საქართველოს კონსტიტუციასა და კანონში ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ ჩანაწერი 2011 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაჩნდა, 2013 წლიდან კი ამოქმედდა. დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ეკონომისტები ლადო გურგენიძე, ვატო ლეჟავა, კახა ბენდუქიძე და სხვები.

ამ ტიპის ჩანაწერს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავდნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ლადო პაპავა და საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი (2012-2016 წლებში) ნოდარ ხადური.

რა წერია თავისუფლების აქტში?

  1. აკრძალულია საერთო სახელმწიფო გადასახადების შემოღება, ან ზედა ზღვრის გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. თუმცა, მთავრობას შეუძლია გადასახადები დროებით, სამი წლის ვადით გაზარდოს;
  2. მთავრობის ხარჯვითი წილი მშპ-ს 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, სახელმწიფო ვალი კი 60 პროცენტს;
  3. დაკანონებულია კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება და ხსნის შეზღუდვებს ვალუტის კონვერტაციაზე, საბანკო ანგარიშის გახსნასა და ფინანსურ ტრანზაქციებზე.

რამდენიმე თვეა საქართველოს კონსტიტუციიდან თავისუფლების აქტის ამოღებაზე და გაუქმებაზეა საუბარი. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიაა, გია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით.

სოციალ-დემოკრატებს შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნაწილი. საკონსტიტუციო განხილვების დროს, ისმოდა კითხვები ამ კანონის ირგვლივ და მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ შეიცვალა. ჯერჯერობით, ქართული ოცნების პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკური თავისუფლების აქტის დატოვება/გაუქმების შესახებ, უცნობია.

On.ge ეკონომისტს გიორგი პაპავას და European.ge-ის მთავარ რედაქტორს, მათე გაბიცინაშვილს ეკონომიკური აქტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.


გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ თავისუფლების აქტი არადემოკრატიული არაა და მისი შენარჩუნება აუცილებელია. მისი აზრით, აქტით მოსახლეობა გადასახადების დაუკითხავად გაზრდისგანაა დაცული.

გიორგი პაპავა, ეკონომისტი

გიორგი პაპავა, ეკონომისტი

ფოტო: TV პირველი / კადრი ვიდეოდან

როგორ შეაფასებთ თავისუფლების აქტს, საჭიროა თუ არა მისი შენარჩუნება და რატომ?

თავისუფლების აქტი ძირითადად ემსახურება, რომ, ხელისუფლება შეზღუდული იყოს, იმ ფორმით, რომ, ვერ გაზარდოს გადასახადების ზედა ზღვარი მოსახლეობის თანხმობის გარეშე. ზოგადად, მთავრობებს აქვთ მიდრეკილება, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ, რათა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ხარჯვაში.

მთავრობებს აქვთ მიდრეკილება, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ, რათა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ხარჯვაში.

გიორგი პაპავა

აქტი ამყარებს დისციპლინას სამთავრობო ხარჯებზე და ზოგადად ბიუჯეტზე, ასევე, დადებით გარემოს ქმნის დამწყები ბიზნესისთვის და ხელს უწყობს რიგით ადამიანს დაგეგმონ მათი მომავალი. შესაბამისად, ამ აქტის შენარჩუნება აუცილებელია.

არის თუ არა ეს აქტი დემოკრატიული?

აქტის მიხედვით, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად [გადასახადების ზედა ზღვრის ზრდა და სხვა] ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და დაარწმუნოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომ მისი შემოსავლიდან მეტი თანხა მიანდოს მთავრობას განსაკარგავად. თავისთავად, აქტი გულისხმობს, მოსახლეობის თანხმობას. შესაბამისად, თავისუფლების აქტი არადემოკრატიული არ არის.

საერთაშორისო პრაქტიკაზე რას იტყვით? რამდენად ხშირია მსგავსი დოკუმენტები სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებში?

არ მახსენდება სხვა მაგალითი, გარდა შვეიცარიისა და აშშ-ს რამდენიმე შტატისა. ამ შტატებშიც, ეს შეზღუდვა მხოლოდ საშტატო დონეზე მოქმედებს და არ არის ფედერალური დონის. თუ კი ჩვენ გვაქვს ეს შეზღუდვა სხვა ქვეყნებისგან გამორჩეულად, ეს დადებითია, რადგან, ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ შეზღუდვა დაიწესა, რაც მისასალმებელია.

რა რისკებს შეიცავს კონსტიტუციიდან თავისუფლების აქტის ამოღება?

დიდი ალბათობით, მივიღებთ მთავრობის ხარჯვითი წილის უკონტროლო ზრდას. ხარჯები გაიზრდება უკონტროლოდ და იმ მოტივაციით, რომ ხელისუფლება ხელმეორედ იქნას არჩეული, აუცილებლად გაუარესდება სამთავრობო ხარჯების ხარჯთეფექტურობა.

აქტის ამოღება/გაუქმება გულისხმობს შეზღუდვის მოხსნას მთავრობისთვის. მას მოეხსნება პასუხისმგებლობა და იგი შეძლებს თვითნებურად მოსახლეობისგან დაუკითხავად გაუზარდოს მას გადასახადები.

გიორგი პაპავა

აქტის ამოღება/გაუქმება გულისხმობს შეზღუდვის მოხსნას მთავრობისთვის. მას მოეხსნება პასუხისმგებლობა და იგი შეძლებს თვითნებურად მოსახლეობისგან დაუკითხავად გაუზარდოს გადასახადები.


განსხვავებული პოზიცია აქვს მათე გაბიცინაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი არადემოკრატიულია და პოლიტიკურ ძალას, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, ხელს შეუშლის.

ფოტო: European.ge

როგორ შეაფასებდით თავისუფლების აქტის არსებობას კონსტიტუციაში?

ეკონომიკური თავისუფლების აქტი გულისხმობს მთავრობის როლის შეზღუდვას ეკონომიკაში და ბაზრის დერეგულაციას. აქტი ზღუდავს არჩეულ პოლიტიკურ ძალას, გაატაროს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, აქტით ასევე აკრძალულია პროგრესული გადასახადების გატანის საკითხი რეფერენდუმზე, რაც მკვეთრად არადემოკრატიულია. გარდა ამისა ის ერთი კონკრეტული ეკონომიკური იდეოლოგიის მონოპოლიაა და მისი არსებობის პირობებში შეუძლებელია სახელმწიფომ შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა.

არის თუ არა კონსტიტუციის ეს მუხლი დემოკრატიული? რატომ მიიჩნევთ, რომ ის პრობლემას უქმნის ხელისუფლებას?

საქმე გვაქვს პრობლემის ორ შემადგენელთან. აქტის ფარგლებში ძირითადად საუბარი იყო აქტის არადემოკრატიულ ხასიათზე, ესეთი ჩანაწერის პირობებში სუსტდება და ვერ ვითარდება პარტიული დემოკრატია და საზოგადოების პოლიტიკური კონტროლი არჩეულ ხელისუფლებაზე.

ესეთი ჩანაწერის პირობებში სუსტდება და ვერ ვითარდება პარტიული დემოკრატია და საზოგადოების პოლიტიკური კონტროლი არჩეულ ხელისუფლებაზე.

მათე გაბიცინაშვილი

თუკი ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც გვთავაზობს ახალი ეკონომიკურ პოლიტიკას და განახორციელებს მას და ეს პოლიტიკა არ გაამართლებს, იგი იქნება გადარჩეული წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, უბრალოდ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რაც ამ აქტის გამო დღესდღეისობით შეუძლებელია.

ასევე არსებობს პრობლემის ეკონომიკური შემადგენელი როდესაც ხელისუფლება შეზღუდულია ჩადოს ინვესტიციები და განავითაროს ბიზნეს-გარემო, აქტიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთადერთ წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რაც თავისთავად არ არის საკმარისი ქვეყნის სტაბილური ზრდისთვის.

არადემოკრატიულია, როცა სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა ინვესტირება მოახდინოს საკუთარ ეკონომიკაში, ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის წინაპირობა სწორედ სახელმწიფო ინვესტიციებია, როდესაც სახელმწიფოს ზრუნავს უკეთესი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სხვადასხვა სფეროში ინვესტირებით, იქნება ეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ პროექტებში თუ სხვა.

სახელმწიფო ინვესტიციები განსაკუთრებით საჭიროა ისეთ ეკონომიკაში, როგორც ჩვენია, ეკონომიკას, რომელსაც არ გაუვლია დეინდუსტრიალიზაციის ფაზა და წარმოადგენს გარდამავალი ტიპის ეკონომიკას.

ასეთ ვითარებაში აქტი თავისთავად წარმოადგენს არადემოკრატიულ მოვლენას და საკუთარ ხელზე ბორკილების დადებას. ასევე, ამ აქტით განსაზღვრულია, რომ რეფერენდუმის ინიცირება შეუძლებელია ხალხის მიერ და ეს მხოლოდ მთავრობის პრეროგატივაა. ამასთან ერთად გვაქვს იურიდიული ხასიათის პრობლემაც, როგორც ცნობილია, რეფერენდუმი შეუძლებელია ჩატარდეს მანამ, სანამ არ აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

თუ არჩევნებს იგებს გუნდი, რომელსაც სურს არსებული ეკონომიკური დღის წესრიგის შეცვლა, აქტიდან გამომდინარე, იგი იძულებულია, ამის გასაკეთებლად ლეგიტიმაცია მიიღოს მოსახლეობისგან. კონკრეტულად რა არის არადემოკრატიული ამ მოცემულობაში?

არ შეიძლება ქვეყნის საგადასახადო ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა, გადიოდეს საყოველთაო რეფერენდუმზე. ეს საკითხები მოითხოვს საჭირო ცოდნას, თუკი ხალხს ვეკითხებით პირდაპირი გადასახადების გაზრდის საკითხის, რატომ არ გაგვაქვს რეფერენდუმზე იგივე ეროვნული ბანკის პოლიტიკის საკითხი ან აქციზის გადასახადის გაზრდის საკითხი? აღნიშნული თემები მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არის ხედვების საკითხი და არა რეფერენდუმის.

საერთაშორისო პრაქტიკაზე რას იტყვით? რამდენად ხშირია მსგავსი დოკუმენტები სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებში?

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი ჩანაწერი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს. არსებობს ქვეყნები, სადაც კანონმდებლობით განსაზღვრულია გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმზე გატანა, თუმცა არა კონსტიტუციით.

მსგავსი სიტუაციაა შვეიცარიაში, თუმცა, თვისობრივად ის სხვა სახელმწიფო სისტემას წარმოადგენს. შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანაა და შესაბამისად, ამ სახელმწიფოს პრეცედენტი ვერ იქნება რელევანტური საქართველოსთან მიმართებაში.

არსებობს რისკი, რომ თავისუფლების აქტის გაუქმების შემთხვევაში, სახელმწიფო ხარჯები გაიზრდება "პოპულისტური" მიმართულებით და იმ მოტივაციით, რომ, ხელისუფლება ხელახლა იქნას არჩეული. ამ მოსაზრებით, სწორედ ეს აქტი ზღუდავს მთავრობას ამგვარი შესაძლებლობისგან და იგი იძულებულია მეტი ფინანსებისთვის მიმართოს ხალხს და მისგან მიიღოს ლეგიტიმაცია. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა მსგავსი რისკები?

თავისთავად მსგავსი რისკები არსებობს და არასდროს ვართ დაზღვეულები მსგავსი საფრთხეებისგან. ამის მაგალითია დამოუკიდებელი საქართველოს სამი ხელისუფლება, რომლის შედეგადაც შეიქმნა ქვეყანაში სიტუაცია, სადაც ქვეყნის ფინანსური სექტორის 93 პროცენტს ბანკები, დანარჩენ 6 პროცენტს კი მიკროსაფინანსოები წარმოადგენენ. ქვეყანაში გვაქვს საბანკო მონოპოლია.

რისკი იმისა რომ, აქტის გაუქმების შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯები არასწორი მიმართულებით გაიზრდება, თავისთავად არსებობს, თუმცა წარუმატებელი პრეცედენტი არ ნიშნავს იმას, რომ, ეს ყოველთვის ასე იქნება.

მათე გაბიცინაშვილი

რისკი იმისა რომ, აქტის გაუქმების შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯები არასწორი მიმართულებით გაიზრდება, თავისთავად არსებობს. თუმცა, წარუმატებელი პრეცედენტი არ ნიშნავს იმას, რომ, ეს ყოველთვის ასე იქნება. ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მომავალი ან წარსული ხელისუფლების საქმიანობაზე.

პოლიტიკის წარუმატებლობის შემთხევაში, მოხდება პოლიტიკური ძალის გადარჩევა და ხალხი მას მხარს აღარ დაუჭერს. თუმცა, დღევანდელ პირობებში, სანამ ეს ჩანაწერი ისევ ძალაშია, მსგავსი რამ შეუძლებელია. ყველა მომავალი ხელისუფლება იძულებულია გაატაროს ამ აქტით განსაზღვრული ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკა.


დღეს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კონსტიტუციიდან თავისუფლების აქტის ამოღების საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა. მესამე სექტორი აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება, რეფერენდუმით მიიღონ გადაწყვეტილება ახალი გადასახადის შემოღებისა თუ არსებული გადასახადების გაზრდის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტის შენარჩუნება ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.