კადრებს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საოკუპაციო რეჟიმი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან უკანონოდ აპატიმრებს.

  • ოკუპირებულ რეგიონებში ციხეებში ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები.

დეტალები: 29 წლის ასმათ თავაძე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ე.წ ჩხრეკისას ჩანს, თითქოს თავაძის სახლიდან 10 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

  • ჩხრეკისას დე ფაქტო უწყებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს ქართული დროშა და პასპორტი ჰქონდა.
  • აფხაზური მედია წერს, რომ თავაძეს აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობაც აქვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარს ადასტურებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.

უწყების თქმით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.