრამ ეს არ არის სიგნალის ერთადერთი სახეობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს.

1960 წელს ასტრონომმა ფრიმენ დაისონმა წამოაყენა თეორია, რომ ვინაიდან ვარსკვლავები ყველაზე მძლავრი ენერგიის წყაროა ნებისმიერ პლანეტარულ სისტემაში, ტექნოლოგიურად განვითარებულმა ცივილიზაციამ შეიძლება შეაგროვოს ვარსკვლავის სინათლის მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიად, რაც არსებითად იქნება მზის მასიური პანელი. ბევრი ასტრონომი ამას მეგასტრუქტურებს უწოდებს და მათი აღმოჩენის რამდენიმე გზა არსებობს.

დაჭერილ სინათლეზე ენერგიის გამოყენების შემდეგ, მოწინავე საზოგადოების ტექნოლოგია ენერგიის ნაწილს კვლავ გამოყოფს სითბოს სახით. ასტრონომებმა აჩვენეს, რომ ეს სითბო შეიძლება აღმოჩენადი იყოს, როგორც დამატებითი ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც მოდის ვარსკვლავური სისტემიდან.

მოწინავე ცივილიზაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაბინძურება ქიმიკატების, სინათლისა და სითბოს სახით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კოსმოსის დიდ მანძილზე.

ფოტო: NASA/Jay Freidlander

მეგასტრუქტურის პოვნის კიდევ ერთი შესაძლო გზა იქნება მისი "დაბნელების ეფექტის" გაზომვა ვარსკვლავზე. კერძოდ, ვარსკვლავის გარშემო მოძრავი დიდი ხელოვნური თანამგზავრები პერიოდულად ბლოკავს მის შუქს. დროთა განმავლობაში ეს გამოვლინდება ვარსკვლავის აშკარა სიკაშკაშის დაქვეითების სახით. ასტრონომებს შეეძლოთ ამ ეფექტის დაფიქსირება, ისევე როგორც ხდება დღესდღეობით შორეული პლანეტების აღმოჩენისას.

დაბინძურება

კიდევ ერთი ტექნოხელწერა დაბინძურებაა. ქიმიური დამაბინძურებლები, როგორებიცაა: აზოტის დიოქსიდი და ქლორფტორკარბონები დედამიწაზე, — თითქმის ექსკლუზიურად იწარმოება ადამიანური მრეწველობის მიერ. შესაძლებელია ამ მოლეკულების აღმოჩენა ეგზოპლანეტების ატმოსფეროში იმავე მეთოდით, რომელსაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იყენებს შორეულ პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების მოსაძებნად. თუ ასტრონომები აღმოაჩენენ პლანეტას ატმოსფეროში სავსე ქიმიკატებით, რომელთა წარმოება მხოლოდ ტექნოლოგიით არის შესაძლებელი, ეს შესაძლოა უცხოპლანეტური სიცოცხლის მანიშნებელი იყოს.

დაბოლოს, ქალაქებისა და მრეწველობის ხელოვნური შუქი ან სითბო ასევე შეიძლება აღმოჩენილი იყოს დიდი ოპტიკური და ინფრაწითელი ტელესკოპებით, ისევე როგორც პლანეტის გარშემო მოძრავი თანამგზავრების დიდი რაოდენობა. მაგრამ ცივილიზაციას დასჭირდება დედამიწაზე გაცილებით მეტი სითბოს, სინათლისა და თანამგზავრების წარმოება, რომ აღმოაჩინონ იგი კოსმოსის უზარმაზარ სივრცეში იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც ამჟამად ადამიანები ფლობენ.

რომელი სიგნალია საუკეთესო?

ჯერჯერობით, არც ერთ ასტრონომს არ უპოვია დადასტურებული ტექნოხელწერა, ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იქნება უცხო ცივილიზაციების პირველი ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასტრონომი ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო სიგნალი, საბოლოოდ, არავინ იცის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს არამიწიერი ტექნოლოგია და გარდა ჩვენთვის უკვე ცნობილისა, რა სიგნალები არსებობს სამყაროში.

ზოგიერთი ასტრონომი მხარს უჭერს განზოგადებულ SETI მიდგომას, რომელიც კოსმოსში ეძებს ყველაფერს, რასაც თანამედროვე სამეცნიერო ცოდნა ბუნებრივად ვერ ხსნის. ზოგიერთი, ისევე როგორც კვლევის ავტორები, აგრძელებს როგორც განზრახ, ისე უნებლიე ტექნოხელწერების ძიებას.

არსებობს მრავალი გზა შორეული სიცოცხლის გამოსავლენად. გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის, რა მიდგომამ შეიძლება იმუშაოს წარმატებით, ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო სამუშაოა ჩასატარებელი.

ასევე იხილეთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.