ძველ ეგვიპტურ ტაძარში უცნობი რიტუალების შესახებ წარწერა აღმოაჩინეს — რასთან გვაქვს საქმე
არქეოლოგებმა ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოში, ბერძნულ-რომაულ პორტ ბერენიკეში, გათხრების დროს აღმოაჩინეს სალოცავი, რომელიც ადრე უცნობ ანტიკურ რიტუალებს შეიცავს. აღმოჩენა გააკეთეს Sikait Project-ის არქეოლოგებმა პროფესორ ჯოან ოლერ გუზმანის ხელმძღვანელობით.
კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა American Journal of Archaeology-ში, აღწერს Sikait Project-ის მიერ გვიანი რომაული პერიოდის რელიგიური კომპლექსის გათხრებს.
რელიგიური კომპლექსი, რომელსაც მკვლევრებმა "შევარდენის სალოცავი" უწოდეს, თარიღდება გვიანი რომაული პერიოდით (ახ.წ. IV-VI საუკუნეები). ამ პერიოდის განმავლობაში, ქალაქი ნაწილობრივ დაიპყრეს ბლემიებმა, რაზეც მიუთითებს სტელაზე წარწერების აღმოჩენა პატარა ტრადიციულ ეგვიპტურ ტაძარში, რომელიც ბლემიებმა თავიანთი რწმენის სისტემასთან მოიყვანეს შესაბამისობაში მე-4 ს-ის შემდეგ.
ბლემიები იყვნენ აღმოსავლეთ უდაბნოს მომთაბარე ხალხი, რომლებიც წერილობით წყაროებში გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-8 და მე-7 საუკუნეებში. ბერძნული ტერმინი პირველად გვხვდება თეოკრიტეს პოემაში და ერატოსთენესთან ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ბლემიები, ერატოსთენეს მიხედვით, მეგაბაროებთან ერთად ცხოვრობდნენ ნილოსსა და წითელ ზღვას შორის არსებულ მიწაზე, მეროს ჩრდილოეთით. მათ დაიკავეს ქვემო ნუბია და დააარსეს სამეფო მე-4 საუკუნის ბოლოს. ფილეში ისისის ტაძრის წარწერებიდან საკმაოდ ბევრია ცნობილი ბლემიების სახელმწიფოს სტრუქტურის შესახებ.
სალოცავში ყველაზე ღირსშესანიშნავ აღმოჩენას წარმოადგენს დაახლოებით 15 შევარდენი, რომელთა უმეტესობა თავის გარეშე იყო. შევარდენების სამარხი უკვე იპოვეს ნილოსის ველზე, მაგრამ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტაძარში დამარხული შევარდენები კვერცხებთან ერთად. გუნდის აზრით, ეს აღმოჩენა აქამდე უცნობ ანტიკურ რიტუალზე მიანიშნებს. რადგან სხვა რაიონებში აღმოჩენილი მუმიფიცირებული უთავო შევარდენები, ბერენიკეში აღმოჩენილებისგან განსხვავებით, ყოველთვის მხოლოდ ინდივიდები იყო და არა ჯგუფი. სალოცავში იყო წარწერაც: "აქ თავის მოხარშვა არასწორია", რაც განიმარტება, როგორც შეტყობინება, რომელიც უკრძალავს სალოცავში შესულ ადამიანებს ტაძარში მყოფი ცხოველების თავების მოხარშვას.
"არქეოლოგიური კონტექსტიდან გამომდინარე, სტელა თითქმის უეჭველად აფიქსირებს ბრძანებას, რომელიც დაკავშირებულია შევარდენის კულტთან. ტექსტი კრძალავს ფრინველის თავის მოხარშვას იმ ტერიტორიაზე, სადაც სტელა იყო განთავსებული", — აღნიშნულია კვლევაში.
ყველა ეს ელემენტი მიუთითებს ინტენსიურ რიტუალურ აქტივობებზე, რომლებიც ეგვიპტურ და ბლემიურ ტრადიციებს აერთიანებს და, სავარაუდოდ, უკავშირდება ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი ხონსუს თაყვანისცემას.
კომენტარები