მეცნიერებმა კოსმოსიდან შემოჭრილი რადიოტალღები აღმოაჩინეს
ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა რიგით მეორე აქტიური ჩქარი რადიო სიგნალი, იბადება კითხვები ამ ბურუსით მოცული ფენომენის პირველწყაროზე.
ჩქარი რადიო სიგნალი (FRB) არის რადიო სიხშირის ინტენსიური, მოკლევადიანი ამოფრქვევა, FRB დროში სულ რაღაც რამდენიმე მილიწამს გასტანს. ეს ფენომენი აღმოჩინეს 2007 წელს, დეივიდ ნერკევიჩმა და დანკან ლორიმერმა. ამ მაღალენერგიული მოვლენის გამოწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა ნელ-ნელა გროვდება მინიშნებები.
სიგნალი FRB 20190520B ჩინურმა FAST ტელესკოპმა, 2019 წლის 20 მაისს დააფიქსირა. ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში FRB 20190520B იმავე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.
Very Large Array პროგრამის განმეორებითმა დაკვირვებამ გამოავლინა მუდმივი, თუმცა უფრო სუსტი რადიო სიგნალები ზემოხსენებული FRB-დან, რამაც ჰავაიში განთავსებულ ტელესკოპ Subaru-ს ჯგუფს საშუალება მისცა FRB-ს ადგილმდებარეობა დაახლოებით დაედგინა.
საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე აღმოჩენილი FRB-ა, რომელიც ასოცირებულია რადიოტალღების მუდმივ წყაროსთან (პირველი იყო FRB 121102, 2012 წელს.)
"გასაოცარია, რომ ახალაღმოჩენილი FRB ძველი აღმოჩენის "ტყუპისცალია". ზოგს ეგონა, რომ ასოციაცია FRB-სა და ტალღების მუდმივ წყაროს შორის მხოლოდ დამთხვევა იყო, თუმცა ორი ასეთი შემთხვევის შემდეგ დგინდება, რომ ეს რაღაც FRB-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია", — განაცხადა Caltech-ის ასტრონომმა ქეისი ლოუმ Space.com-თან ინტერვიუში.
ეს აღმოჩენა კითხვებს ბადებს FRB-თა ბუნების შესახებ — რა წარმოქმნის მათ, რა სხვადასხვა წყაროებს ძალუძთ FRB-ს გამოშვება?
"საკვანძო კითხვაა, FRB-თა ყოველი წყარო განმეორებადია თუ არა. თავად მე მგონია, რომ ეს ასეა, თუმცა აქტივობა ნელდება რაც უფრო "ბერდება" წყარო. FRB 20190520B მეორეა 500 FRB-დან, რომელსაც მუდმივი წყარო დავუდგინეთ, ორივე ძალიან აქტიურია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ — FRB-ს გააჩნია "ახალგაზრდობის პერიოდი", რომელიც არც თუ ისე დიდხანს გრძელდება", — ამბობს დი ლი, ჩინეთის ეროვნული ასტონომიული ობსერვატორიიდან.
FRB 190520B-ს კიდევ ერთი უცნაურობაა მისი დისპერსიის მაჩვენებელი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ დედამიწიდან დაფიქსირებულ FRB-თა შორის, მისმა გამოსხივებამ ყველაზე მაღალი სიმკვრივის ელექტრონებში გაიარა. ეს ნიშანია იმისა, რომ FRB დაიბადა აქტიურ პლაზმურ გარემოში, თუნდაც ისეთში, როგორსაც სუპერნოვა ქმნის.
ფრანზ კირსტენი, მკვლევარი ნიდერლანდების რადიო ასტრონომიის ინსტიტუტში (ASTRON), რომელიც არ ყოფილა ზემოხსენებულ კვლევაში ჩართული, Space.com-თან აღნიშნავს, რომ FRB-ების ასეთი "ევოლუციური" მოდელირება დასაშვებია, თუმცა მხოლოდ ამ ორ წყაროზე დაყრდნობით რთული სათქმელია, სად იმალება სიმართლე.
"უფრო მეტის პოვნაა საჭირო, რათა ევოლუციური მოდელი დავხვეწოთ. უნდა ვიპოვოთ მრავალი FRB, ცხოვრების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი. დავაზუსტოთ, ხდება თუ არა მათი განლევა. კარგი იქნებოდა იმის გადამოწმება, მაგალითად, როგორ იცვლება FRB-ს მუდმივი წყარო 10 ან 20 წლიან მონაკვეთში. თუ შევამჩნევთ რომ დიახ, ისინი მართლაც სუსტდებიან, მაშინ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", — თქვა კირსტენმა.
კვლევის თანაავტორმა და შანხაის ასტრონომიული ობსერვატორიის წარმომადგენელმა იუ ვენფეიმ Space.com-თან თქვა: "დისპერსიის მაღალი მაჩვენებლისა და მუდმივი რადიოტალღების გამომწვევი მიზეზები და მათთან დაკავშირებული პრობლემები შესანიშნავი საკითხებია გამოსაკვლევად. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ FRB-ს ფენომენს სწორედ ასეთ ექსტრემალურ შემთხვევებზე დაკვირვებით ამოვხსნით."
ასტრონომთა საერთაშორისო კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი ფენომენების ამოსახსნელად.
"ამ აღმოჩენის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. FAST-მა პირველი აღმოჩენა გააკეთა, თუმცა მისი ლოკალიზება VLA-მ შეძლო. ყოველ ინსტრუმენტს მისი სპეციფიკა აქვს, ცა კი საერთო გვაქვს", — განაცხადა დიმ.
კვლევა სულ რამდენიმე დღის წინ, 8 ივნისს გამოქვეყნდა.
კომენტარები