როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მენოპაუზა დაგეწყოთ? — სიმპტომები
მენოპაუზა ქალებში ასაკის მატების თანმდევი ბიოლოგიური ცვლილებების პერიოდია, როცა მენსტრუალური ციკლი გადაბმულად 12 თვის განმავლობაში აღარ მიმდინარეობს. ეს სრულიად ნორმალური პროცესია, რა დროსაც ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დონე იკლებს, ხოლო საკვერცხეებში კვერცხუჯრედები აღარ წარმოიქმნება. რაც ნიშნავს, რომ დაფეხმძიმება უკვე შეუძლებელია.
ქალებს მენოპაუზა სხვადასხვა ასაკში ეწყებათ, ძირითადად, 45-დან 55 წლამდე. ზოგჯერ, ამას საკვერცხეების ან საშვილოსნოს ამოჭრა, ასევე, სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა აჩქარებს. სიმპტომები შესაძლოა, მენოპაუზის დადგომამდე თვეებით ან წლებით ადრე გამოვლინდეს, ან, სულაც, უსიმპტომოდ ჩაიაროს.
წინამდებარე სტატიაში იმ ნიშნებზე გესაუბრებით, რომლებიც მიგახვედრებთ, რომ თქვენი სხეული მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს განიცდის.
მენოპაუზის სიმპტომები
მენოპაუზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არარეგულარული მენსტრუაციაა. ამ დროს შესაძლოა, ციკლი ადრინდელთან შედარებით გახშირდეს, გაიშვიათდეს, გახანგრძლივდეს ან პირიქით — ჩვეულებრივზე ცოტა ხანს გასტანოს.
მსგავს სიტუაციაში ციკლი იმდენად ქაოსური ხდება, რომ ძნელია განსაზღვროთ, როდის დადგება მომდევნო მენსტრუალური პერიოდი, რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენად ინტენსიური იქნება სისხლდენა და ა.შ. ასეთ გარდამავალ ფაზაში დაორსულება ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. არარეგულარულ მენსტრუაციას სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაც იწვევს. სხვა შემთხვევაში, როცა ეს მიზეზები გამორიცხულია, ნებისმიერი დარღვევის შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია.
აღსანიშნავია ვაზომოტორული სიმპტომებიც, როგორებიცაა ე.წ. ალები და ღამით ოფლიანობა. პირველი მათგანი მოულოდნელად, უმიზეზოდ შეხურებას გულისხმობს, რასაც კანის გაწითლება და გულისცემის გახშირება, შემდეგ კი შემცივნება შეიძლება ახლდეს თან.
როცა ეს ღამით, ძილში ხდება, ოფლის გამოყოფასა და გამოღვიძებას განაპირობებს. ამგვარი ალების ხანგრძლივობა 1-დან 5 წუთამდეა, მისი სიმძლავრე კი ინდივიდუალურია. ზოგჯერ ეს ნიშნები ქალებს მენოპაუზის შემდგომ, წლების მერეც უვლინდებათ, თუმცა თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ისინი ციკლის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული, ექიმს გაესაუბრეთ, რათა რაიმე დაავადების რისკი გამორიცხოთ.
ასევე, საყურადღებო სიმპტომებია:
- ძილის დარღვევა — ჩაძინების გაძნელება, ღამით გაღვიძება და, ზოგადად, უხარიხო, არასრულფასოვანი ძილი.
- უხასიათობა — ჰორმონალური ცვლილებები გუნება-განწყობაზე პირდაპირ აისახება, ამიტომ მენოპაუზის დროს უხასიათობა ხშირია.
- გულმავიწყობა — ეს სიმპტომი შუა ხნის ქალებშიც და კაცებშიც გვხვდება. მას მეხსიერების მცირედი ჩავარდნები ახასიათებს, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტული სიტყვის ვერ გახსენება.
- ლიბიდოს ცვლილება — ზოგ ქალს მენოპაუზის პარალელურად ლიბიდო უქვეითდება, ზოგს კი პირიქით, სექსუალური მოთხოვნილება უმძაფრდება.
- ფიზიკური ცვლილებები — კანის სიმშრალე, თმის გათხელება, წონის მატება, ცხიმის დაგროვება მუცლისა და წელის არეში, მოძრაობის გაძნელება და ა.შ.
დაიმახსოვრეთ, რომ მენოპაუზის დროს ფიზიკური აქტიურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან თუ რომელიმე ზედმეტ დისკომფორტს გიქმნით და მძაფრ ფორმებში გივლინდებათ, ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან მათი მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ აღმოჩნდეს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები