დედამიწის ატმოსფეროს თავზე უცნაური ლურჯი ლაქები დააფიქსირეს — რას ნიშნავს ეს
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ასტრონავტმა ფოტოსურათი გადაიღო, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში სინათლის ორ უჩვეულო ლურჯ ლაქას ასახავს. მართალია, სანახაობა ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია, თუმცა, როგორც ირკვევა, თითოეული ნათება ერთდროულად მომხდარმა ორმა სხვადასხვა ბუნებრივმა ფენომენმა გამოიწვია.
კადრი Expedition 66-ის ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო, როდესაც ISS-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვას ჩაუარა. ფოტოსურათი NASA-ს დედამიწის ობსერვატორიამ გამოაქვეყნა 9 ოქტომბერს.
სინათლის პირველი ლაქა, რომელიც სურათის ქვედა ნაწილში მოჩანს, მასიური ელვაა ტაილანდის ყურის ტერიტორიაზე. როგორც წესი, ISS-იდან მეხის დანახვა ღრუბლების გამო მარტივი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში ელვა ღრუბლების ყველაზე მაღალ წერტილში არსებული წრიული ნაპრალის გვერდით გაჩნდა. შედეგად მან გარშემორტყმული ღრუბლოვანი კედლები გაანათა და ერთგვარი მანათობელი რგოლი წარმოქმნა.
სინათლის მეორე ლაქა, რომელსაც სურათის ზედა მარჯვენა ნაწილში ვხედავთ, მთვარისაგან მომავალი სინათლის დეფორმაციის შედეგია. ISS-თან მიმართებაში ბუნებრივი თანამგზავრის ორიენტაციიდან გამომდინარე, სინათლე, რომელსაც იგი მზისგან აირეკლავს, პირდაპირ პლანეტის ატმოსფეროში გაივლის, რაც შემდგომში მას კაშკაშა ლურჯ მანათობელ ლაქად გარდაქმნის. ეფექტს ის იწვევს, რომ მთვარის ნათების ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში პატარა ნაწილაკებს მიმოაბნევს.
ხილული სინათლის სხვადასხვა ფერს სხვადასხვა ტალღის სიგრძე აქვს, ამიტომაც ატმოსფერულ ნაწილაკებთან მათი ურთიერთქმედებაც განსხვავებულია. ლურჯ ნათებას ყველაზე მოკლე ტალღის სიგრძე აქვს, შესაბამისად, იგი ყველაზე მეტად მიმოიფანტება, რის გამოც ფოტოსურათში მთვარე ლურჯად ჩანს.
იგივე ეფექტი ხსნის იმასაც, თუ რატომ ვხედავთ დღისით ცას ლურჯად: NASA-ს მიხედვით, მზის სინათლის ლურჯი ტალღის სიგრძეები ყველაზე მეტად იფანტება და ადამიანის თვალისთვისაც ყველაზე ხილვადი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ტაილანდიდან მომავალი ხელოვნური განათების ქსელიც მოჩანს. სინათლის დაბინძურების სხვა მნიშვნელოვანი წყაროები სურათზე ვიეტნამიდან და ხაინანის კუნძულიდან (ყველაზე სამხრეთით მდებარე რეგიონი ჩინეთში) მოდის, თუმცა მათ უმეტესად ღრუბლები ფარავს.
დედამიწის ობსერვატორიაზე დაყრდნობით, მანათობელი ნარინჯისფერი რკალი, რომელიც დედამიწას ერტყმის გარს, ატმოსფეროს კიდეა, რომელსაც "დედამიწის ლიმბის" (Earth's limb) სახელითაც ვიცნობთ.
კომენტარები