რატომ უნდა ვაკონტროლოთ ასთმა — მოსალოდნელი გართულებები და რისკები
ასთმა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. მისი სრულად განკურნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, თუ გამღიზიანებელ ფაქტორებს მოერიდებით და მედიკამენტებს მიიღებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
თუ ამ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებთ და არ გააკონტროლებთ, მას გართულებები მოჰყვება, თქვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას.
რა ხდება, როცა ასთმა უკონტროლოა
როცა ადამიანს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ასთმა აღენიშნება და მას არ აკონტროლებს, თავს იჩენს სიმპტომები, როგორიცაა:
- მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში
- ხველა
- სუნთქვის გაძნელება
- ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას სტვენის მაგვარი ხმა
იმავე მიზეზით ბავშვებში ხშირად ზრდის პროცესი ნელდება და სქესობრივი მომწიფება გვიანდება. ზოგი ადამიანის ფილტვები სასუნთქი გზების მუდმივი დასივების გამო იცვლება, კერძოდ, ვიწროვდება და ზიანდება, რაც სუნთქვას ართულებს. შესაბამისად, სასურველია, მკურნალობა დროულად დაიწყოთ და სხეული ამ დონის ცვლილებებამდე არ მიიყვანოთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფილტვები ვირუსების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა და შესაძლებელია, მათ "მსხვერპლად" იქცეს. ამ ორგანოს ფუნქციების დარღვევას ასაკის მატებაც იწვევს, რაც ნორმალურია, თუმცა უყურადღებოდ დატოვებული ასთმა ხსენებულ პროცესს აჩქარებს.
როგორ ამოვიცნოთ მწვავე ასთმა
იმ შემთხვევაში, თუ შემაწუხებელი სიმპტომები მკურნალობის დაწყების შემდგომაც გაქვთ, დიდი შანსია, ასთმის მწვავე ფორმა გაწუხებდეთ. მისთვის ყოველდღიური დისკომფორტია დამახასიათებელი, რაც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედებს. კერძოდ:
- სკოლაში/უნივერსიტეტში ან სამსახურში დავალებების შესრულება ძნელდება
- საჭირო ხდება სწავლისგან ან მუშაობისგან მცირეხნიანი შესვენება
- ვერ ხერხდება სრულყოფილად გამოძინება
- ვითარდება შფოთვა ან დეპრესია, იმატებს სტრესი
მწვავე ასთმის მქონე ადამიანები ზოგჯერ იმდენად ძლიერი შეტევებით იტანჯებიან, რომ საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებენ, რაც წელიწადში 2-ჯერ ან მეტჯერ შეიძლება მოხდეს.
როგორ ვაკონტროლოთ ასთმა
პირველ რიგში, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენთვის დიაგნოზი უკვე ცნობილია, დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ მკურნალობა სათანადოდ არ მიმდინარეობს ან დაავადება უარესდება. ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინეთ სპეციალისტს.
ასთმის პარალელურად ვირუსებს, მაგალითად, გრიპს, გარკვეულ პერიოდში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება შეუძლია, მაგრამ ეს ხშირად არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სხვა პრეპარატებთან ერთად სწრაფი შვების მომგვრელი წამლები, წესით, კვირაში 2-ზე მეტჯერ არ უნდა გამოიყენოთ. ეს მიანიშნებს, რომ თქვენი ასთმა სათანადოდ არ კონტროლდება ან მწვავე ფორმა გაქვთ.
დაიმახსოვრეთ, რომ ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა მკურნალობის პროცესი სწორად წარიმართოს და პიროვნების სიმპტომებს მოერგოს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები