როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ისტორია, რათა შევცვალოთ მომავალი
ისტორიკოსი და მსოფლიო ბესტსელერების – საპიენსის, ჰომო დეუსისა და 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის – ავტორი იუვალ ნოახ ჰარარი სტატიაში ბავშვებისათვის ისტორიისა და აწმყოს მტკივნეული მოვლენების ახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბავშვებს ისტორიისგან ვერ დავიფარავთ. პუტინის ომის გამო უკრაინაში მილიონობით ოჯახმა სახლ-კარი დაკარგა. დელიში ტემპერატურა, რეკორდულად, 50 გრადუს ცელსიუსამდე, გაიზარდა და ბავშვები ზაფხულში შინ გამოიკეტნენ, სწავლისა და თამაშის საშუალება წაერთვათ. სურსათის გლობალური ფასები მკვეთრად მიიწევს მაღლა და მთელ მსოფლიოში ბავშვები მშივრები რჩებიან. ასე რომ, მომავალ თაობას გარდაუვალად გაუჩნდება სერიოზული კითხვები: რატომ ხდება ომები? რა ადგილი გვიჭირავს ბუნებაში? რა არის ფული და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?
ხშირად ბავშვები ამ კითხვებს უფრო სერიოზულად ეკიდებიან, ვიდრე მოზრდილები. მათ ისეთი რაღაცები აეჭვებთ, მოზრდილებს თავისთავად ცხადი რომ ჰგონიათ. ხანდახან მოზრდილები ვღიზიანდებით, როცა მიუხედავად ჩვენი პასუხისა, ბავშვი ისევ გვეკითხება: "რატომ?" თუმცა, ჩვეულებრივ, ამ დროს ბავშვი უბრალოდ ცდილობს, საკითხის არსს ჩასწვდეს ისე, როგორც მოზრდილები დიდი ხანია, აღარ ცდილობენ.
ბავშვებს ვერც ყალბი ისტორიული ნარატივის ზემოქმედებისგან დავიფარავთ. ადრეული ასაკიდანვე მათ ყველა მხრიდან უამრავ მითსა და დეზინფორმაციას აყრიან და დამახინჯებულად აცნობენ არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს, არამედ კაცობრიობის ისტორიის ძირითად სიუჟეტურ ხაზსაც – იმას, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და აქამდე როგორ მოვაღწიეთ.
მაგალითად, ჩემს სამშობლოში, ისრაელში, სეკულარული სკოლების მოსწავლეებიც კი, ჩვეულებრივ, ედემის ბაღის შესახებ უფრო ადრე იგებენ და ნოეს კიდობნის ფერად გამოსახულებებს უფრო ადრე ნახავენ, ვიდრე ნეანდერტალელებზე რამეს შეიტყობენ ან ლასკოს და სულავესის გამოქვაბულების მხატვრობას დაათვალიერებენ. ეს ძალიან მოქმედებს. შესაქმეში ნათქვამია: "აავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას" – ამ სიტყვებსა და სამრეწველო რევოლუციასა და თანამედროვეობის ეკოლოგიურ კრიზისს შორის პირდაპირი კავშირის პოვნა შესაძლებელია. ასევე შეიძლება პირდაპირი კავშირი გამოიკვეთოს პუტინის უკრაინაში შეჭრასა და ამის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო სასურსათო კრიზისსა და იმ ისტორიულ ნარატივებს შორის, რუსეთის სკოლებში ბავშვებს რომ ასწავლიან.
ბავშვები მითებს არ უნდა შევატოვოთ, რადგან დიდობაში ამ იდეების დავიწყება ძნელია, ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელი. აუცილებელია, რომ ბავშვებს სერიოზულ საკითხებზე ღიად და პასუხისმგებლობის გრძნობით ვესაუბროთ და ჩვენი მსჯელობა დოგმატურ რწმენაზე კი არ დავაფუძნოთ, არამედ მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებზე. ცოტა ხნის წინ, როცა ბავშვებისთვის მსოფლიო ისტორიის წიგნს ვწერდი, ამ რთულ ამოცანასთან შეჭიდება მეც მომიწია.
ამ პროექტზე მუშაობისას ერთი რამ ვისწავლე: სერიოზული საკითხების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე განხილვა დელიკატური საქმეა. ზოგიერთი თემა სახალისოა, მაგალითად, ქვის ხანის მონადირე-შემგროვებლების ყოველდღიურობის აღწერა – მაშინ ადამიანები ველურ ბუნებაში ცხოვრობდნენ, ბავშვები კი მთელი დღე ხეებზე ცოცვას, ცხოველების კვალში ჩადგომასა და ცეცხლის დანთებას სწავლობდნენ. თუმცა სხვა თემები უფრო რთულია. მაგალითად, რა მოხდა, როცა საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთს შეხვდნენ? როგორი იქნებოდა იმ ბავშვის ცხოვრება, რომელსაც საპიენსი დედა და ნეანდერტალელი მამა ჰყავდა? ამაზე მსჯელობისას აუცილებლად წამოიჭრება ისეთი თემები, როგორებიცაა რასიზმი, ომი, გენოციდი და გადაშენება.
ისტორიის ბნელ მხარეზე საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ამის გაკეთება ისე, რომ ბავშვები არ დავზაფროთ? ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, სანამ მსმენელი არ წამოიზრდება და საშინელებებთან გასამკლავებლად მზად არ იქნება, საშინელებების დაუფარავად აღწერისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამის ნაცვლად, როცა უსამართლობებსა და უბედურებებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოქმედების დიდ მნიშვნელობაზე: რაოდენ ცუდი ვითარებაც უნდა იყოს, ადამიანებს მდგომარეობის გამოსწორება შეუძლიათ. სასურველს რეალობად სულაც არ წარმოვაჩენ, ეს ისტორიის ჭეშმარიტი არსია. ბოლოს და ბოლოს, ისტორია მხოლოდ წარსულის კვლევა ან უბრალოდ ომების, უბედურებებისა და ათასობით წლის წინ გარდაცვლილი მეფეების ჩამონათვალი არ არის. ისტორია იკვლევს, როგორ იცვლება რაღაცები.
თუ გვგონია, რომ მსოფლიო ყოველთვის ასეთი იყო და ადამიანები ყოველთვის მხოლოდ ისე იცხოვრებენ, როგორც ახლა ვცხოვრობთ, მაშინ ბუნებრივია, ვიფიქრებთ, რომ არაფერი შეიცვლება და ჩვენი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. თუნდაც ცხოვრება უსამართლო იყოს, რას ვიზამთ? ცხოვრება ასეა მოწყობილიო, საკუთარ თავს ვაჯერებთ. თუმცა ისტორიის შესწავლისას ვიგებთ, რომ ადამიანები ყოველთვის ჩვენსავით არ ცხოვრობდნენ და მსოფლიო მუდმივად იცვლება. მსოფლიო ასეთად ადამიანებმა აქციეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მისი შეცვლაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ წინათაც ბევრჯერ გაუკეთებიათ.
სწორედ ამიტომაა ისტორია ასეთი მნიშვნელოვანი. ის მსოფლიოს შეცვლის საშუალებას იძლევა. ბევრი ქვეყნის მთავრობა ისტორიას ამის გამო უფრთხის. ხელისუფალნი ხალხს მათემატიკის ან ფიზიკის სწავლას არასდროს უშლიან. თუმცა ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებს – განსაკუთრებით ახალგაზრდებს – მთელი ისტორიის თუ არა, მისი გარკვეული მონაკვეთების შესწავლა მაინც ეკრძალებათ. ათასი წლის წინ გარდაცვლილი მეფეების დროიდან მოყოლებული ასეა, მათი სუსხიანი ხელები საფლავებიდან გვწვდება, ჩვენს გონებას იპყრობს და ცვლილებებს აფერხებს.
ბოლოს და ბოლოს, სწორედ იმ დიდი ხნის მკვდარმა მეფეებმა გამოიგონეს და გაავრცელეს უამრავი სხვადასხვა მითი ღმერთებზე, ერებზე, ფულსა და სიყვარულზე, რომლებისაც დღესაც ძალიან ბევრს სჯერა და რომლებსაც ისევ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. იმისათვის, რომ ამ ნარატივებისგან გარკვეულწილად მაინც გავთავისუფლდეთ და განსხვავებულად ვიმოქმედოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, საერთოდ როგორ შეიქმნა და გავრცელდა ისინი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სინამდვილეში საქმე მითებთან გვაქვს. ბავშვების მიერ დასმული კითხვა "რატომ?" მძლავრი ძალაა, რომელსაც შეუძლია ეს ძველისძველი მითები ძირფესვიანად შეარყიოს.
თუმცა ბავშვები არა მხოლოდ არ უნდა დავზაფროთ, არამედ საკუთარი ვალდებულებებითაც არ უნდა დავამძიმოთ. მოზრდილებს რატომღაც შეცდომით ჰგონიათ, რომ ჩვენს საქმეებს ბავშვებმა უნდა მოჰკიდონ ხელი და პრობლემები, რომლებსაც თავად ვერაფერს ვუხერხებთ, მათ უნდა გადაჭრან. როცა ბავშვებს სერიოზულ საკითხებზე ვესაუბრებით, ზოგჯერ მაინც უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ამას რატომ ვაკეთებთ.
ყოველი ჩვენგანი მძიმე ტვირთს ეზიდება. ახალგაზრდებს ისტორიას ხანდახან იმიტომ ვასწავლით, რომ ტვირთი ნაწილობრივ მაინც შევიმსუბუქოთ და მომავალ თაობას გადავაბაროთ. რატომღაც გვინდა, რომ იგივე რწმენები, მოგონებები, იდენტობები და კონფლიქტები, ჩვენ რომ მთელი ცხოვრება გვამძიმებდა, მათაც ტვირთად დააწვეს. "აი, შვილო, ეს ყველაფერი აქამდე მოვიტანე, ახლა შენი ჯერია, ჩამენაცვლო!"
ეს უსამართლობაა. ბევრად უმჯობესი იქნება, თუ ბავშვებს ისტორიას იმისთვის ვასწავლით, რომ შიშებისგან, ილუზიებისა და სიძულვილისგან ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდნენ. "ამ ყველაფრის ზიდვამ მთელი სიცოცხლე გამიმწარა, შვილო. გაფრთხილდი! შენ მაინც ნუ დაიმძიმებ ამ ტვირთით თავს!"
იმედია, ისტორია ადამიანთა გათავისუფლების და არა მათი შებოჭვის საშუალება გახდება და მისი მეშვეობით ძველ კონფლიქტებს კი არ გავახანგრძლივებთ, არამედ ახალ შეთანხმებებს მივაღწევთ. ბოლოს და ბოლოს, ისტორიის შესწავლის აზრი ხომ წარსულის გახსენება კი არა, მისგან გათავისუფლებაა.
© იუვალ ნოახ ჰარარი 2022
იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ილუსტრირებული წიგნი შეუჩერებლები: როგორ დაიპყრეს ადამიანებმა მსოფლიო ქართულ ენაზე 2022 წლის ნოემბერში გამოიცემა. მასში ავტორი ადამიანის განვითარების არაჩვეულებრივ ისტორიას ბავშვებისთვის გასაგები ენით მოგვითხრობს.
კომენტარები