10 ბუნებრივი საშუალება, რომელიც თმის ცვენასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
თმის ცვენა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაეწყოს, ის ქალებშიც გვხვდება და კაცებშიც. თუ ამ პრობლემას ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, გეცოდინებათ, როგორ დისკომფორტთანაა დაკავშირებული მთელ სახლში მიმოფანტული თმის ღერები, რომ არაფერი ვთქვათ შეთხელებულ ძირებზე.
თმის ცვენის საწინააღმდეგო მრავალი შამპუნი, ლოსიონი და მედიკამენტი არსებობს, თუმცა მასთან საბრძოლველად ბუნებრივი საშუალებებიც საკმაოდ ეფექტიანია. ამ სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.
1. რკინა
რკინა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ელემენტია, რომელიც სხეულს სისხლის წარმოქმნაში ეხმარება, მისი დაბალი კონცენტრაცია კი თმის ცვენასთანაა დაკავშირებული. მიზეზი უცნობია, მაგრამ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება ამ ეფექტის განეიტრალებაში დაგეხმარებათ. ასეთი საკვებია ბროკოლი, თევზი, ხორცი (მათ შორის ფრინველის), ტოფუ, მწვანილეული და სხვა.
2. ბიოტინი
ექიმები ზოგჯერ პაციენტებს თმის ცვენასთან საბრძოლველად ბიოტინს უნიშნავენ, რომელიც იგივე ვიტამინი B7 გახლავთ. ის კანზეც დადებით გავლენას ახდენს. მისი მიღება სხვადასხვა საკვებიდანაც შეგიძლიათ, როგორიცაა კვერცხი, სოკო და ხორბლის ღვია, რომლებიც ბიოტინით განსაკუთრებულად მდიდარია.
3. თუთია
თუთია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის სკალპზე არსებულ თმის ფოლიკულებსაც ამაგრებს. ადამიანის სხეული ამ ელემენტს არ ინახავს, ამიტომ მისი შემცველი პროდუქტები ყოველდღიურად უნდა მიიღოთ, როგორიცაა ხამანწკები, წითელი ხორცი და ფრინველის ხორცი, თხილეული, მთლიანი მარცვლეული, რძის ნაწარმი და ა.შ.
4. სილიციუმი
სილიციუმი საკმაოდ გავრცელებული ელემენტია, რომელიც თმის ცვენის პროცესს ეწინააღმდეგება. ის სხვადასხვა სახით იყიდება, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი ორთოსილიციუმის მჟავაა, რადგან ის სხეულში ყველაზე კარგად შეიწოვება.
5. ეთერზეთები
სანდალოზის, ლავანდას, როზმარინისა და ბეგქონდარას ზეთები თმის ცვენის სამკურნალოდ 100 წელზე მეტია, რაც გამოიყენება. მათში შემავალი ნაერთები თმის ზრდას უწყობს ხელს, შესაბამისად, გირჩევთ, თავის კანზე ერთ-ერთი მათგანი მაინც შეიზილოთ ხოლმე 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი პირსაწმენდით შეიხვიოთ.
6. მელატონინი
ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ მელატონინი ე.წ. ძილის ჰორმონია, რომელსაც ადამიანები ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ. მისი შემცველი კრემები, ასევე, თმის ზრდას უწყობს ხელს და ცვენის პროცესს ანელებს. დამატებით, მელატონინი ქერტლსაც ამცირებს.
7. სელენი
თმის ცვენისთვის განკუთვნილი ზოგიერთი საშუალება ქიმიურ ელემენტ სელენს შეიცავს. ის ორგანიზმს იმ ტოქსინებთან ბრძოლაში ეხმარება, რომლებთანაც შემხებლობა გვაქვს (სიგარეტის კვამლის ან დაბინძურებული ჰაერის გამო). ასევე, თმის ფოლიკულების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ თაგვები და ვირთხები, რომლებსაც სელენის დაბალი დონე აქვთ, სიმელოტისკენ არიან მიდრეკილნი. ადამიანებში ასეთი მიზეზ-შედეგობრიობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ვიცით, რომ მისი ზედმეტი კონცენტრაცია პირიქით, თმის ცვენას იწვევს, ამიტომ დოზებთან ფრთხილად უნდა იყოთ.
8. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ცხელი სასმელია, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მასზე მრავალმხრივი დადებითი გავლენა აქვს. მათ შორისაა თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტიც, რასაც მასში არსებული ნაერთი ეპიგალოკატექინა გალატი განაპირობებს.
9. გოგრის თესლის ზეთი
გოგრის თესლის ზეთის დღიური დოზების მიღება თმის ხელახლა გაზრდაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ კაცებს, რომლებიც მის 4 კაფსულას 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ, თმის ღერების რაოდენობა 40%-ით გაეზარდათ. ეს იმიტომ, რომ გოგრის თესლის ზეთი ტესტოსტერონს ხელს უშლის, ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონად გარდაიქმნას, რომელიც თმის ცვენასთანაა დაკავშირებული.
10. ხახვის წვენი
ხახვში შემავალი გოგირდი თმის ხელახლა ამოსვლას უწყობს ხელს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა ჩატარებული, თუმცა ერთ-ერთი მცირემასშტაბიანი ცდის ფარგლებში წერტილოვანი სიმელოტის მქონე ადამიანებზე ხახვის წვენი გამოცადეს. ისინი მას სკალპზე დღეში ორჯერ ისვამდნენ. 2 კვირის შემდეგ, მათ 74%-ს ზოგ ადგილას თმა გაეზარდა. თუ თქვენც გადაწყვეტთ ცდას, გირჩევთ, სუნის გასანეიტრალებლად სითხეს რაიმე დაუმატოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისა თუ პროდუქტების გამოყენებამდე, აუცილებელია, ექიმს გაესაუბროთ და უსაფრთხო დღიური დოზები განსაზღვროთ. ასევე, სპეციალისტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, ხართ თუ არა რომელიმე მათგანის მიმართ ალერგიული, რათა ჯანმრთელობისთვის საშიში უკუჩვენებები აიცილოთ თავიდან.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები