როგორ რეაგირებს ტვინი ღებინებაზე? — ახალი კვლევა
ღებინებისას თქვენი ტვინი შეიძლება განსხვავებულად მუშაობდეს.
დედამიწაზე, ალბათ, არაერთი ადამიანის პირღებინება გინახავთ (პირდაპირ თუ არა, ფილმებში მაინც), მაგრამ იცით თუ არა, რომ ადამიანები კოსმოსშიც კი აღებინებენ? 1961 წლის აგვისტოში საბჭოთა ასტრონავტი გერმან ტიტოვი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში აღებინა და საინტერესოა, რომ მისმა სხეულმა მოითხოვა ღებინება ზუსტად მანამ, სანამ ის გახდებოდა მეორე ადამიანი, რომელმაც დედამიწის ორბიტას შემოუარა.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ღებინებას განმარტავენ, როგორც ბუნებრივ გზას ჩვენი ნაწლავიდან ტოქსიკური ან მოუნელებელი მასალის მოსაშორებლად, ახალი კვლევა ხაზს უსვამს, რომ მას ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIBS) მკვლევართა ჯგუფმა შეადგინა თაგვების ტვინის რუკა იმ დროს, როდესაც თაგვები გრძნობდნენ ღებინების სურვილს.
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ იმის გაგებით, თუ რა ხდება თავის ტვინში ღებინების დროს, მათ შეუძლიათ შემდგომში შეიმუშაონ გაუმჯობესებული გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები კიბოს მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც უწევთ ქიმიოთერაპიის გავლა.
ნეირონების კონტროლით ღებინების კონტროლი შეიძლება
ადამიანებისგან განსხვავებით, თაგვებს, სხეულის ზომასთან შედარებით, აქვთ გრძელი საკვები და ჰაერის მილები. გარდა ამისა, მათი სხეულის კუნთები ზედმეტად სუსტია იმისთვის, რომ გაუძლოს სტრესს, რომელიც წარმოიქმნება დაბერების შედეგად და, შესაბამისად, თაგვებს (და სხვა მღრღნელებს) პირღებინება არ შეუძლიათ. თუმცა, ისინი გრძნობენ ღებინების მოთხოვნილებას, რის გამოც აბოყინებენ.
"ბოყინის ნერვული მექანიზმი ღებინების მსგავსია. ამ ექსპერიმენტში ჩვენ წარმატებით ავაშენეთ პარადიგმა თაგვებში ტოქსინებით გამოწვეული ბოყინის შესასწავლად, რომლითაც შეგვიძლია, შევხედოთ ტვინის თავდაცვით პასუხებს ტოქსინების მიმართ მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე", — წერს NIBS-ის ერთ-ერთი ავტორი, ფენგ ცაო.
მკვლევრები დააკვირდნენ თაგვების ორ ჯგუფს. ისინი ცდილობდნენ, პირველი ჯგუფის წევრებში გამოეწვიათ ბოყინი სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი A-ით (SEA) — ბაქტერიული ტოქსინი, რომელიც იწვევს ადამიანებში ნაწლავებთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას, როგორებიცაა: ენტერიტი, ნაწლავის დაავადება და დიარეა. მეორე ჯგუფის თაგვებს მარილიან წყალს ასმევდნენ.
SEA-ზე თაგვების სხეულს ისეთივე რეაგირება ჰქონდა, როგორიც აქვთ ხოლმე ძაღლებს ღებინებისას. მათი სხეულის კუნთები და დიაფრაგმა ერთდროულად შეიკუმშა და პირი გააღეს ბევრად უფრო ფართოდ, ვიდრე თაგვებმა, რომლებსაც მარილიან წყალს ასმევდნენ. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს რამდენიმე ნეიროტრანსმიტერის გააქტიურება და გამოთავისუფლება.
მათ შეამჩნიეს, რომ ბოყინის დროს თაგვების ტვინმა გასცა ბრძანება ნაწლავის ენტეროქრომაფინის უჯრედებიდან სეროტონინის გამოყოფაზე. ნაწლავში არის ნერვული რეცეპტორები, რომლებიც სიგნალებს პირდაპირ ტვინში აგზავნის. გამოთავისუფლებული სეროტონინი ასევე ურთიერთქმედებს ტვინის რეცეპტორებთან და ეს ურთიერთქმედება იწვევს Tac1+DVC (დორსალურ-ვაგალური კომპლექსი) ნეირონების გააქტიურებას, რომლებიც მდებარეობს თაგვების ტვინის დორსალურ ვაგალურ რეგიონში. საინტერესოა, რომ როდესაც მკვლევრებმა გაააქტიურეს Tac1+DVC ნეირონები, თაგვებში ბოყინი შემცირდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კიბოს მქონე პაციენტებისთვის?
მკვლევრები მიხვდნენ, რომ როდესაც კიბოს მქონე პაციენტი ქიმიოთერაპიას გადის, მისი სხეულის დამცავი მექანიზმი ასევე იწვევს ქცევებს, როგორიცაა ღებინება. ეს არასასურველი გვერდითი მოვლენები კიბოთი დაავადებული პაციენტების ცხოვრებას უფრო არაკომფორტულს ხდის. ცაო და მისი გუნდი ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, Tac1+DVC ნეირონების ინაქტივირებით, მათ ასევე შეამცირონ გულისრევა, რომელიც ვითარდება ქიმიოთერაპიის შედეგად.
ეს აღმოჩენები ასევე ნათელს მოჰფენს იმას, თუ რატომ და როგორ მოქმედებს გულისრევის საწინააღმდეგო უკვე ხელმისაწვდომი მედიკამენტები სეროტონინის რეცეპტორების ბლოკირებით. ამ გამოკვლევით, ახლა შეგვიძლია, უკეთ გავიგოთ ღებინების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები, რაც დაგვეხმარება უკეთესი მედიკამენტების შემუშავებაში.
კომენტარები