ვარსკვლავების უძველესი რუკა შესაძლოა ამ ხელნაწერის ქვეშ იყოს — ახალი კვლევა
მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ, სავარაუდოდ, ვარსკვლავების უძველესი რუკა აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. აღ. 190-120 წლებში მცხოვრები ბერძენი ასტრონომის, გეოგრაფისა და მათემატიკოსის, ჰიპარქეს მიერაა შექმნილი.
მეცნიერებმა ღამის ცაზე განლაგებული მნათობების ამ კატალოგის ნაწილის შემცველ პალიმფსესტს, ანუ ხელახლა გამოყენებულ ეტრატს, სინის ნახევარკუნძულზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერში მიაკვლიეს, ახლა კი ის ვაშინგტონში არსებულ ბიბლიის მუზეუმში ინახება.
ხელნაწერის გამოკვლევისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის სხვა ტექსტის ზემოდან იყო დატანილი. ეს მეთოდი ადრე გავრცელებული იყო, რადგან ეტრატები საკმაოდ ძვირი ღირდა. ერთ-ერთმა სტუდენტმა პირვანდელი ჩანაწერის გარჩევა შეძლო, რომელიც ძველი ბერძენი მეცნიერის, ერატოსთენეს ნაშრომშიც ფიგურირებს.
პალიმფსესტი ავტორებმა ადრეული მანუსკრიპტების ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გაგზავნეს, სადაც ის სხვადასხვა ტექნოლოგიით დაასკანერეს და წაშლილი ტექსტის უდიდესი ნაწილი აღადგინეს. მასში ზოგიერთი თანავარსკვლავედისა და ცალკეული მნათობების მდებარეობის შესახებ იყო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ჰიპარქეს ასტრონომიის მამადაც მოიხსენიებენ. მას ტრიგონომეტრიის შექმნა და დედამიწის ბრუნვის ღერძის ცვალებადობის აღმოჩენა მიეწერება. ის ქალაქ ნიკეაში დაიბადა და სიცოცხლე კუნძულ როდოსზე დაასრულა.
ჰიპარქე პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მზისა და მთვარის მოძრაობის ზუსტი მოდელები შეიმუშავა, რისთვისაც ბაბილონელების, მეტონ ათინელის, ტიმოჰარისის, არისტილის, არისტარქე სამოსარისა და ერატოსთენეს დაკვირვებები გამოიყენა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal for the History of Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები