ბაქოში თინეიჯერი აქტივისტის გაუპატიურებისათვის კაცს ხუთი წელი მიუსაჯეს
ბაქოს სისხლის სამართლის სასამართლომ 30 წლის აშგარ აღაზადეს ბიძაშვილის, აქტივისტი სანაი იაღმურის გაუპატიურებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული ინციდენტის დროს 17 წლის იყო. განაჩენის გამოცხადებამდე სანაის ოჯახი ორი წლის განმავლობაში იბრძოდა, რათა ხელისუფლებას შემთხვევაზე რეაგირება მოეხდინა.
სანაის დედა, მწერალი ზუმრუდ იაღმური გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეს მინიმალური სასჯელი გამოუტანეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი საკმარისი არაა, საბოლოოდ, სანაის გამარჯვება იმ გოგოებსა და ქალებს გაამხნევებს, რომლებიც იტანჯებიან და აზერბაიჯანში ხმის ამოღებას ვერ ახერხებენ", — განუცხადა მან OC Media-ს.
აზერბაიჯანის კანონმდებლობით, არასრულწლოვანის გაუპატიურება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურორები სასჯელის სახით 7 წელს ითხოვდნენ.
სანაის ადვოკატმა ზიბეიდა სადიგოვამ ასევე აღნიშნა, რომ აქტივისტი სამართალწარმოების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
"პროცესის დროს... ბრალდებულმა არაერთხელ მოგვაყენა ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა. ჩვენ ეს საკითხი შესაბამისი არხებით წამოვჭერით, მაგრამ სასამართლოს ზომა არ მიუღია", — თქვა მან OC Media-სთან.
იაღმურმა პოლიციას პირველად 2020 წლის აგვისტოში, გაუპატიურებიდან სამი დღის შემდეგ მიმართა, თუმცა, პროკურატურას დამნაშავისათვის ბრალის წასაყენებლად ერთ წელზე დიდი დრო დასჭირდა. პროცესი მას შემდეგ დაიძრა, რაც 2021 წლის ოქტომბერში იაღმურის პოსტი, რომელშიც გაუპატიურება და ხელისუფლების უმოქმედობა იყო აღწერილი, ფართოდ გავრცელდა.
პოსტის შემდეგ აქტივისტის დედას აცნობეს, რომ მათ საქმეს გენერალური პროკურორი განიხილავდა.
სანაის დედამ OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება განზრახ აჭიანურებდა პროცესს და სასამართლო არაერთხელ გადაიდო უაზრო მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში "ცხადი მტკიცებულებები" არსებობდა.
"ყველა ეს ნაბიჯი კრიმინალის, აშგარ აღაევის დასაცავად გადაიდგა".
"მე მწერალი ვარ, სანაი კი ფემინისტი აქტივისტია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ [აღაზადეს] ჩვენზე შურისძიების აქტის სახით მინიმალური სასჯელი შეუფარდა"
აღაზადე პროცესზე აცხადებდა, რომ უდანაშაულოა, ხოლო იაღმურის ბრალდებები უსაფუძვლო იყო და ცილისწამებას ემსახურებოდა. ბრალდებულის დედა, სურეია აღაევა ასევე აცხადებდა, რომ მისი შვილის მიმართ არსებული კრიმინალური მტკიცებულებები გაყალბებული იყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა
კომენტარები