მზის სისტემაში კოლოსალურმა გამა გამოსხივებამ გაიარა — რეკორდული სიმძლავრის რადიაციული აფეთქება
9 ოქტომბერს ასტრონომებმა განსაკუთრებულად კაშკაშა და ხანგრძლივი რადიაციული აფეთქება დააფიქსირეს, რომლის შედეგად გამოყოფილმა გამა გამოსხივებამაც მზის სისტემაში გაიარა.
რენტგენული და გამა გამოსხივება სხვადასხვა ტელესკოპისა და კოსმოსური ზონდის მეშვეობით გამოვლინდა. სპეციალისტებმა ამ მაღალენერგიულ მოვლენას GRB 221009A უწოდეს, რომელიც რიგით მე-10 ფერმის სიმპოზიუმის დასაწყისს დაემთხვა. ის გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრში გაიმართა.
"გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შეხვედრა მართლაც აფეთქებით დაიწყო. ყველა ამაზე ლაპარაკობს", — აცხადებს NASA-ში მომუშავე ჯუდი რაკუსინი.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სიგნალის წყარო ისრის თანავარსკვლავედშია განლაგებული და ჩვენგან 1.9 მილიარდი სინათლის წელი აშორებს. რადიაციის ნაკადი მასიური მნათობის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილ შავ ხვრელს უნდა გამოეთავისუფლებინა.
აღსანიშნავია, რომ ამ აფეთქებამ NASA-ს ტელესკოპ NICER-სა და იაპონურ დეტექტორ MAXI-ის ერთობლივი დაკვირვების საშუალება მისცა. ეს მოწყობილობები პროექტ OHMAN-ის ფარგლებში აპრილში დააკავშირეს. NICER-მა ზემოხსენებული მოვლენის შესახებ მონაცემების მოპოვება მაშინვე დაიწყო, როგორც კი წყარო ტელესკოპებისთვის ხილული გახდა.
ახალი ინფორმაცია შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვარსკვლავის კოლაფსი, შავი ხვრელის დაბადება, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი მატერიის მახასიათებლები, შორეულ გალაქტიკაში არსებული პირობები და სხვა საკითხები უკეთ შევისწავლოთ. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ უკანასკნელი აფეთქება შედარებით ახლოს მოხდა, ვიდრე სხვა შემთხვევებში.
კომენტარები