როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი თვალები — 6 რჩევა
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის და მათ შორის ადამიანისთვის თვალები სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ გარშემო არსებულ გარემოს აღვიქვამთ, სილამაზით ვტკბებით, სამყაროს შევიმეცნებთ, საფრთხეს ვაფიქსირებთ და ა.შ.. შესაბამისად, მხედველობის ორგანოს ჯანმრთელობის შენარჩუნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასურველია.
წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
1. იკვებეთ ჯანსაღად
თვალების ნორმალურ ფუნქციონირებას, არც მეტი, არც ნაკლები, თქვენი კვების რაციონი განსაზღვრავს. ისეთი კომპონენტების მიღება, როგორიცაა ომეგა 3-ის მსგავსი ცხიმოვანი მჟავები, თუთია, ვიტამინები C და E, ლუტეინი და სხვა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემების რისკებს ამცირებს.
მათ შემცველ საკვებ პროდუქტებს შორისაა ფოთლოვანი მწვანე მცენარეები, მაგალითად, ისპანახი, ცხიმიანი თევზები (ორაგული, თინუსი), ცილოვანი საკვები ხორცეულის გარდა (ლობიო, კვერცხი, თხილი), ციტრუსი, ხამანწკები, ღორის ხორცი.
2. შეწყვიტეთ მოწევა
ყველამ ვიცით, რომ თამბაქოს მოხმარებას ჯანმრთელობის არაერთი გართულება ახლავს თან. მოწევა თვალებზეც უარყოფითად მოქმედებს, ის კატარაქტის განვითარების რისკს ზრდის, ოპტიკურ ნერვს აზიანებს და მაკულარულ დეგენერაციას იწვევს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
გახსოვდეთ, რომ სიგარეტზე უარის თქმა გვიანი არასდროსაა. მთავარია, მოინდომოთ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთანაც გაიაროთ კონსულტაცია.
3. გამოიყენეთ მზის სათვალე
მზის სათვალე მხოლოდ კარგი აქსესუარი როდია, ის თვალებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ასეთი რადიაციის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში კატარაქტის ან მაკულარული დეგენერაციის ჩამოყალიბება განაპირობოს.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, აირჩიეთ სათვალე, რომელიც მსგავს სხივებს 99-100%-ით ბლოკავს და მათ თვალებამდე გვერდებიდანაც არ უშვებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დამცველობა ზოგიერთ კონტაქტურ ლინზასაც აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ პარალელურად სათვალესაც გამოიყენებთ.
4. გამოიყენეთ დამცავი სათვალე
სათვალე მხოლოდ მზის მავნე გამოსხივებისგან არ გვიცავს. ის დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალურადაა შექმნილი, მაგალითად, ქიმიკოსებისთვის, რათა საშიშმა ნივთიერებამ მხედველობის ორგანოში არ შეაღწიოს. ასევე, სპორტის იმ სახეობებისთვის, რომლებიც მოთამაშეებს თვალების დაზიანების საფრთხის წინაშე აყენებს.
5. მოერიდეთ ეკრანებს
კომპიუტერის ან სმარტფონის ეკრანთან დიდი დროის გატარება თქვენი თვალებისთვის საზიანოა. ამან, შესაძლოა, თვალების სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, შორს გახედვისას ფოკუსირების გაძნელება, თავის, წელის, კისრისა და მხრების ტკივილი გამოიწვიოს.
ამ ყველაფრის ასაცილებლად, გირჩევთ:
- მსგავსი გამოსხივებისგან დამცავი სათვალით ისარგებლოთ.
- თვალები მონიტორის ზედა ნაწილს გაუთანაბროთ, რათა ოდნავ დაბლა დახედვა მოგიწიოთ.
- მოერიდოთ ფანჯრების ან ნათურების ანარეკლს.
- თვალები ხშირად დაახამხამოთ ან ხელოვნური ცრემლები ჩაიწვეთოთ.
- თვალები ყოველ 20 წუთში ერთხელ დაასვენოთ.
6. რეგულარულად ეწვიეთ ოფთალმოლოგს
თვალების რეგულარულად შემოწმება ყველა ადამიანს სჭირდება, იქნება ეს ხანდაზმული თუ ბავშვი. ოფთალმოლოგთან ხშირი ვიზიტი თვალის დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობაში დაგეხმარებათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
სპეციალისტი სხვადასხვა ტიპის ტესტს ჩაგიტარებთ და დაადგენს, ახლომხედველი ხართ თუ შორსმხედველი, აღგენიშნებათ თუ არა ასტიგმატიზმი (რქოვანას გამრუდება), პრესბიოპია (ასაკთან დაკავშირებული მხედველობის ცვლილებები), თვალის წნევა. ასევე, გაიგებს, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ორივე თვალი ერთად, ხომ არ გაქვთ გლაუკომა, ანუ ოპტიკური ნერვის დაზიანება და სხვა.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები