უჩვეულო საჰაერო ფენომენის შესასწავლად NASA ხალხის დახმარებას ითხოვს — რა შეგვიძლია
NASA-მ უჩვეულო საჰაერო ფენომენის შესწავლის მიზნით მოსახლეობისგან ფოტოსურათების შეგროვება დაიწყო. საქმე, კერძოდ, ცაში გაჩენილ ნათებებს ეხება, რომლებსაც სპრაიტებს უწოდებენ.
სააგენტომ ახლახან თავისი უახლესი წამოწყების, "სამოქალაქო სამეცნიერო პროექტის", შესახებ გამოაცხადა. კონტექსტიდან გამომდინარე, NASA მას Spritacular-ს უწოდებს. პროექტის მიმდინარეობისას ამ და სხვა ე.წ. გარდამავალი მნათი მოვლენების (TLE-ები) ამსახველ ფოტოსურათებს შეაგროვებენ. ცნობილია, რომ ასეთი ფენომენები ჭექა-ქუხილის სიახლოვეს იჩენს თავს და უცნაურ ნათებას წარმოქმნის.
"ხალხი ამ ნათებათა გასაოცარ სურათებს იღებს, თუმცა ისინი ინტერნეტში შიგადაშიგ ზიარდება და მათ შესახებ სამეცნიერო საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცის", — განაცხადა დოქტორმა ბურკუ კოსარმა, NASA-ს კოსმოსური ფიზიკის სპეციალისტმა და ახალი პროექტის მთავარმა მკვლევარმა — "პროექტი ამ სიცარიელეს შეავსებს და სპრაიტებისა თუ სხვა TLE-ების პირველ სახალხო მონაცემთა ბაზას შექმნის, რომელიც სამეცნიერო კვლევისათვის მარტივად იქნება ხელმისაწვდომი".
როგორც NASA-ში აღნიშნავენ, ზემოხსენებული ფენომენი აღწერილი ანდა თანამედროვე ფოტოებში აღბეჭდილი 1989 წლამდე არ ყოფილა — ესეც მაშინ მოხდა, როდესაც მინესოტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა იგი შემთხვევით დააფიქსირეს ცუდ განათებაში გადასაღები აღჭურვილობის გამოცდისას, სანამ რაკეტას გაუშვებდნენ.
მკვლევრებმა ნათებას სპრაიტი, იგივე "ოინების მოყვარული სული", ევროპული ფოლკლორის მითური არსებების მიხედვით შეარქვეს. მას შემდეგ სახელდების ამგვარი ჩვეულება გაგრძელდა, სხვა მეცნიერებმა კი სხვადასხვა TLE-ებს "ელფები", "გნომები" თუ "მოჩვენებები" უწოდეს.
მართალია, ზემოხსენებული ფენომენები უკვე დოკუმენტირებულია, თუმცა მეცნიერებს მათი წარმომავლობის დადგენა მაინც უჭირთ, შედეგად კი მოქალაქე-მეცნიერებსა და ფოტოგრაფებს მიმართეს დახმარებისთვის.
თუ ფიქრობთ, რომ ცაში სპრაიტი ანდა სხვა გარდამავალი მნათი მოვლენა შენიშნეთ და ამის ამსახველი ფოტოსურათიც მოგეპოვებათ, შეგიძლიათ, Spritacular-ის ცალკეულ ვებსაიტზე საკუთარი ანგარიში შექმნათ და ისინი იქ ატვირთოთ. დაგჭირდებათ კადრების აღბეჭდვის დროისა და ადგილმდებარეობის მითითება.
"Spritacular-ის უფრო ფართო მიზანია, TLE-ების დამკვირვებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის ორმხრივ გაცვლა-გამოცვლას შეუწყოს ხელი და მსოფლიოს მოქალაქე-მეცნიერებს ამ ბუნდოვანი მოვლენების კვლევაში ჩართვისაკენ უბიძგოს", — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
კომენტარები