ოცწლიანი მუშაობის შედეგი — ტალღების ენერგიის გარდამქმნელის ტესტირება წარმატებით დასრულდა
კომპანიის მტკიცებით, Archimedes Waveswing-ს 10 ბალიანი შტორმიც ვერაფერს დააკლებს
საზღვაო ენერგიის შოტლანდიურმა კომპანიამ ტალღების ენერგიის გარდამქმნელ ტექნოლოგია "Archimedes Waveswing-ზე" მუშაობა დაასრულა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორკნეის კუნძულებთან გამოცადა.
AWS Ocean Energy-ის მიერ გავრელებული პრეს რელიზის მიხედვით, ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრმა (EMEC), სადაც გამოცდა მიმდინარეობდა, ცდის მიმდინარე ეტაპზე ნაჩვენებ შედეგებს "იმედისმომცემი" უწოდა.
"ეს შედეგები ხაზს უსვამს ჩვენს მყარ რწმენას, რომ Waveswing-ის იდეა რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მისი პოტენციალის ყოველთვის გვჯეროდა, ამის რეალური მონაცემებით დადასტურების ხილვა საოცარი შეგრძნებაა. ჩვენ გვჯერა იმისაც, რომ ჩვენი ტექნოლოგიის პერფორმანსი არათუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება აქ გამოცდილი სხვა ანალოგიური ტექნოლოგიების მაჩვენებლებს". — განაცხადა AWS Ocean Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საიმონ გრეიმ
ცდების მიმდინარეობისას, ტალღების ენერგიის ორმოცდაათტონიანმა გარდამქმნელმა ზომიერი ტალღების პირობებში საშუალო სიმძლავრე 10 კილოვატი, ხოლო პიკში 80 კილოვატი დააფიქსირა, რაც ჯერჯერობით დაფიქსირებული უმაღლესი შედეგია. კომპანიის ცნობით, ამ რიცხვებმა 20%-ით გადააჭარბა ჩაფიქრებულს.
გრეის განცხადებით, კომპანია ამ ეტაპზე კომერციალიზაციისათვის ისეთ ინვესტორებსა და პარტნიორებს ეძებს, რომლებიც ტალღების კომერციული ტექნოლოგიის განვითარებით არიან დაინტერესებული.
ასევე იხილეთ: ტალღების ენერგია: როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი მოტივტივე ელექტროსადგური
რა არის Archimedes Waveswing?
Archimedes Waveswing, კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, წნევის ზეწოლით აქტივირებადი ტივტივაა, რომელიც ტალღებს ელექტროენერგიად გარდაქმნის. მეთოდი, რომელსაც აპარატი იყენებს, ტალღების საშუალებით განახლებადი ენერგიის წარმოებაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საშუალებადაა მიჩნეული. AWS Ocean Energy ამ პროექტზე უკვე 20 წელია მუშაობს.
მოწყობილობა 7 მეტრის სიმაღლისაა და მისი დიამეტრი 4 მეტრს შეადგენს. Waveswing ანალოგებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება და მისი საწარმოო პოტენციალი ამავე ზომის მოტივტივე სხვა საშუალებებს მკვეთრად აღემატება.
ტექნოლოგიის მოქმედება ცუდი ამინდის დროს
Waveswing-ს ფსკერსა და ზედაპირს შორის მდებარეობის (ე.წ "წყალქვეშა ტივტივის") დამსახურებით შეუძლია ამინდის ძალიან რთულ პირობებს გაუძლოს. შტორმის დიდი ტალღების შემთხვევაში მოწყობილობა "ჩაყვინთავს" იმ დონეზე, რომ ტალღებს ქვეშ მოექცევა. კომპანიის მტკიცებით, Archimedes Waveswing-ს 10 ბალიანი შტორმიც ვერაფერს დააკლებს.
აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Waveswing-ის კონსტრუქციას ერთი შთანმთქმელი აქვს უნიკალური ფუნქციებით, რაც საშუალებას აძლევს, მიაწოდოს ენერგია შუა ზღვაში არსებულ ნავთობმომპოვებლებს და, ასევე შეასრულოს ოკეანოგრაფიული მონიტორინგი. ამ ყველაფერთან ერთად, ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგიების დამსახურებით, მისი დანახარჯები, სხვა მოწყობილობებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. მიუხედავად ამისა, კომპანიას სიმძლავრის გასაზრდელად მრავალშთანმთქმელიანი პლატფორმის შექმნა სურს, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. AWS Ocean Energy-ის გეგმის მიხედვით, სამომავლოდ თითოეულ ასეთ ელექტროსადგურს 10 მეგავატის წარმოება შეეძლება.
ტექნოლოგიის გამოცდის ეს ეტაპი 2022 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო მომავალი წლიდან დამატებითი ტესტებიც ჩატარდება.
ტალღების ენერგია თანდათანობით განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყაროდ ყალიბდება. ამის მიზეზი მისი წარმოების დაბალი ფასი, საიმედოობა და ნულოვანი ეკოლოგიური ზიანია. Archimedes Waveswing, როგორც ჩანს, მრავალი ტექნოლოგიიდან ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.
კომენტარები