უცხოპლანეტელები, ბომბები თუ ბუზები? — რა დაფრინავს კიევის ცაზე
უკრაინის ცაზე გაურკვეველი საჰაერო ფენომენების (UAP) ბოლოდროინდელი ცნობები ოფიციალურად უარყო უკრაინის ეროვნულმა სამეცნიერო სააგენტომ მოხსენების მეთოდებსა და შედეგებში "მნიშვნელოვანი შეცდომების" გამო.
მოხსენებაში, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა კიევის მთავარი ასტრონომიული ობსერვატორიის (MAO) მეცნიერების მიერ, აღწერილია "აღსანიშნავი რაოდენობის ობიექტი, რომლის ბუნება გაურკვეველია", მათ შორის, მრავალი ე.წ. "აჩრდილი" ატმოსფეროში გადაადგილება 53 000 კმ/სთ სიჩქარით — დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გადაადგილდება.
ასევე იხილეთ: უკრაინელი ასტრონომები კიევის თავზე ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევენ — რა ხდება
მოხსენების ავტორებმა აღწერეს ეს ობიექტები, როგორც UAP — სამეცნიერო საზოგადოების მიერ შერჩეული სახელი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისთვის (UFO) — მაგრამ არ გამოურიცხავთ თანამგზავრები, თვითმფრინავები ან არტილერია, რომლებიც გამოიყენეს მიმდინარე ომში.
ახლა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ (NASU) დაასრულა გამოძიება UAP-ის მოხსენების შესახებ და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის არაპროფესიონალური და სამეცნიერო სიზუსტეს მოკლებულია.
"შედეგები დამუშავდა და ინტერპრეტირდა არასათანადო სამეცნიერო დონეზე და მნიშვნელოვანი შეცდომებით დაკვირვებულ ობიექტებამდე მანძილის განსაზღვრისას", — წერენ NASU-ს მეცნიერები განცხადებაში. გუნდმა დაამატა, რომ მოხსენება "არ აკმაყოფილებდა სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროფესიულ მოთხოვნებს" და NASU-ს სახელის დოკუმენტიდან ამოღება მოითხოვა.
კვამლი გვაქვს, მაგრამ ცეცხლი სად არის?
თავის მოხსენებაში MAO-ს მკვლევრებმა გააანალიზეს დაკვირვებები უცნაურ, სწრაფად მოძრავ ობიექტებზე, რომლებიც აღმოაჩინა კიევის მახლობლად მდებარე ორი ობსერვატორიიდან ერთ-ერთმა. ჯგუფმა დაადგინა ამ ობიექტების მანძილი, ზომა და სიჩქარე იმის მიხედვით, თუ რამდენ ფონურ შუქს ბლოკავს თითოეული მათგანი და დაასკვნა, რომ ბევრი იდუმალი ობიექტი თვითმფრინავის ზომის იყო, მაგრამ ატმოსფეროში კოსმოსური ხომალდის სიჩქარით მოძრაობდა.
თუმცა, მხოლოდ ერთი ტელესკოპის მონაცემების დათვალიერებით, მკვლევრებმა, როგორც ჩანს, არაზუსტად გამოთვალეს ამ ობიექტების მანძილი და მდებარეობა და, შესაბამისად, არასწორად შეაფასეს ობიექტების ზომა და სიჩქარე, — წერს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ავი ლოები კრიტიკულ ნაშრომში უკრაინის UAP-ის ანგარიშზე.
"მანძილის გამოთვლის სწორ მეთოდს ეწოდება ტრიანგულაცია, ანუ როცა ერთ ობიექტს სხვადასხვა მიმართულებიდან აკვირდები, მაგრამ მათ ასეთი მონაცემები არ ჰქონიათ", — აღნიშნა ლოებმა.
თუ ობიექტები მართლაც ისეთი დიდი, სწრაფი და ცაში მაღლა იქნებოდა, როგორც უკრაინის მკვლევართა გუნდი ვარაუდობს, მაშინ თითოეული ობიექტი "წარმოქმნიდა გიგანტურ ცეცხლოვან ბურთს", როგორც რაკეტა ან მეტეორი აკეთებს ატმოსფეროში გავლისას. ის ფაქტი, რომ ეს ობიექტები მთლიანად შავი იყო, არ ამტკიცებს, რომ ისინი სხვა სამყაროს ტექნოლოგიას წარმოადგენდნენ, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ ასტრონომებმა შეცდომით გამოთვალეს ობიექტების მდებარეობა, — დასძინა ლოებმა.
უცხოპლანეტელები, ბომბები თუ ბუზები?
UAP-ის მოხსენების კრიტიკისას, ლოებმა ივარაუდა, რომ უკრაინელმა მკვლევრებმა, სავარაუდოდ, არასწორად გამოთვალეს მანძილი ობიექტებამდე. თუ ობიექტები კამერასთან 10-ჯერ უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე მკვლევრები ამტკიცებდნენ, მაშინ ისინი მოულოდნელად დაემთხვა საარტილერიო ჭურვების ზომასა და სიჩქარეს, ხოლო თუკი ობიექტებს კამერასთან კიდევ 10-ჯერ უფრო ახლოს მივიტანთ, ისინი შეიძლება გონივრულად ინტერპრეტირდნენ, როგორც ტყვიები.
"თუ უფრო მიაახლოებთ, შეიძლება მწერი იყოს — მაგალითად, ბუზი, რომელიც ტელესკოპთან მაღალი სიჩქარით მოძრაობს და შავად გამოჩნდება", — თქვა ლოებმა.
როგორც ჩანს, NASU-მ მიაღწია მსგავს დასკვნას UAP-ის მოხსენების გამოკვლევისას და აღნიშნა, რომ ასტრონომებმა არა მხოლოდ დაუშვეს "მნიშვნელოვანი შეცდომები" ობიექტების დისტანციის განსაზღვრისას, არამედ ანგარიშში ვერ გამორიცხეს უფრო აშკარა ახსნა-განმარტებები.
"ავტორები არ წარმოადგენენ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ბუნებრივი ფენომენები ან მიწიერი წარმოშობის ხელოვნური ობიექტები შეიძლება იყოს დაკვირვებულ UAP-ებს შორის", — წერენ NASU-ს მეცნიერები თავიანთ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, თუ რას აკვირდებოდნენ უკრაინელი ასტრონომები — იქნება ეს არტილერია, ტყვიები, ბუზები თუ სხვ. — რუსეთის შეჭრის გავლენა ქვეყანაზე უგულებელყოფილი ვერ იქნება.
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ამერიკელი სამხედრო პერსონალის მიერ დაკვირვებული UAP არის "ტექნოლოგია, რომელიც განლაგებულია ჩინეთის, რუსეთის, სხვა ქვეყნის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ".
ODNI-ის ანგარიშის მიხედვით, სხვა შესაძლო ახსნა-განმარტებები UAP-ისთვის მოიცავს "საჰაერო არეულობას", როგორებიცაა: ფრინველები და ბუშტები; ატმოსფერული მოვლენები, როგორიცაა ყინულის კრისტალები; ან საიდუმლო სამთავრობო პროექტები.
ანგარიშში არ არის ნახსენები უცხოპლანეტელები, როგორც შესაძლო ახსნა. თუმცა, აშშ-ს მთავრობა არც ამას გამორიცხავს. ამ წლის დასაწყისში, აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა დაფინანსება თავდაცვის დეპარტამენტისთვის ახალი ოფისის გასახსნელად, რომელიც ფოკუსირებულია ექსკლუზიურად აშშ-ს სამხედროების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემჩნევის შესახებ ანგარიშების მართვაზე. ამიტომ, თუკი კვამლის გამომწვევი ცეცხლი მართლაც არსებობს, შესაძლოა, ის ვიპოვოთ კიდეც.
კომენტარები